უცხოელმა პოლიტიკოსებმა ევროკავშირის ლიდერებს სააკაშვილის საკითხზე მიმართეს
26 ევროპარლამენტარმა, 27-მა ლიეტუველმა დეპუტატმა, კანონმდებლებმა პოლონეთიდან, ესტონეთიდან და ჩეხეთიდან, ასევე ლატვიის, უკრაინისა და შვედეთის ყოფილმა ლიდერებმა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხზე ევროპული საბჭოს, ევროკომისიისა და ევროპარლამენტის პრეზიდენტებს, შარლ მიშელს, ურსულა ფონ დერ ლაიენსა და დავიდ სასოლის მიმართეს.
„ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ წარდგენილი განაცხადის გათვალისწინებით და საქართველოს დემოკრატიის მიმდინარე პოლიტიკური კრიზისიდან გამოსაყვანად, სააკაშვილის პატიმრობა უნდა შეჩერდეს მანამ, სანამ მის მიმართ არ გაიმართება სამართლიანი სასამართლო პროცესი, მისთვის წაყენებულ ნებისმიერ ბრალდებასთან დაკავშირებით“, – ნათქვამია ერთობლივ წერილში.
აღნიშნეს რა, რომ საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის მიმართ საზოგადოების ნდობა არ არსებობს, მათ ხაზი გაუსვეს, რომ „საჭიროა საერთაშორისო დაკვირვების ზოგიერთი ელემენტის ამოქმედება, რაც დაძაბულობის განმუხტვას დაეხმარება“.
ხელმომწერებმა ასევე განაცხადეს, რომ 19 აპრილის შეთანხმებაში „ცალსახადაა“ ნათქვამი, რომ „პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულების ხანა უნდა საბოლოოდ დასრულდეს საქართველოში“. წერილის თანახმად, სააკაშვილის გათავისუფლებამ საქართველოში „სტაბილიზაციის განახლებულ შეთანხმებას“ უნდა გაუხსნას გზა.
„ყოველი დღე, როდესაც საქართველოს ხელისუფლება განაგრძობს თავისი პოლიტიკური ოპონენტებისა და წინამორბედების პოლიტიკურად მოტივირებულ დევნას და დაპატიმრებას არის კიდევ ერთი დღე, რომელიც საქართველოში უკიდურესი პოლიტიკური პოლარიზაციის ციკლს აუარესებს“, – ნათქვამია ერთობლივ წერილში.
წერილის თანახმად, ეს შეუძლებელს ხდის პოლიტიკური ძალების გაერთიანებას ეროვნული პრიორიტეტების ირგვლივ. უკიდურესი პოლარიზაცია „ანგრევს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, რაც საქართველოს საუკეთესო დაცვაა ეგზისტენციალური საფრთხეების წინააღმდეგ, რომლის წინაშეც ის კვლავ დგას“.
„ჩვენ ვიცით, საით მივყავართ ამგვარ მიდგომას. ახლა დუმილის დრო არ არის“, – განაცხადეს ხელმომწერებმა.
მათი თქმით, სააკაშვილის დაპატიმრება მხოლოდ პოლიტიკური კრიზისის გაღრმავებას ემსახურება, მრავალწლიანი „უკიდურესი პოლარიზაციის“ შემდეგ, რაც გამოიწვია თავისუფალი პრესის კონტროლის, ჟურნალისტების, ოპოზიციური პოლიტიკოსების, აქტივისტების და თავად უცხოელი დიპლომატების დაშინებისა და თვალთვალის, ასევე პოლიტიკური ოპოზიციისთვის სივრცისა და რესურსების შეზღუდვის მცდელობებმა.
წერილში ხაზგასმულია, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ ბრალდებები პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევა და „არასდროს ყოფილა აღიარებული საერთაშორისო დონეზე“. ხელმომწერები აცხადებენ, რომ იგი არავის დაუჭერია, როდესაც საზღვარგარეთ მუშაობასა და მოგზაურობას აგრძელებდა.
წერილს ასევე აწერს ხელს რამდენიმე ქართველი პოლიტიკოსი და ყოფილი ელჩი.
მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეა, ქვეყანა 2013 წელს, პრეზიდენტობის ვადის ამოწურვისა და მმართველობაში ქართული ოცნების გუნდის მოსვლიდან ერთი წლის თავზე დატოვა.
პრეზიდენტ სააკაშვილს ქართული მართლმსაჯულების მხრიდან ბრალი რამდენიმე საქმეზე აქვს წარდგენილი. 2018 წელს, სასამართლომ სააკაშვილი სანდრო გირგვლიანის გახმაურებულ საქმეზე მსჯავრდებულთა შეწყალებისა და ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებში დამნაშავედ ცნო. მას ჯამში 6 წელი აქვს მისჯილი.
ყოფილ პრეზიდენტს ბრალი ასევე წარუდგინეს საბიუჯეტო თანხების გაფლანგვისა და 2007 წლის ნოემბრის საპროტესტო აქციის დარბევისა და ტელეკომპანია იმედში შეჭრის საქმეებზე. სააკაშვილი ყველა ბრალს უარყოფს და მათ პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.
გენერალურმა პროკურატურამ 1 ოქტომბერს განაცხადა, რომ შსს სააკაშვილის წინააღმდეგ საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმესაც იძიებს, რაც სასჯელის მაქსიმალურ ზომად 5-წლიან პატიმრობას ითვალისწინებს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)