სააკაშვილი მხარდამჭერებს ქართული ოცნებისთვის „ხელისუფლების წართმევისკენ“ მოუწოდებს 

„[არჩევნები] ცხვირწინ აგვწაპნეს ყველა დიდ ქალაქში“, – განაცხადა საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა და მხარდამჭერებს მოუწოდა, რომ ქართულ ოცნებას „წავართვათ ხელისუფლება და ვაგებინოთ პასუხი კანონის წინაშე“. მანვე ოპოზიციას პარლამენტის დატოვებისკენაც მოუწოდა.

„ეს არჩევნები ჩვენ მოვიგეთ და ბანდიტების ჯგუფმა, რომელმაც მიითვისა საქართველოს ხელისუფლება, ხელიდან გამოგვგლიჯა ეს გამარჯვება, გაგვძარცვა და წაგვართვა ჩვენი უმთავრესი უფლება – ვიყოთ ჩვენი ქვეყნის ბატონ-პატრონნი“, – თქვა მიხეილ სააკაშვილმა Facebook-ზე გამოქვეყნებულ მიმართვაში.

სააკაშვილმა ასევე მიუთითა, რომ სომხეთში 2018 წლის რევოლუციის დროს, ნიკოლ ფაშინიანი „ოთხი ივანიშვილის კალიბრის ოლიგარქს ებრძოდა, რომელთა უკან იდგა რუსეთი და მასაც გაუყალბეს არჩევნები… ბევრი და კიდევ უფრო მეტი გამოვიდა ქუჩებში, სანამ ბანდიტური ხელისუფლება არ გატყდა, არ წავიდა და არ დანიშნა რიგგარეშე არჩევნები“.

მისივე თქმით, ზუსტად იგივე უნდა გაკეთდეს საქართველოშიც, სადაც „გამყალბებელი ბანდიტები უნდა წავიდნენ და დაინიშნოს რიგგარეშე ვადამდელი არჩევნები“. სააკაშვილმა დასძინა, რომ უკრაინელებმაც იგივე გაუკეთეს ვიქტორ იანუკოვიჩს 2014 წლის რევოლუციის დროს.

„ნუთუ ჩვენ ვერ შევძლებთ იმას, რაშიც ადრე სხვები გვბაძავდნენ და გამოუვიდათ კიდეც?“, – იკითხა სააკაშვილმა და განაცხადა, რომ „ბოლოს და ბოლოს, ასეთი რევოლუციების იდეა შვა საქართველომ ჩვენი თაობის დროს“.

სააკაშვილმა საზოგადოებასაც მიმართა და განაცხადა, რომ „ჩვენ არ გვაქვს ბევრი დრო! უნდა ვიმოქმედოთ ბევრგან და ბევრმა! უნდა მოვისმინოთ ლიდერების აზრიც და საკუთარ ხელშიც უნდა ავიღოთ ინიციატივა ადგილებზე“.

მანვე ხაზი გაუსვა, რომ „რა თქმა უნდა, პარალელურად, უნდა ვასაჩივროთ ყველაფერი, ვინაიდან ასეთი კატასტროფული დასკვნები არ ყოფილა არც სომხეთში, არც ყირგიზეთში, არც ვარდების რევოლუციის დროს“.

„ახლა, ჩვენ გვაქვს სრული ლეგიტიმაცია ქუჩის პროტესტისა და ძალადობისადმი წინააღმდეგობის“, – განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, პარლამენტმა გადაწყვეტილების მიღების ფუნქცია დაკარგა. ექსპრეზიდენტმა ოპოზიციონერ დეპუტატებსაც მიმართა და უთხრა მათ, რომ „ქვეყნის პატრიოტებმა“ უნდა დატოვონ პარლამენტი, ვინაიდან „ბანდიტებთან საუბარი რეფორმებსა და ქვეყნისთვის საკეთილდღეო ცვლილებებზე მხოლოდ დროის გაწელვას ემსახურება, რათა ჩაქრეს საპროტესტო მუხტი“.


რამდენიმეთვიანი პოლიტიკური კრიზისისა და საპარლამენტო ბოიკოტის შემდეგ, ივნისის შუა რიცხვებში ოპოზიციონერი დეპუტატები პარლამენტში შევიდნენ და 150-წევრიანი საკანონმდებლო ოაგრანო 148 კანონმდებლით შეივსო. პარლამენტში შესვლაზე უარი განაცხადეს ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა და პარტია დროას დამფუძნებელმა, ელენე ხოშტარიამ. მას შემდეგ, რაც ქართული ოცნება 19 აპრილის შეთანხმებიდან გავიდა, პარლამენტი დატოვა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ. პარლამენტის დატოვების შესახებ ასევე განაცხადეს ლელოსა და გირჩი-მეტი თავისუფლების ლიდერებმა – მამუკა ხაზარაძემ და ზურაბ ჯაფარიძემ.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)