პრემიერი სააკაშვილზე განცხადების გამო ევროპარლამენტარებს აკრიტიკებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ „სამართლის აღსრულებას წინ ვერავინ აღუდგება, რამდენი ევროპარლამენტარიც არ უნდა გამოვიდეს“. მან ეს განცხადება იმ წერილის საპასუხოდ გააკეთა, რომელსაც, სხვებთან ერთად, რამდენიმე ევროპარლამენტარიც აწერს ხელს და სადაც ისინი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების აუცილებლობაზე საუბრობენ.
ერთობლივი წერილის ადრესატები ევროპული საბჭოს, ევროკომისიისა და ევროპარლამენტის პრეზიდენტები, შარლ მიშელი, ურსულა ფონ დერ ლაიენი და დავიდ სასოლი არიან და, ევროპარლამენტარებთან ერთად, მას ხელს აწერენ ლიეტუველი დეპუტატები, ასევე ლატვიის, უკრაინისა და შვედეთის ყოფილი ლიდერები.
„ჩვენთვის აბსოლუტურად არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ევროპარლამენტარი რას იტყვის, იმიტომ, რომ ჩვენთვის მთავარია, ჩვენი ხალხი რას იტყვის“, – განაცხადა ღარიბაშვილმა და აღნიშნა, რომ „სააკაშვილი წარსდგა მართლმსაჯულების წინაშე, მას ბევრი დანაშაული აქვს ჩადენილი, ეს არის დადგენილი პროკურატურის, გამოძიებისა და სასამართლოს ყველა ინსტანციის მიერ“.
„ჩვენ სრულად გამჭვირვალე პროცესი გვაქვს, ჩვენთან უზრუნველყოფილია კანონის უზენაესობა“, – დასძინა მან.
მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეა, ქვეყანა 2013 წელს, პრეზიდენტობის ვადის ამოწურვისა და მმართველობაში ქართული ოცნების გუნდის მოსვლიდან ერთი წლის თავზე დატოვა.
პრეზიდენტ სააკაშვილს ქართული მართლმსაჯულების მხრიდან ბრალი რამდენიმე საქმეზე აქვს წარდგენილი. 2018 წელს, სასამართლომ სააკაშვილი სანდრო გირგვლიანის გახმაურებულ საქმეზე მსჯავრდებულთა შეწყალებისა და ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებში დამნაშავედ ცნო. მას ჯამში 6 წელი აქვს მისჯილი.
ყოფილ პრეზიდენტს ბრალი ასევე წარუდგინეს საბიუჯეტო თანხების გაფლანგვისა და 2007 წლის ნოემბრის საპროტესტო აქციის დარბევისა და ტელეკომპანია იმედში შეჭრის საქმეებზე. სააკაშვილი ყველა ბრალს უარყოფს და მათ პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.
გენერალურმა პროკურატურამ 1 ოქტომბერს განაცხადა, რომ შსს სააკაშვილის წინააღმდეგ საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმესაც იძიებს, რაც სასჯელის მაქსიმალურ ზომად 5-წლიან პატიმრობას ითვალისწინებს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)