მედიის ცნობით, შსს კიდევ რამდენიმე პოლიციელმა დატოვა
მედიის ცნობით, ყოფილი სამართალდამცველების – ლექსო რაფავასა და გიორგი დათიაშვილის დაკავების შემდეგ, სოლიდარობის ნიშნად, შსს კიდევ შვიდმა პოლიციელმა დატოვა, მათგან ხუთმა წასვლის შესახებ საჯაროდ განაცხადა, ორზე კი – ცნობები მედიამ გაავრცელა.
რაფავა და დათიაშვილი სამართალდამცველებმა 20-21 ოქტომბრის ღამეს დააკავეს. გამოძიება მათ ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა ან შენახვას ედავება, რაც 3-6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
26 ოქტომბერს სამსახურიდან წასვლის შესახებ ასევე განაცხადა დაცვის პოლიციის დეპარტამენტის უმცროსმა ინსპექტორმა, გოჩა კვარაცხელიამ და ხაზი გაუსვა, რომ ძალოვან სტრუქტურას პოლიციის ყოფილი თანამშრომლების „უკანონოდ“ დაკავების გამო ტოვებს. იმავე დღეს შსს-დან წასვლის შესახებ ჟურნალისტებთან საჯაროდ განაცხადა დაცვის პოლიციის კიდევ ერთმა თანამშრომელმა, საბა კუხალეიშვილმა.
მანამდე, 25 ოქტომბერს, ხაზი გაუსვეს რა ყოფილი კოლეგების „უკანონო“ დაკავებას, იმერეთის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სამმართველოს ინსპექტორმა – მაიორმა რომან ანთიამ, კრიმინალური პოლიციის თანამშრომელმა – ჯიმი გაგუამ და სამეგრელო-ზემო სვანეთის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის პატრულ-ინსპექტორმა მაიორმა გიორგი ბერიშვილმა თანამდებობებიდან წასვლის შესახებ ასევე საჯაროდ განაცხადეს.
სამივე მათგანმა აღნიშნა, რომ ერთ-ერთი დაკავებული, ლექსო რაფავა მათი მეგობარია. „ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია დევნა ყოფილი პოლიციელების მიმართ“, – განაცხადა გიორგი ბერიშვილმა.
მანამდე, 23 ოქტომბერს, ყოფილ ძალოვანებსა და ოპოზიციის წევრებზე დაყრდნობით, ტელეკომპანია „ფორმულამ“ კიდევ ერთ პატრულ-ინსპექტორის, ომარ არქანიას გადადგომის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.
გავრცელებული ცნობებით, 22 ოქტომბერს თანამდებობა ასევე დატოვა შსს-ს გენერალური ინსპექციის ოპერატიული უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს ოპერატიული უზრუნველყოფის მეორე სამმართველოს უფროსის მოადგილემ, ჭაბუკა რაფავამ. თუმცა, მოგვიანებით, შსს-ს გადამდგარმა თანამშრომელმა „ტელეკომპანია პირველს“ უთხრა, რომ იგი შსს-დამ არ წასულა და ოჯახური პირობებისა და გადაღლის გამო ცოტა ხანს ისვენებს.
ლექსო რაფავასადმი სოლიდარობის ნიშნად პირველად სამეგრელო ზემო სვანეთის სასაზღვრო პოლიციის სამმართველოს აწ უკვე ყოფილი თანამშრომელი, რევაზ ლაზიშვილი გადადგა.
„სამოქალაქო საქართველო“ კომენტარისა და გადამდგარი პოლიციელების თანამდებობის დაზუსტების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და დაცვის პოლიციის დეპარტამენტს დაუკავშირდა. შსს-მ კომენტარი არ გააკეთა, დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა კი – საბა კუხალეიშვილის წასვლის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა.
სამეგრელოს რეგიონში, სადაც გადამდგარი პოლიციელების უმრავლესობა მსახურობდა, 2 ოქტომბერის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში უპირატესობა ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ მოიპოვა. 30 ოქტომბერს მეორე ტურები იქნება სამეგრელოს რეგიონის 8 მუნიციპალიტეტიდან შვიდში. ნაციონალურ მოძრაობაში ყოფილი სამართალდამცველების დაკავებას პირველი ტურების შედეგების გამო ხელისუფლების „რევანშად“ აფასებენ.
საგულისხმოა, რომ ზოგიერთ პოლიციელს, რომლებიც მედიასთან გადადგომის შესახებ საუბრობდნენ, გვერდით ნაციონალური მოძრაობის წევრი, ნიკო მიქაია და ყოფილი დეპუტატი, ნაციონალური მოძრაობისა და შემდეგ უკვე ევროპული საქართველოს ყოფილი წევრი თენგიზ გუნავა ახლდნენ. 25 ოქტომბერს, ნიკო მიქაიამ რომან ანთიასთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ შსს-დან პოლიციელების წასვლის „ეს ჯაჭვი აუცილებლად გაგრძელდება“.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 23 ოქტომბერს შსს-დან პოლიციელების წასვლის შესახებ განაცხადა, რომ „ძალიან სამწუხარო“ და „ცუდი სანახავია“. როდესაც ყოფილი თანამშრომლები თითქოს „მუნდირს იცავენ“, სინამდვილეში კი – „ძალიან მდარე ხარისხის პოლიტიკურ კამპანიაში“ მონაწილეობენ.
„ეს არის აბსოლუტურად გაზვიადებული და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ არავითარი კითხვა არ დარჩეს პასუხგაუცემელი“, – განაცხადა მანვე.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)