სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისს სტუმრობს
სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი, ივან კორჩოკი, რომელიც 17-18 ოქტომბერს თბილისს სტუმრობს, დღეს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს და პარლამენტის თავმჯდომარეს, კახა კუჭავას შეხვდა.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ღარიბაშვილმა და კორჩოკმა სექტორული თანამშრომლობის, ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებისა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებაზე ისაუბრეს.
ამავე ინფორმაციით, საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საკითხს და საქართველოს მზადებას 2024 წელს ევროკავშირში სრულფასოვანი წევრობის შესახებ ოფიციალური განაცხადის გასაკეთებლად. „ხაზი გაესვა ევროკავშირსა და ასოცირებულ ტრიოს [თბილისი, კიევი, კიშინიოვი] შორის გაძლიერებული ჩართულობისა და ინტეგრაციისა და ამ პროცესში სლოვაკეთის აქტიური მხარდაჭერის მნიშვნელობას“, – ნათქვამია მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციაში.
„სლოვაკეთსა და საქართველოს მჭიდრო და ძლიერი ურთიერთობები აქვთ, რომლებიც საერთო ევროპულ ღირებულებებს ეფუძნება“, – დაწერა პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა შეხვედრის შემდეგ Twitter-ზე და დასძინა, რომ „საერთო ძალისხმევით, ჩვენი თანამშრომლობის სრულ პოტენციალს გამოვიყენებთ“.
სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, შეხვედრაზე მან ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირის გაწევრიანების თაობაზე საქართველოს მიზნების მისაღწევად პოლიტიკური სტაბილურობა და რეფორმები უმნიშვნელოვანესია. „ასევე განვიხილეთ სამეზობლოს ახალი ინიციატივები სამხრეთ კავკასიისთვის“, – დაწერა მან Twitter-ზე.
18 ოქტომბერს გამართულ შეხვედრაზე, ივან კორჩოკმა და მისმა ქართველმა კოლეგამ, დავით ზალკალიანმა ყურადღება გაამახვილეს აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალ სამიტზე, იტყობინება საქართველოსა საგარეო საქმეთა სამინისტრო. დიპლომატებმა ასევე ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების, ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული მძიმე მდგომარეობის, ასევე საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებული თვითნებური დაკავებებისა და უკანონო „ბორდერიზაციის“ შესახებ.
It was a pleasure to host my🇸🇰 colleague @IvanKorcok &his business delegation. Discussed series of issues, inc positive dynamics of🇬🇪🇸🇰 relations, W focus on enhancing economic bonds. Informed him on grave situation in t/occupied terrs of🇬🇪. Grateful to Slovakia for their support pic.twitter.com/pvwFsnN2Eq
— David Zalkaliani (@DZalkaliani) October 18, 2021
ხაზი გაუსვა რა, რომ დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა „გადამწყვეტია“, სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ მან საქართველოს ოფიციალურ პირებს რეფორმების გაგრძელებისკენ მოუწოდა. კორჩოკმა ასევე აღნიშნა, რომ თავის ქართველ კოლეგასთან შეხვედრაზე მათ ორმხრივი ურთიერთობების, რეგიონული სიტუაციისა და გლობალური გამოწვევების შესახებ ისაუბრეს.
რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარეს კახა კუჭავასთან შეხვედრას, კორჩოკმა აღნიშნა, რომ მათ რეფორმების განხორციელებასა და დემოკრატიის გაძლიერების შესახებ ისაუბრეს. მისივე თქმით, ისინი ორმხრივი საპარლამენტო ურთიერთობების გაფართოების საჭიროებაზე შეთანხმდნენ.
სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ეკონომიკის მინისტრთან, ნათია თურნავასთან ერთად სლოვაკეთი-საქართველოს ბიზნესფორუმს მასპინძლობს. მისი ვიზიტი დღეს მოგვიანებით დასრულდება.
გაგრძელება იქნება…
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)