თურქეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრები თბილისს სტუმრობენ
თურქეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრები – ჰულუსი აქარი და ზაქირ ჰასანოვი 4 ოქტომბერს თბილისში ჩამოვიდნენ და მთავრობის კანცელარიაში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძეს შეხვდნენ.
თურქეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრები თბილისში სამმხრივ მინისტერიალში მიიღებენ მონაწილეობას.
თურქეთის თავდაცვის მინისტრი თავის ქართველ კოლეგას და პრემიერს შეხვდა
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობასა და რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევებზე ისაუბრეს. ყურადღება გაამახვილეს სტრატეგიულ პარტნიორობასა და მჭიდრო ორმხრივ ურთიერთობებზე.
ამავე ინფორმაციით, ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა, რომ ის მიესალმება კონფლიქტების მხოლოდ საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპებისა და ნორმების დაცვით, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში გადაწყვეტას.
თავის მხრივ, თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს სამხედრო წვრთნისა და თავდაცვის მრეწველობაში ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას.
აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრი თავის ქართველ კოლეგას და პრემიერს შეხვდა
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა სამხედრო და სამხედრო-ტექნიკურ სფეროებში თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილეს ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობაზე, რეგიონის უსაფრთხოებისა და ერთობლივი პროექტების წარმატებით განხორციელების მნიშვნელობაზე.
ამავე ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქართული მხარე მიესალმება კონფლიქტების მშვიდობიანად გადაჭრას და მზად არის, მომავალშიც შეუწყოს ხელი დიალოგს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)