უკრაინის ადამიანის უფლებათა კომისარმა სააკაშვილი ციხეში მოინახულა 

უკრაინის პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომისარი, ლუდმილა დენისოვა თბილისს სტუმრობს. იგი დღეს პატიმრობაში მყოფ საქართველოს ექსპრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილის შეხვდა.

ვიზიტი იმ ფონზე გაიმართა, როდესაც უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის საკითხი კვლავაც დაპირისპირების საგანია. შეხვედრამდე დენისოვამ განაცხადა, რომ იგი სააკაშვილის ჯანმრთელობის, მისი მკურნალობისა და ციხის საკნის მდგომარეობას შეაფასებს.

შეხვედრის შემდეგ, უკრაინის ადამიანის უფლებათა კომისარმა განაცხადა, რომ სააკაშვილის შეფასებით, მისი სიცოცხლე საფრთხეშია და თავს რუსეთის პრეზიდენტის, „[ვლადიმირ] პუტინის პატიმრად“ მიიჩნევს.

დენისოვამ საქართველოს ხელისუფლებას მიმართა, რომ ყოფილი პრეზიდენტი, საჭიროების შემთხვევაში, ციხის მე-18 სამედიცინო დაწესებულების ნაცვლად, კერძო კლინიკაში გადაიყვანონ. მან ხაზი გაუსვა, რომ სააკაშვილს ციხის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა არ სურს, ვინაიდან ფიქრობს, რომ იქ მისი უსაფრთხოება არ იქნება უზრუნველყოფილი.

დენისოვას თქმით, უკრაინიდან ექიმიც ჩამოვიდა, რომელიც სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას შეაფასებს.

მანვე განაცხადა, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ საქმეებში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის რამდენიმე მუხლი დაირღვა. სააკაშვილის ადვოკატებზე დაყრდნობით, დენისოვამ განაცხადა, რომ დაირღვა კონვენციის მე-6 მუხლი, რომელიც სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლებას გულისხმობს, ვინაიდან მითვისებისა და უფლებამოსილების გადამეტების საქმეებზე საჯარო სასამართლო განხილვები არ დანიშნულა.

დენისოვამ ასევე აღნიშნა, რომ იმავე მუხლით ასევე დაირღვა გონივრულ ვადებში სასამართლო მოსმენის გამართვის უფლება და დასძინა, რომ რვა წელი, რა პერიოდშიც მისი სისხლის სამართლის საქმე განიხილება, „გონივრული ვადა“ არ არის.

მისივე თქმით, მართალია, საქართველოს კანონმდებლობა უფლებას აძლევს იუსტიციის სამინისტროს, ექიმების რეკომენდაციის შემთხვევაში მოშიმშილე პატიმრებს იძულებით აჭამოს, ეს იკრძალება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის (წამებისა და არაადამიანური მოპყრობის აკრძალვა) დარღვევაა. დენისოვას განცხადებით, სააკაშვილი იძულებითი კვების წინააღმდეგია.

მისი თქმით, თავის შეფასებებს უკრაინის პრეზიდენტს, უკრაინაში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საელჩოებს და ევროპარლამენტს წარუდგენს.

დენისოვამ ასევე განაცხადა, რომ საქართველოში შემოსვლისას, იგი 40 წუთით შეაყოვნეს და ვიზიტის მიზნის შესახებ გამოკითხეს.


სააკაშვილმა, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეა, ქვეყანა 2013 წელს, პრეზიდენტობის ვადის ამოწურვისა და ხელისუფლებაში ქართული ოცნების გუნდის მოსვლიდან ერთი წლის თავზე დატოვა.

სააკაშვილს ქართულმა მართლმსაჯულებამ ბრალი რამდენიმე საქმეზე წარუდგინა, მათგან ორზე სასამართლომ განაჩენი უკვე გამოიტანა. კერძოდ, 2018 წელს, სასამართლომ სააკაშვილი სანდრო გირგვლიანის გახმაურებულ საქმეზე მსჯავრდებულთა შეწყალებისა და ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებში დამნაშავედ ცნო. ჯამში ყოფილ პრეზიდენტს 6-წლიანი პატიმრობა უწევს.

ყოფილ პრეზიდენტს ბრალი ასევე წარუდგინეს საბიუჯეტო თანხების გაფლანგვისა და 2007 წლის ნოემბრის საპროტესტო აქციის დარბევისა და ტელეკომპანია იმედში შეჭრის საქმეებზე. სააკაშვილი ყველა ბრალს უარყოფს და მათ პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 20 ოქტომბერს ექსპრეზიდენტს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლით ახალი ბრალი წარუდგინა, რაც სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთას გულისხმობს და სამიდან ხუთ წლამდე პატიმრობით ისჯება.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)