აშშ 2 ოქტომბრის არჩევნებს მკაცრი განცხადებით ეხმიანება
2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების შესახებ დღეს გამოქვეყნებულ მკაცრ განცხადებაში, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ განაცხადა, რომ იზიარებს ეუთო/ოდირის პირველად შეფასებას, რომ „არჩევნები ტექნიკურ დონეზე კარგად იყო ადმინისტრირებული, მაგრამ [საარჩევნო] გარემო დააზიანა ფართოდ გავრცელებულმა და განმეორებითმა საჩივრებმა დაშინების, ხმების მოსყიდვის, კანდიდატებსა და ამომრჩევლებზე ზეწოლის, მოქალაქე დამკვირვებლების პარტიის წარმომადგენლებად არასათანადო გამოყენებისა და არათანაბარი სამოქმედო პირობების შესახებ, მათ შორის, წინასაარჩევნო პერიოდშიც“.
საელჩო იზიარებს ოდირის წუხილს ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა „პოლარიზებული მედიაგარემო, რესურსების მნიშვნელოვანი დისბალანსი, კამპანიის ფინანსებზე არასაკმარისი ზედამხედველობა, ქალთა ნაკლები წარმომადგენლობა კამპანიაში, ცნობები ადმინისტრაციული რესურსების არასათანადოდ გამოყენებისა და ჟურნალისტებზე ზეწოლის შესახებ“. საელჩოს თქმით, მართალია, „ამომრჩევლებს ჰქონდათ შესაძლებლობა ძირითადად მშვიდ გარემოში მიეცათ ხმა 2 ოქტომბერს, [თუმცა] საარჩევნო პროცესი უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ არჩევნების დღე“.
აშშ-ის საელჩომ განაცხადა, რომ „სახელმწიფოსა და პარტიულ რესურსებს შორის წაშლილი ზღვარი ღრმად შემაშფოთებელია“. „ადმინისტრაციული რესურსების არასათანადოდ გამოყენების შესახებ მნიშვნელოვანმა ცნობებმა გააჩინა ეჭვები არჩევნების ზოგადი სამართლიანობის შესახებ“, – აღნიშნულია განცხადებაში.
„მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ბევრ ქალაქსა და სოფელში მასწავლებლების, სამართალდამცველებისა და საჯარო სექტორის თანამშრომლების მიმართ ზეწოლამ, ხელი შეუშალა მათ თავისუფალი არჩევანის გამოხატვაში“, – ნათქვამია განცხადებაში, რომლის თანახმადაც „ასეთი ტიპის დარღვევებს ხშირად ჰქონია ადგილი საქართველოს არჩევნებში, რაც სრულად შეუთავსებელია საქართველოს ევრო-ატლანტიკურ იდეალებთან“.
„არსებობს საფრთხე, რომ ეს და სხვა განმეორებული საარჩევნო დარღვევები გარდაუვალი [მოცემულობა] გახდეს. ამომრჩევლები საქართველოში იმსახურებენ საარჩევნო პროცესის სამართლიანობის უფრო მაღალ სტანდარტს“, – განაცხადა საელჩომ.
ამასთან, განცხადებაში საელჩომ მოიწონა ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების, კერძოდ „სამართლიანი არჩევნების”, „საიას”, „მრავალეროვანი საქართველოსა”, და „საერთაშორისო გამჭვირვალობის” საქმიანობა. საელჩოს თქმით, ამ ორგანიზაციებმა შეძლეს „საზოგადოებისთვის საფუძვლიანი და დაბალანსებული შეფასებებისა და სანდო ინფორმაციის მიწოდება კამპანიის პერიოდში და არჩევნების დღეს“.
საელჩომ შეშფოთება გამოხატა იმ ცნობებზე, რომელთა თანახმადაც, „ამ პატივსაცემ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს ექმნებოდათ დაბრკოლებები არჩევნების დაკვირვების პროცესში“.
განცხადებაში საელჩო წუხილს გამოთქვამს იმ ქმედებებზე, რომელთაც „შეიძლება გამოიწვიოს უკვე დაძაბული პოლიტიკური სიტუაციის უფრო მეტად პოლარიზება და დესტაბილიზაცია“. „ასეთი ქმედებები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ზოგიერთი პარტიის ერთგულებას პრინციპისადმი, რომ პოლიტიკური ლეგიტიმაციის მოპოვება ან დაკარგვა საარჩევნო ყუთთან უნდა ხდებოდეს“, – ნათქვამია განცხადებაში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)