პრეზიდენტი კოვიდპასპორტებსა და რისკჯგუფებისთვის სავალდებულო აცრაზე საუბრობს
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ხელისუფლებას ვაქცინაციის ტემპის დასაჩქარებლად „სასწრაფო და მკაცრი“ ზომების მიღებისკენ მოუწოდა, მათ შორის, რისკჯგუფებისთვის სავალდებულო აცრის შემოღების გზით.
3 ნოემბერს საღამოს გამართულ ბრიფინგზე, პრეზიდენტი გამოვიდა ინიციატივით, რომ მოქალაქეებისთვის საჯარო სივრცეებში შესვლისთვის კოვიდპასპორტების წარდგენა იყოს საჭირო, ხოლო კოვიდდადასტურებული აუცრელი ადამიანების მკურნალობა ფასიანი გახდეს.
მანვე აღნიშნა, რომ დღევანდელი ეპიდემიოლოგიური მდგომარება „კატასტროფულია“ და მთელი პასუხისმგებლობა ოფიციალურ პირებს, მათ შორის, საკუთარ თავს დააკისრა, „რომლებსაც უფრო აქტიური კამპანიის ჩატარება გვევალება ვაქცინაციის პოპულარიზაციისთვის და მეტი გამბედაობა“.
ზურაბიშვილის თქმით, პასუხისმგებლობა ასევე ეკისრებათ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც დემონსტრაციებს მართავენ „რეგულაციებისა და სიფრთხილის მიუხედავად“.
საქართველოს პრეზიდენტმა საპატრიარქოც გააკრიტიკა, რომელიც თავს იკავებს ვაქცინაციაზე კურთხევის მიცემისგან, რაც „საშუალებას უტოვებს ცალკეულ სასულიერო პირებს, რომ იქადაგონ ანტივაქსერული პროპაგანდა“.
ამ კონტექსტში, ზურაბიშვილმა მოუწოდა საპატრიარქოს, რომ „ეკლესიამ მისცეს მრევლს მკაფიო მითითება და მაგალითი“. ბრიფინგის გამართვამდე რამდენიმე საათით ადრე, იგი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია II-ს შეხვდა.
პრეზიდენტმა სამედიცინო სფეროს ის წარმომადგენლებიც გააკრიტიკა, რომლებიც აცრისგან თავს იკავებენ და აღნიშნა, რომ მათი „შეხედულებები საერთო საქმეს ავნებს“. მან იმ მოქალაქეების პასუხისმგებლობაც დააყენა, რომლებიც „პირადი შიშების და საკუთარი ჯანმრთელობის გამო, ქვეყანას დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე აყენებს“.
პრეზიდენტის თქმით, მას მიუღებლად მიაჩნია ეკონომიკური აქტივობების შეზღუდვა და ნებისმიერი ჩაკეტვა, ვინაიდან ეს „დააზარალებს ქვეყნის ეკონომიკას და პირველ რიგში, მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც ისედაც იმყოფება უმძიმესი სოციალური გამოწვევების წინაშე“.
პრეზიდენტის განცხადებამდე, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა არაერთხელ თქვეს, რომ სავალდებულო ვაქცინაციას არ ემხრობიან. 25 ოქტომბერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ სავალდებულო ვაქცინაციას „არ დაუშვებს“ და რომ მოქალაქეებს „აქვთ თავისუფალი არჩევანის უფლება და საშუალება“.
ამასთან, მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა განაცხადა, რომ პასუხისმგებლობას ვერ აიღებს ვაქცინაციის „პროპაგანდასთან“ მიმართებით.
4 ნოემბრის მონაცემებით, ქვეყანაში (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა) კოვიდ-19-ის 738 171 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 678 288 გამოჯანმრთელდა, 10 238 კი – გარდაიცვალა. დღეს ვირუსის 5 206 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 4 648 გამოჯანმრთელდა, 53 გარდაიცვალა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, 4 ნოემბრის მონაცემებით, მოზრდილი მოსახლეობის მხოლოდ 33.1%-ია სრულად აცრილი, მინიმუმ ერთი დოზით კი – 36.7%. გუშინ სულ 3 469 აცრა ჩატარდა.
ხელისუფლება წლის ბოლომდე მოზრდილი მოსახლეობის 60%-ის აცრას გეგმავს (დაახლოები 1.7 მლნ მოქალაქე, 2 841 132-დან).
ასევე წაიკითხეთ:
- პრემიერ-მინისტრი: „არ დავუშვებ სავალდებულო ვაქცინაციას“
- საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)