აშშ „დახურულ“ სასამართლო სისტემას აკრიტიკებს
აშშ-ის საელჩომ საქართველოში 2 ნოემბერს გვიან განცხადება გამოაქვეყნა, სადაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი მოსამართლე წევრის „კონკურსისა და გამჭვირვალობის გარეშე“ ნაჩქარევად დანიშვნები გააკრიტიკა.
„დასანანია, რომ სასამართლო სისტემამ ხელიდან გაუშვა შესაძლებლობა წარმოეჩინა გამჭვირვალობა და კვლავ ვერ შეძლო თავისი წევრების არჩევა კონკურენტული და დემოკრატიული საარჩევნო პროცესის მეშვეობით“, – ნათქვამია განცხადებაში.
საელჩოს თქმით, „სასამართლო სისტემის ბევრი კვალიფიციური პროფესიონალი წევრი, რომელიც დახურული სისტემის გამო გამოთიშულია ამ პროცესიდან, უკეთესს იმსახურებს“.
„სასამართლო სისტემის ხელმძღვანელები ამტკიცებენ, რომ სასამართლო სისტემას უსამართლოდ აკრიტიკებენ გამჭვირვალე და დამსახურებაზე დაფუძნებული დანიშვნების, დაწინაურების ან ცვლილების არარსებობის გამო“, – ვკითხულობთ განცხადებაში. „თუმცა, როდესაც მოსამართლეთა კონფერენცია ნაჩქარევად იღებს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს კონკურსისა და გამჭვირვალობის გარეშე, იგი წარმოაჩენს, რომ არ სურს რეფორმების განხორციელება, რომელმაც უნდა გაზარდოს გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება და საზოგადოების ნდობა დანიშვნების პროცესის, კანდიდატებისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართ“.
აშშ-ის საელჩომ აღნიშნა, რომ ინფორმაცია ვადამდელი გადადგომის შედეგად დარჩენილი ორი ვაკანტური ადგილის შევსების განზრახვის შესახებ ცნობილი არ ყოფილა. საელჩომ პროცესი იმის გამოც გააკრიტიკა, რომ არ ყოფილა კონსულტაციების ან მონაწილეობის შესაძლებლობა „ფართო სპექტრის კვალიფიციური კანდიდატებისთვის და არც სამოქალაქო საზოგადოებისა და შესაბამისი დაინტერესებული მხარეების მნიშვნელოვანი ჩართულობის შესაძლებლობა“.
„შეერთებული შტატები დიდი ხანია ესწრაფვის კვალიფიციური და საქმისადმი ერთგული მოსამართლეთა კორპუსის ჩამოყალიბებას და, ამავდროულად, მოუწოდებს რეფორმების განხორციელებისკენ, რომელიც იმ მოსამართლეთა ანგარიშვალდებულების შესაძლებლობას გააჩენს, რომლებიც ძირს უთხრიან სასამართლო სისტემის ლეგიტიმურობას. ეს გულისხმობს საკანონმდებლო ცვლილებებს კორპორატივიზმის თავიდან აცილებისა და დემოკრატიის, თანასწორობისა და კანონის უზენაესობის პრინციპების უზრუნველყოფისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.
დასასრულს, აშშ-ის საელჩომ განაცხადა, რომ ანგარიშვალდებულ, პროფესიონალურ და გამჭირვალე სასამართლო სისტემას „არსებითი მნიშვნელობა აქვს საქართველოს მიერ არჩეული ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე“.
ასევე წაიკითხეთ:
- ევროკავშირი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების დანიშვნას აკრიტიკებს
- კრიტიკის ფონზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი მოსამართლე წევრი აირჩიეს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)