პრემიერი ოპოზიციის კანდიდატების გამარჯვების შემთხვევაში დაძაბულობის საფრთხეებზე საუბრობს
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც 30 ოქტომბრის მეორე ტურების წინ, ქართული ოცნების წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში რეგიონებს სტუმრობდა, მეორე ტურებში ოპოზიციის კანდიდატების გამარჯვების შემთხვევაში, დაძაბულობის შესაძლო საფრთხეებზე ისაუბრა. პრემიერის ამ განცხადებას ოპოზიციის კრიტიკა მოჰყვა.
თავდაპირველად, 22 ოქტომბერს, სენაკში სტუმრობისას, სადაც არჩევნების მეორე ტურში ქართული ოცნების მერობის კანდიდატი, ვახტანგ გადელია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს, კობა ნაყოფიას უპირისპირდება, პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ გამარჯვების შემთხვევაში, ოპოზიციის კანდიდატს გეგმების განხორციელების „პერსპექტივა არ აქვს“.
„რა პერსპექტივა აქვს და რა უნდა გააკეთოს კობა ნაყოფიამ, მითუმეტეს, ხელისუფლება ჩვენია, ცენტრალური მთავრობა ჩვენია. ჩვენ გარეშე ნაბიჯს ვერ გადადგამს“, – დასძინა მანვე.
- პრემიერი წინასაარჩევნოდ სამეგრელოს სტუმრობს და ოპოზიციას უტევს
- თვითმმართველი ქალაქების საკრებულოებში მანდატების სავარაუდო გადანაწილება
პრემიერის განცხადებას იმავე დღეს ბრიფინგით უპასუხა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა და ქუთაისის მერობის კანდიდატმა ხატია დეკანოიძემ და თქვა, რომ პრემიერი ღარიბაშვილის „კონტროლიდან არის გასული“.
„მას არ ესმის რას ნიშნავს სახელმწიფო, არჩევნები, დემოკრატია და ზოგადად, როგორია მოსახლეობის ინტერესი“, – განაცხადა დეკანოიძემ და დასძინა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი აშანტაჟებს, მოსახლეობას, რომ ოპოზიციონერი კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში, ცენტრალური ხელისუფლება „საბოტაჟს“ გამოუცხადებს.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრი პირდაპირ უარყოფს თვითმმართველობის პრინციპს, დემოკრატიის მთავარ პრინციპს“, – აღნიშნა მანვე.
პრემიერ-მინისტრის პასუხი
გასულ უქმეებზე, პრემიერმა თავის განცხადებებეში სიცხადის შეტანა სცადა, ოპოზიცია კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და „ორმაგ სტანდარტებში“ დაადანაშაულა.
23 ოქტომბერს, წყალტუბოში სტუმრობისას, პრემიერმა განაცხადა, რომ ოპოზიციამ „აბსურდული“ ე.წ. რეფერენდუმი თვითმმართველობის არჩევნებს მიაბა, რითაც „ხაზი გადაუსვა“ „მუნიციპალიტეტის არჩევნებს, ადგილობრივი თვითმმართველობის ცნებას თვითონ, კონსტიტუციას, კანონს, აბსოლუტურად ყველაფერს“.
პრემიერის მტკიცებით, მას მხედველობაში ის ჰქონდა, რომ გამარჯვების შემთხვევაში, ცენტრალურ ხელისუფლებას ძირს ოპოზიცია გამოუთხრის და არა პირიქით. „იქნება მუდმივი საბოტაჟი, ქაოსი, არეულობა, პანიკა და გადაბრალება ცენტრალურ მთავრობაზე“, – ხაზი გაუსვა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა მუნიციპალიტეტებისთვის დაფინანსების ზრდაზე, ასევე მასშტაბური პროექტების განხორციელების გეგმებზეც ისაუბრა. „წყალტუბოში გრანდიოზული პროექტები გვაქვს დაგეგმილი და კრიტიკულად მნიშვნელოვანია, წყალტუბოს მერი ასევე იყოს ცენტრალური მთავრობის წარმომადგენელი და უნდა იყოს სრულ კოორდინაციაში ცენტრალურ მთავრობასთან“.
მოგვიანებით, 24 ოქტომბერს, პრემიერმა ღარიბაშვილმა ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის კოორდინაციის პრობლემის მაგალითებად ოზურგეთი და თიანეთი დაასახელა, რომელთაც ოპოზიციონერი მერები ხელმძღვანელობენ.
„4 წელი იყო მუდმივი საბოტაჟი და არაფერი განსაკუთრებული არ ხდებოდა ამ მუნიციპალიტეტებში. რეალურად ხალხი დაიჩაგრა, ხალხამდე ვერ მივიდა ის სიკეთეები და გასაკეთებელი საქმეები, რომელიც შეგვეძლო გაგვეკეთებინა“, – განაცხადა მან.
2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ოზურგეთსა და თიანეთში დამოუკიდებელმა კანდიდატმა კონსტანტინე შარაშენიძემ და ქართული ოცნების ყოფილმა წევრმა, თამაზ მეჭიაურმა გაიმარჯვეს. ამ უკანასკნელმა მმართველი პარტიის დატოვების შემდეგ ახალი პარტია ერთიანი საქართველოსთვის დააფუძნა.
24 ოქტომბერს, თიანეთში ვიზიტისას, პრემიერმა დაარწმუნა საზოგადოება, რომ ყველა მუნიციპალიტეტს „განსაზღვრული დაფინანსება ექნება“, თუმცა დასძინა, რომ „დამატებითი ბერკეტები მთავრობის ხელშია“.
მანვე ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალურ ხელისუფლებას „ძალიან ბევრი“ პროექტის დაფინანსება აქვს გადაწყვეტილი, თუმცა აღნიშნა, რომ მეორე ტურში ოპოზიციონერი კანდიდატის გამარჯვება მმართველი გუნდისთვის „შემაფერხებელი ბარიერი“ და „ნაკლები მოტივაცია“ იქნება.
ასევე წაიკითხეთ:
- პრემიერი წინასაარჩევნოდ სამეგრელოს სტუმრობს და ოპოზიციას უტევს
- ევროპარლამენტარები სააკაშვილის პატიმრობის „პოლიტიკურ ხასიათზე“ საუბრობენ
- პრემიერი სააკაშვილზე განცხადების გამო ევროპარლამენტარებს აკრიტიკებს
- თვითმმართველი ქალაქების საკრებულოებში მანდატების სავარაუდო გადანაწილება
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)