PACE-ის წევრები საქართველოს ლგბტ+ პირთა უფლებების დაცვისკენ მოუწოდებენ

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 26 წევრმა წერილობითი დეკლარაცია გამოაქვეყნა, სადაც მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, რომ მიიღონ ზომები ლგბტ+ პირთა ძალადობისა და დისკრიმინაციისგან დასაცავად.

აღნიშნეს რა, რომ ულტრამემარჯვენე დემონსტრანტები 5 ივლისის ჰომოფობიური დარბევის დროს ვერ შეაკავეს, დოკუმენტის ხელმომწერებმა განაცხადეს, რომ ხელისუფლების რეაგირება მაშინ განვითარებულ მოვლენებზე აჩვენებს, რომ სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო ადამიანის უფლებების დაცვა, რაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის დარღვევაა.

დეკლარაციაში, რომლის ავტორიც ქრისტოფ ლაკრუაა, ნათქვამია, რომ „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებს 5 ივლისის ღონისძიების „გაუქმება მოუწიათ“ მას შემდეგ, რაც ულტრამემარჯვენე დემონსტრანტები მათ ოფისებში შეიჭრნენ და ჟურნალისტებს თავს დაესხნენ.

ხელმომწერებმა საქართველოს ხელისუფლებას საკუთარი „მოვალეობა და პასუხისმგებლობა“ შეახსენეს, რომ „დაიცვას ყველა მოქალაქის კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები, ასევე ადამიანის უფლებები“ და მოუწოდეს „პასუხისგებაში მისცეს ყველა ის პირი, ვინც ძალადობას მიმართავს იმ პირთა მიმართ, რომლებიც მშვიდობიანად იყენებენ საკუთარ უფლებებს“.

დოკუმენტი, რომელიც 1 ოქტომბერს გამოქვეყნდა, აღნიშნავს, რომ სულ უფრო იმატა საუბრებმა, რომელთა მიზანიც ლგბტ+ იდენტობების დელეგიტიმაციაა. დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ „ორგანიზებული სიძულვილის ჯგუფები და ულტრა-მემარჯვენე მოძრაობები შეურაცხმყოფელ ენას იარაღად იყენებენ“, რათა ლგბტ+ ადამიანების წინააღმდეგ „მტრული გარემო შექმნან“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)