ბათუმში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, ქვეყანაში 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდა

მას შემდეგ, რაც 8 ოქტომბერს, ბათუმში, შვიდსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევას მსხვერპლი მოჰყვა, 11 ოქტომბერი საქართველოში ეროვნული გლოვის დღედ გამოცხადდა.

ბოლო ინფორმაციით, კორპუსის ჩამონგრევას 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის, ორი ბავშვი და მათი დედა. ეს უკანასკნელი ინციდენტიდან, დაახლოებით, რვა საათში ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს, თუმცა იგი საადმყოფოში ამ დილით გარდაიცვალა.

გავრცელებული ინფორმაციით, კიდევ ერთი ადამიანი, 36 წლის მამაკაცი, რომელიც ნანგრევებიდან 11 საათის შემდეგ ამოიყვანეს, მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში რჩება.

მაშველები ნანგრევების ქვეშ მოყოლილთა გადასარჩენად 24 საათზე მეტხანს მუშაობდნენ. მომხდარის ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები უკვე დასრულებულია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ფაქტზე სამი პირი დააკავა, მათ შორის, პირველ სართულზე მდებარე ბინის მესაკუთრე და ბინის სარემონტო სამუშაოებისთვის დაქირავებული ორი პირი. შსს-ს ცნობით, ბინის მესაკუთრის მითითებით და უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევით საცხოვრებელ ბინაში სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები განხორციელდა, რამაც საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზოს ჩამონგრევა გამოიწვია.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 187-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს და 2-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ეროვნული გლოვის დღის გამოცხადებისას, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს დილით ყველა დამნაშავის კანონის სრული სიმკაცრით დასჯის პირობა დადო.

გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარი ასევე გამოუცხადეს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა და პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)