ნაციონალურმა მოძრაობამ ზუგდიდში გარანტირებული უმრავლესობა დაკარგა
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა, ანა წითლიძემ 7 ოქტომბერს, გვიან ღამით განაცხადა, რომ პარტიამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში გარანტირებული უმრავლესობა დაკარგა, რამდენადაც გადათვლის შემდეგ, ერთ-ერთ მაჟორიტარულ ოლქში გამარჯვება ქართული ოცნებას დარჩა.
მისი თქმით, ზუგდიდის მე-11 მაჟორიტარული ოლქის, 6-დან 4 უბნის ხელახლა გადათვლის შემდეგ, ქართული ოცნების კანდიდატს, სოსო ფიფიას, რომელიც პირველ ტურში ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს, მანუჩარ ფიფიას ორი ხმით ჩამორჩებოდა, 12 ხმა დაემატა და გამარჯვებაც მას ერგო.
ეს იმას ნიშნავს, რომ ამ დროისთვის, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 22 წევრი ჰყავს, ქართულ ოცნებას 19, გიორგი გახარიას პარტიას – საქართველოსთვის კი – 3. 1 მაჟორიტარული ოლქის ბედი მეორე ტურში უნდა გადაწყდეს, სადაც ერთმანეთს ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის კანდიდატები დაუპირისპირდებიან. ზუგდიდის 45-წევრიან საკრებულოში უმრავლესობის შესაკვრელად 23-ია საკმარისი.
დეტალების დასაზუსტებლად „სამოქალაქო საქართველო“ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას დაუკავშირდა, მასალა პასუხის შესაბამისად განახლდება.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი ერთადერთი იყო, სადაც ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების პირველი ტურის შემდეგ, საკრებულოში უმრავლესობის შეკრება დამოუკიდებლად შეძლო.
ერთიანი ნაციონალურ მოძრაობის პასუხი
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, რომელიც დღეს ოპოზიციის სხვა ლიდერებთან ერთად ზუგდიდში ჩავიდა, დღეს ადგილზე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, გუშინ, ღამით ქართულმა ოცნებამ ზუგდიდში „წარმოუდგენელი რამ ჩაიდინეს“. მისი თქმით, „საარჩევნო ზონდერებმა“ ხმის დათვლის პროცესი „ქურდულად, ხელოვნურად“ დაძრეს და „პირველ ტურში გამარჯვებული დეპუტატი გამოაცხადეს პირველ ტურში დამარცხებულ დეპუტატად“.
„ჩვენ ვიწყებთ უკომპრომისო ბრძოლას, [რომელიც] იქნება მანამ სანამ ქართული ოცნება არ აღიარებს და მთელი საერთაშორისო საზოგადოება არ გაიგებს, რა ჩაიდინეს“, – განაცხადა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ. მანვე ხაზი გაუსვა, რომ ეს „ღირსების საკითხია“ და ზუგდიდელებს ხვალ საპროტესტო აქციაზე შეკრებისკენ მოუწოდა.
ზუგდიდის საარჩევნო კომისიასთან ვითარება დაძაბული იყო ხმის დათვლის პროცესისა და მას შემდეგაც. ტელეკომპანია „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებული კადრებიდან ჩანს, რომ 8 ოქტომბერს, კომისიის შენობაში პოლიცია იყო მობილიზებული და ოპოზიციური პარტიების ლიდერებს მათ შორის, ნაციონალური მოძრაობის დეპუტატ ანა წითლიძესა და დროას დამფუძნებელს, ელენე ხოშტარიას საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის სამუშაო კაბინეტში შესვლის შესაძლებლობას არ აძლევდნენ.
ქართული ოცნების პასუხი
ქართული ოცნების საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა, გიორგი პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ზუგდიდის #11 მაჟორიტარული ოლქში ბათილი ბიულეტენების გადათვლის შემდეგ, აღმოჩნდა, რომ საბოლოოდ ქართული ოცნების კანდიდატს 1 193 ხმა აქვს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს 1 183, ხოლო პარტია საქართველოსთვის კანდიდატს კი – 507.
მანვე ერთიანი ნაციონალური მოძრაობა საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობაში ჩარევასა და ზეწოლაში დაადანაშაულა და სამართალდამცველ ორგანოებს ამგვარ ფაქტებზე „მკაცრი“ რეაგირებისკენ მოუწოდა.
პაპუაშვილმა ასევე მოუწოდა ეუთო/ოდირის დამკვირვებლებსა და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციებს მოუწოდა „იქონიონ ნაციონალურ მოძრაობასთან“, რათა მათ შეწყვიტონ საარჩევნო პროცესის ჩაშლის მცდელობები“.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის პასუხი
დღესვე, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ „საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის მცდელობები გრძელდება“. „ამ წუთებშიც ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს არ აძლევენ შესაძლებლობას მედიას გააცნოს ზუსტი და დეტალური ინფორმაცია საარჩევნო პროცესის შესახებ“, – თქვა ცესკოს პრესსპიკერმა.
„მიუხედავად იმისა, რომ მთლიანად საარჩევნო პროცესი, კენჭისყრის დღე, ხმების დათვლა, გადათვლები, საჩივრების განხილვა უპრეცედენტოდ გამჭვირვალე გარემოში წარიმართა, კონკრეტული პირები კვლავ მიზანმიმართულად ცდილობენ პროცესის დაზიანებას“, – დასძინა მანვე.
შენიშვნა: მასალა ქართული ოცნების, ენმ-ისა და ცეკოს კომენტარების შესაბამისად განახლდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)