პრემიერი აფხაზური ენის გადარჩენის მნიშვნელობაზე საუბრობს
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 27 ოქტომბერს განაცხადა, რომ „აფხაზეთის რეგიონის ოკუპაციისა და მიმდინარე რუსიფიკაციის უკანონო პოლიტიკის პირობებში“ ქვეყნის მთავრობა „მნიშვნელოვან ნაბიჯებს“ დგამს აფხაზური ენის „გადარჩენის, დაცვისა და პოპულარიზაციისთვის“.
აფხაზური ენის დღესთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაში პრემიერმა აფხაზური კულტურული იდენტობის, თვითმყოფადობის შენარჩუნებისა და ენის განვითარებისთვის, თბილისისა და სოხუმის „ერთიანი“ ძალისხმევის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. „ჩვენ ერთად უნდა შევქმნათ მშვიდობიანი მომავალი გამთლიანებულ ევროპულ სახელმწიფოში“.
პრემიერმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ სახელმწიფოს აფხაზური ენის შენარჩუნებისა და განვითარების „განსაკუთრებული ვალდებულება აქვს“, რადგანაც ის კონსტიტუციით არის დაცული. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, „საქართველოს სახელმწიფო ენა არის ქართული, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში – აგრეთვე აფხაზური“.
„აფხაზური ენა, კულტურა და ტრადიციები ჩვენი საერთო, მრავალფეროვანი კულტურის შემადგენელი ნაწილი და სიმდიდრეა“, – განაცხადა მანვე.
ასევე წაიკითხეთ:
- ბესარიონ აპლია თბილისში მიპატიჟებას „კიდევ ერთ მზაკვრობას“ უწოდებს
- ოკუპირებული გალის რაიონის ხელმძღვანელი ადგილობრივების პასპორტიზაციის შესახებ
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)