პრეზიდენტი ზელენსკი სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნების შესახებ საუბრობს
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პირობა დადო, რომ საქართველოს ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეა და თბილისში პატიმრობაში იმყოფება, კიევში დაბრუნების საკითხში ჩაერთვება.
„როგორც უკრაინის პრეზიდენტი, მე მუდმივად ვერთვები უკრაინის მოქალაქეების დაბრუნებაში, იმ სხვადასხვა შესაძლებლობების გამოყენებით, რომელიც ხელთ მაქვს. სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. ამიტომ, ეს მასაც ეხება“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა 3 ოქტომბერს.
მისივე თქმით, პროცესში უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო და საქართველოში მოქმედი დიპლომატიური მისიები, საქართველოს ელჩი უკრაინაში, ასევე ორივე ქვეყნის პრემიერ-მინისტრები არიან ჩართულნი.
აღნიშნა რა, რომ მან არ იცოდა სააკაშვილის გადაწყვეტილების შესახებ, პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ მისი დაბრუნება საქართველოში არასწორი იყო, რადგანაც უკრაინაში სახელმწიფო თანამდებობა უკავია. „თუმცა, ყველა დეტალი და რისკი უნდა გავარკვიოთ“, – დასძინა მან.
თბილისის განცხადებები
საქართველოს ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ სააკაშვილის დაკავება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებზე არ იმოქმედებს. პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 3 ოქტომბერს თქვა, რომ სააკაშვილი უკრაინასა და საქართველოს შორის არსებულ ძალიან პოზიტიურ ურთიერთობებს ვერ გააფუჭებს.
პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა საკუთარ როლს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დათბობაში მას შემდეგ, რაც სააკაშვილი კიევში თანამდებობაზე დაინიშნა. მისი თქმით, თბილისსა და კიევში რამდენიმე ორმხრივი შეხვედრის შემდეგ, ორ ქვეყანას შორის ძალიან კარგი, მეგობრული ურთიერთობები ჩამოყალიბდა, მათ შორის, პრეზიდენტ ზელენსკისა და მის ადმინისტრაციასთან.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა სააკაშვილის კიევში ექსტრადირება გამორიცხა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ექს-პრეზიდენტს სასჯელი მისი უფლებამოსილების დროს ჩადენილი კანონდარღვევების გამო შეეფარდა. „უკრაინის ხელისუფლების უფლება და მოვალეობაა, რომ იზრუნოს საკუთარი ქვეყნის მოქალაქეზე“, – დასძინა ზალკალიანმა.
მისივე თქმით, უკრაინულმა და ქართულმა მხარეებმა სააკაშვილის დაკავების შესახებ ინფორმაცია გაცვალეს, რა დროსაც, საქართველოს საელჩომ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სააკაშვილის ბრალეულობის, ასევე მისი დაკავების გარემოებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინაში საქართველოს ელჩი „დამატებით ინფორმაციას, თუკი ასეთი ინფორმაცია აინტერესებთ, ჩვენს უკრაინელ პარტნიორებს, აუცილებლად მიაწვდის“.
ასევე წაიკითხეთ:
- პრემიერი მიხეილ სააკაშვილზე: „წესიერად მოიქცეს, თორემ დავუმატებს კიდევ სხვა მუხლებს“
- პრემიერი: მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია
- ზურაბიშვილის თქმით, სააკაშვილს „არასდროს“ შეიწყალებს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)