ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 10%-ზე დატოვა
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 27 ოქტომბერს რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 10%-ზე დატოვა.
ეროვნული ბანკის განცხადებით, მკაცრი მონეტარული პოლიტიკა ნარჩუნდება, რამდენადაც ინფლაცია საქართველოსთვის კვლავ გამოწვევად რჩება. სებ-ის განმარტებით, სექტემბერში სამომხმარებლო ფასები 12.3%-ით გაიზარდა და ინფლაციის მაჩვენებელი 2022 წლის თებერვლამდე მაღალი იქნება.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მაღალი ინფლაციის ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი მსოფლიო ბაზარზე სურსათისა და ნავთობის ფასების მკვეთრი ზრდაა, რასაც საერთაშორისო ტრანსპორტირების ხარჯების მაღალი ტემპებით ზრდაც ემატება.
ეროვნულმა ბანკმა მხედველობაში ასევე მიიღო პანდემიის წინა ეტაპებზე დაგროვილი მოთხოვნის მიმდინარე პერიოდში რეალიზაცია და დაკრედიტების მაღალი ტემპი. „ძლიერი საკრედიტო აქტივობა მიმდინარე ეკონომიკური აქტივობისთვის დადებითი ბიძგია, თუმცა, ამავდროულად, ის ინფლაციის შემცირებას უშლის ხელს“, – განაცხადა სებ-მა.
ეროვნულმა ბანკმა დადებით ტენდენციებზეც გაამახვილა ყურადღება, მათ შორისაა იანვრ-სექტემბერში ექსპორტის 24%-იანი ზრდა, რაც 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 9%-ით აღემატება. ასევე, იანვარ-სექტემბერში 22%-ით გაზრდილი იმპორტიც, რაც 2019 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 3%-იანი ზრდაა.
ასევე წაიკითხეთ:
- საქსტატი: სექტემბერში წლიური ინფლაცია 12.3% იყო
- საქართველოს საგარეო ვაჭრობა იანვარ-სექტემბერში 22.3%-ით გაიზარდა
- აგვისტოში ქვეყნის ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)