კრიტიკის ფონზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი მოსამართლე წევრი აირჩიეს

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი აწ უკვე ყოფილი საბჭოს წევრის ვადაზე ადრე გადადგომის შემდეგ, მოსამართლეებმა 30-ე კონფერენციაზე 4 წლის ვადით საბჭოს ორი ახალი მოსამართლე წევრი აირჩიეს.

თეა ლეონიძე საბჭოს წევრად 2020 წლის ოქტომბერში დაინიშნა და თანამდებობა ვადის ამოწურვამდე 3 წლით ადრე დატოვა, თამარ ონიანი საბჭოში 2018 წლის მარტიდან იყო და პოსტი ვადის ამოწურვამდე ოთხი თვით ადრე დატოვა. გადადგომის მიზეზები საჯაროდ არცერთ მათგანს განუმარტავს. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მათი გადადგომის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ ახალი წევრების არჩევის შემდეგ გამოაქვეყნა.

მოსამართლეთა კონფერენცია თვითმმართველობის არჩევნების 30 ოქტომბრის დაძაბული მეორე ტურების მეორე დღეს, 31 ოქტომბერს გაიმართა და მას 266 მოსამართლე ესწრებოდა. მოსამართლეებმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის ორ ვაკანტურ თანამდებობაზე პაატა სილაგაძე და გიორგი გოგინაშვილი აირჩიეს. ორივე მათგანი თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეა.

მანამდე, პაატა სილაგაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატიც იყო, თუმცა 2019 წელს მას პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა. უმაღლესი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად იგი 2020 წლის დასაწყისშიც დასახელდა, თუმცა პარლამენტმა მაშინ მოსამართლეთა დანიშვნები შეაჩერა. მედიის ცნობით, სილაგაძე სწორედ ის მოსამართლეა, რომელმაც თავის დროზე, დაუშვებლად ცნო ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე დაცვის მხარის სარჩელი, სადაც ისინი ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას წინასწარ პატიმრობაში დატოვებას ასაჩივრებდნენ.

რაც შეეხება გიორგი გოგინაშვილს, სააპელაციო სასამართლოში გადანაცვლებამდე იგი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე იყო. 2014 წელს დედაქალაქის ყოფილი მერისთვის, გიგი უგულავასთვის წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება სწორედ მან მიიღო.

მოსამართლეთა კონფერენცია არასამთავრობო სექტორის კრიტიკის ფონზე წარიმართა. კოალიციამ დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის, რომელიც 40-მდე ორგანიზაციას აერთიანებს, 29 ოქტომბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში „გამჭვირვალე“ და „სამართლიანი“ გარემოს შექმნამდე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრთა დანიშვნების შეჩერების აუცილებლობას გაუსვა ხაზი.

კოალიციამ ასევე გამოთქვა ეჭვი, რომ ქვეყანაში არსებული „პოლიტიკური კრიზისის“ ფონზე, როდესაც საზოგადოებრივი ინტერესი სასამართლო სისტემიდან სხვა საკითხებზეა მიმართული, სასამართლო სისტემაში არსებული „გავლენიანი ჯგუფები“ ძალაუფლების განმტკიცებას „ნაჩქარევად“ ცდილობენ.

არასამთავრობოების მტკიცებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭო წლებია ხელისუფლებასთან ერთად, „მართლმსაჯულების დამაზიანებელ ერთ-ერთ მთავარ აქტორად“ იქცა და სისტემაში არსებული გავლენიანი მოსამართლეთა ჯგუფი ძალაუფლებას სწორედ საბჭოს მეშვეობით ინარჩუნებს.

კოალიციამ იმასაც გაუსვა ხაზი, რომ გაუგებარია, რატომ გახდა საჭირო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი ახალი მოსამართლე წევრის შერჩევა, როდესაც უფლებამოსილების ვადა არცერთ მათგანს გასვლია და არც რომელიმესთვის უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია გამხდარა საჯარო.

არასამთავრობოებმა ასევე გამოთქვეს წუხილი, რომ უკვე ხუთი თვეა, რაც საბჭოს არამოსამართლე 6 წევრიდან 5-ის ადგილი კვლავაც ვაკანტურია. მათივე თქმით, ქართულმა ოცნებამ „ყოველგვარი დასაბუთების გარეშე“ უარი თქვა არამოსამართლე წევრების საპარლამენტო ოპოზიციასთან კონსენსუსის საფუძველზე დანიშვნაზე.


არასამთავრობო სექტორმა, ასევე აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩებმა საქართველოში, კელი დეგნანმა და კარლ ჰარცელმა ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის 19 აპრილის შეთანხმებით გათვალისწინებული რეფორმის გატარების გარეშე, ხელისუფლებას სასამართლო სისტემაში დანიშვნების „დაუყოვნებლივი“ შეჩერებისკენ მოუწოდეს.

საპასუხოდ მმართველ გუნდში განაცხადეს, რომ პარლამენტი არ არის უფლებამოსილი „დაელოდოს 2022 წლის საგაზაფხულო სესიაზე განსახორციელებელ საკანონმდებლო ცვლილებებს“. შედეგად, 26 მაისს მოსამართლეთა კონფერენციამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 4 მოსამართლე წევრი აირჩია. საგულისხმოა, რომ ქართულმა ოცნებამ 19 აპრილის შეთანხმება ცალმხრივად დატოვა და თქვა, რომ ის ანულირებულია.


იუსტიციის უმაღლესი საბჭო, რომელიც სასამართლო სისტემის მთავარი მაკოორდინირებელი ორგანოა, 15 წევრისგან შედგება. საბჭოში შედიან უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეული რვა მოსამართლე და ექვსი არამოსამართლე წევრი, რომელთაგან ხუთს საქართველოს პარლამენტი ირჩევს, ერთს კი – საქართველოს პრეზიდენტი წარადგენს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)