გიორგი გახარიას პარტია მეორე ტურებში მხარს არცერთ პარტიას დაუჭერს

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, რომელმაც 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პირველ ტურში დედაქალაქის მერობისთვის ბრძოლაში მესამე ადგილი დაიკავა, თქვა, რომ საკუთარ ამომრჩეველს ვერც ქართული ოცნების და ვერც ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. საქართველოს მასშტაბით, პროპორციულ ნაწილში მესამე ადგილი დაიკავა მისმა პარტიამაც – საქართველოსთვის.

„ჩვენმა ამომრჩეველმა უარი უთხრა ორ რადიკალურ ძალას, რომლებიც ერთმანეთთან ბრძოლის ილუზიას ქმნიან და ქვეყანას აბრუნებენ წარსულში“, – განაცხადა გიორგი გახარიამ 4 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე, რომელსაც ქართული ოცნება და ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ჰყავდა მხედველობაში.

„შესაბამისად, ჩვენ მათ ვერ და არ ვეტყვით და არ მივაყენებთ შეურაცხყოფას – ვუთხრათ რომელიმე მათგანს დაუჭირონ მხარი“, – დასძინა ყოფილმა პრემიერმა და ხაზი გაუსვა, რომ პარტია საქართველოს მეორე ტურში მხარს მის კანდიდატებს დაუჭერს, მათ შორის, ბესარიონ ბენდელიანს, რომელიც ცაგერის მუნიციპალიტეტის მერობისთვის ბრძოლაში ქართული ოცნების კანდიდატს, გიორგი ნემსაძეს დაუპირისპირდება.


გიორგი გახარიამ ამის შესახებ მას შემდეგ ისაუბრა, რაც ცნობილი გახდა, რომ 15 მუნიციპალიტეტსა და 5 თვითმმართველ ქალაქში – თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავსა და ფოთში – მეორე ტურები იქნება.

გიორგი გახარიამ ახალი პარტია ქართული ოცნებიდან წასვლის შემდეგ, მიმდინარე წლის თებერვალში შექმნა. 2 ოქტომბრის არჩევნებში მისმა პარტიამ დედაქალაქში პროპორციულ ნაწილში ხმათა 8.86%, საქართველოს მასშტაბით კი – 7.79% მიიღო. პარტია საქართველოსთვის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველი ქალაქების საკრებულოებში უმეტესწილად მესამე ადგილზეა წარმოდგენილი.

გახარიას პარტიის შედეგების გათვალისწინებით, ქართულ ოცნებასა და ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ქალაქ ბათუმისა და რუსთავის, ასევე სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოებში უმრავლესობის შესაკრავად სწორედ მისი დახმარება დასჭირდებათ.


თვითმმართველობის არჩევნებში საკუთარი პარტიის შედეგებზე ხაზგასმით, გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ „პირველად შეიქმნა კონკრეტული ბერკეტი, რომლითაც შეგვიძლია ვებრძოლოთ და დავამარცხოთ აშკარად ერთპიროვნული მმართველობისკენ მიდრეკილი პარტიების მმართველობა“.

ყოფილმა პრემიერმა 2 ოქტომბრის არჩევნები „არასამართლიანად“ შეაფასა და მის მხარდამჭერებსა და პარტიის წევრებზე „ორგანიზებულად მიმდინარე ზეწოლაზე“, „დაშინებასა და დევნაზე“, ასევე არჩევნების დღეს გამოვლენილ დარღვევებსა და „მოქალაქეების თავისუფალი ნების შეზღუდვაზე“ გაამახვილა ყურადღება.

აღნიშნა რა, რომ 2 ოქტომბრის არჩევნები „ქართული დემოკრატიისთვის უკან გადადგმული ნაბიჯი“ იყო, ყოფილმა პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ „არჩევნების დღეს სისტემური ხასიათი ჰქონდა ამომრჩევლის მოსყიდვას, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევასა [და] კარუსელებს“.

ყოფილი პრემიერი საქართველოში ექს-პრეზიდნტის, მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის საკითხსაც შეეხო და თქვა, რომ ეს იყო „პოლიტიკური მასკარადი“, რომელიც ქართულმა ოცნებამ და ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ საქართველოს მოქალაქეებს მოუწყვეს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)