ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ ცნობს და შაბათს ფართომასშტაბიან აქციას გეგმავს
31 ოქტომბერს საღამოს პარლამენტის შენობის წინ შეკრებილი ოპოზიციის მხარდამჭერების წინაშე გამოსვლისას, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ და თბილისის მერობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ „გაყალბებული არჩევნების“ წინააღმდეგ მომავალი კვირიდან ოპოზიცია ქუჩის აქციებს იწყებს.
„ეს არჩევნები არა უბრალოდ ტოტალურად გაყალბდა, არამედ ყველაფერი იკადრეს თავისი ძალადობით, შანტაჟითა და მუქარით“, – განაცხადა ნიკა მელიამ და ხაზი გაუსვა, რომ „შედეგი, რომელიც მათ გაიფორმეს, ამ შედეგს ჩვენ არ ვიღებთ“.
მელიას თქმით, ოპოზიცია პირველ აქციას 2 ნოემბერს ბათუმში გამართავს, სადაც ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი გიორგი კირთაძე ქართულ ოცნების კანდიდატთან, არჩილ ჩიქოვანთან 1 562 ხმით დამარცხდა. წინასწარი შედეგების მიხედვით, კირთაძემ ხმების 48.982% (36 710 ხმა), მისმა მეტოქემ კი – 51.018% (38 236 ხმა) მიიღო.
ოპოზიცია აქციებს ქუთაისსა და სხვა მუნიციპალიეტებშიც გეგმავს, სადაც უმნიშვნელო სხვაობით ასევე ქართული ოცნების კანდიდატებმა გაიმარჯვეს. ოპოზიცია დასკვნით აქციას, შაბათს 6 ნოემბერს თბილისში გამართავს.
თავდაპირველად მელიამ თბილისის აქციის თარიღად 7 ნოემბერი დაასახელა. მოგვიანებით, პარტია დროას ლიდერმა და თბილისის მერის მოადგიოლეობის კანდიდატმა, ელენე ხოშტარიამ დააზუსტა, რომ აქცია შაბათს, 6 ნოემბერს გაიმართება.
მელიამ პირობა დადო, რომ თბილისის აქცია სხვა აქციებისგან განსხვავებული იქნება და იმედი გამოთქვა, რომ ის 14 ოქტომბრის აქციაზე უფრო ფართომასშტაბიანი იქნება.
მან ასევე აღნიშნა, რომ აქციების პარალელურად, ოპოზიცია შედეგებს სასამართლოშიც გაასაჩივრებს.
„იმიტომ, რომ ძალიან დიდ პატივს ვცემთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს. გვინდა, რომ დავარწმუნოთ ჩვენი მეგობრები იმ რეალობაში, რომელიც არსებობს, რომ ამ სახელმწიფოში ინსტიტუტი, როგორც ასეთი, სასამართლო, როგორც ასეთი, არ არსებობს“, – განაცხადა მელიამ.
იმავე აქციაზე პარტია ლელოს ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ თქვა, რომ დეპუტატის მანდატზე უარს ამბობს. ხაზარაძემ პირობა დადო, რომ ქუჩიდან თავისუფალი საქართველოსთვის იბრძოლებს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)