201 საარჩევნო უბანი ბათილ ბიულეტენებზე დავის ფონზე გადათვალეს
29 საოლქო საარჩევნო კომისიამ 1 ნოემბერს ხელახლა გადათვალა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოვლენილი 201 უბნის შედეგები – თითოეული ოლქიდან შვიდი უბნის.
გადათვლის პროცესში საოლქო კომისიის წევრებს შორის ბათილ ბიულეტენებთან დაკავშირებით, მათ შორის, ბათუმსა და ზუგდიდში, დაპირისპირებასაც ჰქონდა ადგილი.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა დღეს განაცხადა, რომ ხმების ხელახლა გადათვლას რამდენიმე უბანზე მცირე ცვლილებები მოჰყვა, რაც საერთო შედეგებზე არ ასახულა.
მისი თქმით, გადაითვალა როგორც მერების, ისე მაჟორიტარი კანდიდატების მიერ მიღებული ხმები. 201 უბნიდან, მერის არჩევნების ნაწილში 194, ხოლო მაჟორიტარების ნაწილში – 33 უბნის შედეგი გადაითვალეს.
194 უბნიდან მიღებული შედეგების თანახმად, 172 უბნის შედეგები უცვლელი დარჩა. კალანდარიშვილმა განაცხადა, რომ საერთო ჯამში, მერობის კანდიდატებს დააკლდათ 31 ხმა და მოემატათ 53 ხმა.
რაც შეეხება მაჟორიტარი დეპუტატების არჩევნებს, კალანდარიშვილის თქმით, 33 საარჩევნო უბნის შედეგები გადაითვალეს, საიდანაც 27 შემთხვევაში შედეგი უცვლელი დარჩა, ხოლო საერთო ჯამში, მაჟორიტარ კანდიდატებს დააკლდათ 7 ხმა და მოემატათ 5 ხმა.
ასევე იგეგმება იმ საარჩევნო უბნების შედეგების გადათვლა, სადაც არჩევნების დღეს ხმების დათვლის პროცესი ვიდეოზე არ აისახა. ცესკოს ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით 292 ასეთი უბანია და საოლქო კომისიები თითოეული ოლქიდან შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოვლენილ 2 უბანს გადათვლიან.
კვირის განმავლობაში ხმების გადათვლა კვლავაც მოსალოდნელია იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო შესაბამის სარჩელებს დააკმაყოფილებს.
დაპირისპირება ხმების გადათვლის დროს
ზუგდიდის საოლქო კომისიის წევრებს შორის დაპირისპირება იყო იმ კონვერტის გამო, რომელშიც 11 ბათილი ბიულეტენი იყო მოთავსებული და რომელიც რამდენიმე საათის განმავლობაში ვერ იპოვეს.
საოლქო კომისიის ოპოზიციონერმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ პოვნის შემდეგ, კონვერტის მთლიანობა დარღვეული იყო და მათ უბნის შედეგების გაბათილება მოითხოვეს. კომისიის ერთ-ერთმა წევრმა ოპოზიციიდან უთხრა ტელეკომპანია „მთავარ არხს“, რომ შესაძლოა, მსგავსი ტიპის პრობლემები სხვა უბნებზეც იყოს.
ზუგდიდის საოლქო კომისიის თავმჯდომარემ, მირანდა მესხმა უარყო ბრალდებები და მათ „სუბიექტური პოზიცია“ უწოდა. მისი თქმით, კონვერტი არ იყო გახსნილი. მესხის განცხადებით, ამ ბათილ ბიულეტენებში ერთი ნამდვილი ხმაც ამოვიდა, რომელიც დაემატა შესაბამის სუბიექტს.
ცესკომ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადება გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, პაკეტი, რომელშიც ბათილი ბიულეტენები იყო მოთავსებული, სათანადოდ იყო დალუქული. „როგორც გაირკვა 51-ე უბნის 11 ბათილი ბიულეტენი დალუქული სახით ადგილზე იყო, თუმცაღა დოკუმენტაციის დახარისხების დროს არ გადაუტანიათ იმ სამუშაო მაგიდაზე, სადაც აღნიშნული უბნის მონაცემების გადათვლა მიმდინარეობდა“, – ნათქვამია განცხადებაში.
ზუგდიდის მერის არჩევნებზე, ქართული ოცნების კანდიდატმა მამუკა წოწერიამ ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს ანზორ მელიას 1 744 ხმით მოუგო. ცესკოს მონაცემებით, ზუგდიდში სულ 54 828 ამომრჩეველი მივიდა არჩევნებზე, ხოლო 1 345 ბიულეტენი გაბათილდა.
გადათვლის პროცესი ხმაურიანად წარიმართა ბათუმის საოლქო კომისიაში. მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ადგილზე პოლიციაც იმყოფებოდა, რომელმაც რამდენიმე დამკვირვებელი შენობიდან გაიყვანა.
ერთ-ერთმა დამკვირვებელმა განაცხადა, რომ საოლქო კომისიის რამდენიმე წევრი მიკერძოებული იყო და ქართული ოცნების ხელისუფლებას უჭერდა მხარს. მისი თქმით, ნაციონალური მოძრაობის მიერ დანიშნულ საოლქო კომისიის წევრს ხმების გადათვლის დროს ბიულეტენების ნახვის უფლება არ მისცეს.
„მთავარი არხის“ სიუჟეტში ჩანს უცნობი მამაკაცი, რომელიც საოლქო კომისიის შეხვედრის დროს აჩვენებს, რომ ერთ-ერთი ბიულეტენი, სადაც როგორც ქართული ოცნების კანდიდატი, არჩილ ჩიქოვანი, ისე ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი გიორგი კირთაძე გადახაზულია, თუმცა ის მაინც ოცნების კანდიდატს მიათვალეს.
ბათილი ბიულეტენები
1 ნოემბერს ცესკოს მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, სულ 30 095 ბიულეტენი გაბათილდა, რაც მთლიანი აქტივობის 2.96%-ია – 1 015 494 ამომრჩეველი.
ცესკოს ინფორმაციით, ქუთაისსა და ბათუმში ბათილი ბიულეტენების წილმა 3.42% და 2.69% შეადგინა.
ოპოზიცია აცხადებს, რომ მათ სასარგებლოდ მიცემული ხმების გაბათილება არჩევნების შედეგების გაყალბების მეთოდია.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ქუთაისის მერობის კანდიდატმა, ხატია დეკანოიძემ 31 ოქტომბერს განაცხადა, რომ ქალაქში გაბათილებული 2 396 ბიულეტენის რაოდენობა იყო „გაცილებით მეტი“, ვიდრე სხვაობა მასსა და ქართული ოცნების კანდიდატს შორის. უკანასკნელი მონაცემებით, ქართული ოცნების კანდიდატმა, იოსებ ხახალეიშვილმა დეკანოიძეს 2 240 ხმით გაუსწრო.
დეკანოიძის თქმით, ოპოზიცია ყველა ბათილი ბიულეტენის გადათვლას მოითხოვს საოლქო კომისიებსა და სასამართლოში.
ცესკოს თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი სიორიძემ, რომელიც კომისიაში პარტია ლელოს წარდგინებით დაინიშნა, ასევე გამოხატა შეშფოთება საკითხთან დაკავშირებით. მისი თქმით, ქუთაისის გარდა, ბათილი ბიულეტენების რაოდენობა ბათუმშიც უფრო მაღალია, ვიდრე სხვაობა ქართული ოცნების და ნაციონალური მოძრაობის კანდიდატების მიერ მიღებულ ხმებს შორის. ბათუმში ქართული ოცნების კანდიდატმა 1 524 ხმით მეტი მიიღო ვიდრე ნაციონალური მოძრაობისამ. გაბათილდა 2 071 ბიულეტენი.
„ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ საზოგადოების აღქმაში დადგება ლეგიტიმაციის პრობლემა“, – განაცხადა სიორიძემ 1 ნოემბერს.
თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის შეფასებისას, აშშ-ის საელჩომ განაცხადა, რომ საჩივრების განხილვისა და ხმების შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გადათვლის პროცესი არის „ტესტიც და შესაძლებლობაც ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და სასამართლოებისთვის. ამ ინსტიტუტებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნება, თავიანთი მოვალეობა გამჭვირვალედ და მიუკერძოებლად შეასრულონ“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)