ევროპის სახალხო პარტია, კონსერვატორ-რეფორმატორები სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვენ
27 ოქტომბერს გამოქვეყნებულ განცხადებებში, ევროპის სახალხო პარტიამ და ევროპარლამენტის ევროპის კონსერვატორთა და რეფორმატორთა ჯგუფმა საქართველოს ხელისუფლებას ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანისკენ მოუწოდეს.
ევროპის სახალხო პარტიამ Twitter-ზე დაწერა, რომ ისინი „შეშფოთებულნი“ არიან სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ გავრცელებული ინფორმაციით და მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას ყოფილი პრეზიდენტი „სასწრაფოდ გადაიყვანონ შესაფერის სამოქალაქო საავადმყოფოში“. „წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას დაეკისრება“.
ევროპარლამენტის ევროპის კონსერვატორთა და რეფორმატორთა ჯგუფმა ასევე მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას სააკაშვილის „ალტერნატიულ, სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში“ გადაყვანისკენ, სადაც იგი კომპლექსურ სამედიცინო დახმარებას მიიღებს. ჯგუფის განცხადებით, ციხის საავადმყოფო ვერ უზრუნველყოფს სააკაშვილისთვის საჭირო მკურნალობას.
ჯგუფმა ხაზი გაუსვა, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა „მხოლოდ საქართველოს მთავრობასა და მმართველი პარტიის ხელმძღვანელობას ეკისრება“.
მოშიმშილე ყოფილი პრეზიდენტის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის საკითხი ბოლო დღეებში დაპირისპირების საგნად იქცა.
საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, ექსპრეზიდენტს ციხის მე-18 სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანენ, რასაც სხვადასხვა რისკის გათვალისწინებით, სააკაშვილის პირადი მკურნალი ექიმი, ადვოკატები და სახალხო დამცველი არ ეთანხმებიან.
სააკაშვილთან დაკავშირებით ევროპელი დეპუტატების, მათ შორის, ევროპის სახალხო პარტიის წევრის ანდრიუს კუბილიუსის და ევროპის კონსერვატორთა და რეფორმატორთა ჯგუფის წევრის ანა ფოტიგას მოწოდებების საპასუხოდ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა: „ყველამ მიხედოს თავის ქვეყანას, მე ერთი მინდა ვუთხრა, ამ ქვეყანაში კანონის აღსრულებას და მართლმსაჯულების აღსრულებას წინ ვერავინ ვერ აღუდგება“.
ასევე წაიკითხეთ:
- სააკაშვილის მკურნალობის ადგილის საკითხი კვლავაც დაპირისპირების საგანია
- პრემიერი სააკაშვილზე განცხადების გამო ევროპარლამენტარებს აკრიტიკებს
- ევროპარლამენტარები სააკაშვილის პატიმრობის „პოლიტიკურ ხასიათზე“ საუბრობენ
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)