საერთაშორისო დამკვირვებლები თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურს აფასებენ
ეუთო/ოდირის და ევროპარლამენტის დამკვირვებლებმა 30 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის შეფასებისას განაცხადეს, რომ არჩევნები „ზოგადად კარგად ადმინისტრირებული იყო, მაგრამ უწყვეტმა პოლარიზაციამ და ნეგატიური რიტორიკის გამწვავებამ პროცესზე უარყოფითად იმოქმედა“.
ერთობლივმა სადამკვირვებლო მისიამ აღნიშნა, რომ არჩევნების დღე ზოგადად მშვიდი იყო, თუმცა „დაფიქსირდა საარჩევნო უბნებს გარეთ პარტიების მხარდამჭერებს შორის დაპირისპირების რამდენიმე შემთხვევა“.
დამკვირვებლების თქმით, კენჭისყის და ხმების დათვის პროცესი დადებითად შეფასდა, რამდენიმე პროცედურული ხარვეზის მიუხედავად, განსაკუთრებით ხმების დათვლის პროცესში.
ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ „სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც უწყვეტ რეჟიმში ესწრებოდნენ საარჩევო პროცესს, მოქმედებდნენ, როგორც პარტიების მხარდამჭერები და დროდადრო საარჩევნო პროცესს ხელს უშლიდნენ და ასევე, ზოგიერთი საარჩევნო უბნის გარეთ ცალკეული ადამიანების ჯგუფები, რომლებიც პოტენციურად ზეგავლენას ახდენდნენ ამომრჩევლებზე, შეშფოთების საფუძველს ქმნიდა“.
რაც შეეხება მეორე ტურებამდე წინასაარჩევნო პერიოდს, საერთაშორისო დამკვირვებლებმა აღნიშნეს, რომ კანდიდატებს კამპანიის თავისუფლად წარმართვა შეეძლოთ, თუმცა „ზეწოლისა და დაშინების შესახებ გამოთქმული, ფართოდ გავრცელებული და თანმიმდევრული ბრალდებები ისევე, როგორც ხელისუფლებაში ყოფნით მინიჭებული შეუსაბამო უპირატესობა არჩევნების ორ ტურს შორის შენარჩუნდა“.
წინასწარი დასკვების თანახმად, კამპანია კონკურენტული იყო და ხასიათდებოდა ეროვნულ საკითხებზე ფოკუსირებით, რამაც „ადგილობრივი საკითხები დაჩრდილა“.
„რესურსებს შორის მკვეთრმა დისბალანსმა და ხელისუფლებაში ყოფნით მინიჭებულმა შეუსაბამო უპირატესობამ საასპარეზო პირობები შეცვალა“, – აღნიშნეს ეუთო/ოდირისა და ევროპარლამენტის დამკვირვებლებმა და დასძინეს, რომ „კამპანიის დაფინანსების გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება შემცირდა არასაკმარისი კონტროლის გამო“.
რაც შეეხება მედიაგარემოს, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებმა აღნიშნეს, რომ „კერძო სატელევიზიო არხები კვლავ აჩვენებდნენ პოლარიზაციისა და აშკარა მიკერძოებულობის მაღალ დონეს, რაც ამომრჩევლებს ინფორმირებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას უზღუდავდა“.
მისიის ხელმძღვანელთა განცხადებები
„მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული არჩევნები კარგად ორგანიზებული და გამჭვირვალე იყო, არაერთი ხარვეზი გამოიკვეთა მეორე ტურამდე პერიოდში, პოლიტიკური დებატების ტონი კი მზარდად კონფრონტაციული გახდა და კვლავ კეთდებოდა განცხადებები ზეწოლისა და დაშინების თაობაზე“, – განაცხადა ოდირის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ალბერტ იონსონმა.
მისი თქმით, ოდირის სადამკვირვებლო მისიის მიზანს „დემოკრატიული პროცესისთვის ხელშეწყობა წარმოადგენს, ხოლო შემდგომ ხელისუფლებაზეა დამოკიდებული იმოქმედოს ჩვენი რეკომენდაციების შესაბამისად“.
ევროპარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელმა ინესე ვაიდერემ აღნიშნა, რომ „ჩვენ კიდევ ერთხელ ვიხილეთ, რომ ეროვნულმა პოლიტიკამ და თანმხლებმა აგრესიამ ადგილობრივი საკითხები დაჯაბნა, რამაც ამომრჩევლებისთვის კანდიდატების მიერ წარმოდგენილი პოლიტიკის საკითხების სიღრმისეულად გაგება გაართულა“.
მისი თქმით, არჩევნებზე „მხოლოდ რამდენიმე კანდიდატი იყო ქალი, რასაც ველი და ვიმოდოვნებ, რომ მომავალში შეიცვლება“.
ასევე წაიკითხეთ:
- TI საქართველო, ISFED: შესაძლოა, დარღვევებს არჩევნების შედეგებზე ზეგავლენა მოეხდინა
- ოპოზიცია მხარდამჭერებს აქციაზე უხმობს
- უბნების 100% დათვლილია: „ოცნება“ 19 მუნიციპალიტეტს იგებს, წალენჯიხაში მარცხდება
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)