ირაკლი კობახიძე: „არავითარი ვალდებულება არ გვაქვს, რაიმე საკონსტიტუციო ცვლილება მივიღოთ“

პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით 7 სექტემბერს მიღებულ საკონსტიტუციო ცვლილებებზე საუბრისას, რომელთა მიხედვითაც, 5%-იანი საარჩევნო ბარიერი, 2%-იანით უნდა შეიცვალოს, განაცხადა, რომ მმართველ გუნდს რაიმე საკონსტიტუციო ცვლილების მიღების ვალდებულება არ აქვს.

საგულისხმოა, რომ საარჩევნო ბარიერის დაწევისთვის საჭირო საკონსტიტუციო ცვლილებები მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის 19 აპრილის შეთანხმების ნაწილია. ქართულმა ოცნებამ შეთანხმება ივლისში ცალმხრივად დატოვა და თქვა, რომ ის „ანულირებულია“.

ირაკლი კობახიძემ განმარტა, რომ დღეს საქართველოს აქვს დემოკრატიული კონსტიტუცია, სადაც „დადგენილია პროპორციული საარჩევნო სისტემა 5%-იანი დემოკრატიული საარჩევნო ბარიერით“.

აღნიშნა რა, რომ მმართველი გუნდი საარჩევნო ბარიერის დაწევაზე მსჯელობას გააგრძელებს, ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა, რომ რომც არაფერი შეიცვალოს, ამით „დემოკრატიულ განვითარებას არავითარი ზიანი არ მიადგება“ და „შეიძლება უკეთესიც იყოს“.

ირაკლი კობახიძის განცხადება, პატიმრობაში მყოფი მოშიმშილე ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ოპოზიციისადმი საპარლამენტო მანდატებზე უარისა და ქუჩაში გასვლისკენ 1 ნოემბრის მოწოდებას მოჰყვა. პარლამენტიდან ოპოზიციის შესაძლო გასვლაზე საუბრისას, ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა, რომ ცვლილებების მიღება საკონსტიტუციო უმრავლესობის (113 ხმა) გარეშე ვერ მოხერხდება. მოცემული მომენტისთვის ქართულ ოცნებას პარლამენტში 84 დეპუტატი ჰყავს.

2 ნოემბერს საპატიმროდან გამოგზავნილ კიდევ ერთ წერილში, მიხეილ სააკაშვილმა განმარტა, რომ ოპოზიციამ მანდატები საკონსტიტუციო ცვლილებებამდე უნდა შეინარჩუნოს. „ტაქტიკური ამოცანების გადაჭრის შემდეგ, მანდატებს ყველანი აუცილებლად ჩავაბარებთ“, – დასძინა მანვე.


19 აპრილის შეთანხმებიდან გასვლის შემდეგ, ქართული ოცნების დეპუტატებმა თქვეს, რომ ისინი შეთანხმების პირობების ერთგულნი დარჩებოდნენ. მოგვიანებით, მმართველ გუნდში განაცხადეს, რომ გააგრძელებდნენ მსჯელობას ცვლილებათა პაკეტის იმ ნაწილზე, რომელიც გენერალური პროკურორის 3/5-იანი უმრავლესობით არჩევის წესს ითვალისწინებს. აღნიშნულს ევროკავშირისა და აშშ-ის მწვავე კრიტიკა მოჰყვა.

მოგვიანებით, ქართული ოცნების დეპუტატმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ მმართველი გუნდი 2%-იანი საარჩევნო ბარიერის 3%-მდე ზრდას განიხილავს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)