გახარია „ქართულ ოცნებასა“ და ენმ-ს საკრებულოებზე სამმხრივ მოლაპარაკებას სთავაზობს
ყოფილმა პრემიერმინისტრმა და პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ დღეს „ქართულ ოცნებასა“ და ერთიან ნაციონალურ მოძრაობას „ღია სამმხრივი მოლაპარაკებების“ გამართვა შესთავაზა, რამაც „დაბალანსებული საკრებულოების“ ჩამოყალიბებას უნდა შეუწოს ხელი.
პარტიამ „საქართველოსთვის“ 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში პროპორციული ხმების 7.79% მიიღო და „ქართული ოცნებისა“ და ნაციონალური მოძრაობის შემდეგ მესამე ადგილზე გავიდა. ორივე პარტიას ბათუმის, რუსთავისა და სენაკის საკრებულოებში უმრავლესობის შესაქმნელად გახარიას პარტიის მხარდაჭერა დასჭირდება.
დღევანდელ ბრიფინგზე გახარიამ აღნიშნა, რომ „საქართველოს მსხვილ ქალაქებში და ბევრგან“ მის პარტიას შეუძლია „გადამწყვეტი“ როლი ითამაშოს, როგორც საკრებულოს დაკომპლექტებაში, ასევე საკრებულოს თავმჯდომარის არჩევაში, თუმცა იქვე დასძინა, რომ არ აპირებს „კოალიციის შექმნას არც „ოცნებისთვის“ და არც ნაციონალური მოძრაობისთვის“.
„ჩვენი მთავარი მიზანია, რომ მივცეთ ორ ძალას შესაძლებლობა მოილაპარაკონ“, – განაცხადა გახარიამ და დასძინა, რომ მისი პარტია „უპირობოდ“ დაეთანხმება ამ ფორმატში მათ მიერ შეთანხმებულ ნებისმიერ კანდიდატს. სავარაუდოდ, ყოფილი პრემიერი კანდიდატებში საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატებს გულისხმობდა.
გიორგი გახარიამ ასევე აღნიშნა, რომ როგორც „ქართული ოცნება“, ისე ნაციონალური მოძრაობა მის პარტიას ფარულ მოლაპარაკებებს სთავაზობს. „მეორე მხრიდან, „ოცნება“ ცდილობს საკრებულოს ჩვენს წევრებზე სხვადასხვა ბინძური მეთოდებით მათი გადაბირების შედეგი დააყენოს“, – დასძინა მან.
გახარიას თქმით, თუკი მმართველი პარტია და ნაციონალური მოძრაობა უარს იტყვიან მოლაპარაკებებში მონაწილეობაზე, ან შეთანხმებას ვერ მიაღწევენ, პარტია „საქართველოსთვის“ იმოქმედებს „იმავე ჩვენთვის ფუნდამენტური პრინციპით – ძალთა ბალანსის, რომ არ დავუშვათ არც ერთ მუნიციპალურ დონეზე ძალაუფლების კონცენტრაცია – ერთპარტიული საკრებულოების ფუნქციონირება“.
ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის პასუხი
ქართული ოცნების დეპუტატმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომ მმართველი გუნდი გამორიცხავს „პოლიტიკურ დიალოგს და შეთანხმებას როგორც ღალატთან ასოცირებულ პოლიტიკურ ჯგუფებთან და კონკრეტულ პირებთან, ასევე ძალადობასთან ასოცირებულ ნაციონალურ მოძრაობასთან“.
მანვე აღნიშნა, რომ ქართული ოცნება მეორე ტურებში „მოიპოვებს დამაჯერებელ და ღირსეულ გამარჯვებას“ და ყველგან ის შესაბამისი პოლიტიკური რესურსი და ძალა ექნება, რომ „მაქსიმალურად“ შეძლოს საზოგადოებისთვის საჭირო გადაწყვეტილებების მიღება.
„ღია დიალოგზე მზადა ვართ“, – განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა გიორგი ბარამიამ. მისივე თქმით, პარტიის თავმჯომარემ, ნიკა მელიამ ისედაც თქვა, რომ ადგილობრივ დონეზე ენმ-ს სურს, შექმნას მრავალპარტიული მმართველობის მოდელი.
„ჩვენ ოცნებასთან, სალაპარაკო არაფერი გვაქვს“, – განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კიდევ ერთმა წევრმა, პეტრე ცისკარიშვილმა. „ჩვენ ვესაუბრებით იმ ადამიანებს, რომლებიც წარმოადგენენ ოპოზიციას, ოღონდ უნდა გვითხრან და თვითონ უნდა ჩამოყალიბდნენ“, – დასძინა მანვე.
- ირაკლი კობახიძე დარწმუნებულია, რომ მეორე ტურებში მმართველი გუნდი გაიმარჯვებს
- გიორგი გახარიას პარტია მეორე ტურებში მხარს არცერთ პარტიას დაუჭერს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)