ასლან ბჟანია მოსკოვში ვიზიტს აჯამებს
ოკუპირებული აფხაზეთის ლიდერმა, ასლან ბჟანიამ ადგილობრივ ტელეკომპანიას უთხრა, რომ ცოტა ხნის წინ მოსკოვში გამართული ვიზიტის დროს, ძირითადად, რეგიონის განვითარების 2022-2025 წლების პროგრამაზე გაამახვილეს ყურადღება, რომელიც რუსეთის თანადაფინანსებით უნდა განხორციელდეს.
2 ნოემბრის ინტერვიუში, სხვა საკითხებთან ერთად, მან აფხაზეთისთვის რუსეთის მიერ გაწეულ დახმარებაზე, რეგიონში ელექტროენერგიის დეფიციტსა და კრიპტოვალუტის მოპოვებაზე ისაუბრა.
მოსკოვში 26-29 ოქტომბრის ვიზიტის დროს, ბჟანია რუსეთის სპორტის მინისტრს, ოლეგ მატიცინს, ტრანსპორტის მინისტრს, ვიტალი საველიევს, ვიცე-პრემიერს, ალექსანდრ ნოვაკს, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილეს, დმიტრი კოზაკსა და უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეს, რაშიდ ნურგალიევს შეხვდა.
რუსული დახმარება
ბჟანიას თქმით, 2022-2025 პროგრამის ფარგლებში, რუსეთი აფხაზეთის ხელისუფლებას მცირე და საშუალო ბიზნესებისა და სოფლის მეურნეობის მხარდაჭერაში დაეხმარება.
ბჟანიას თქმით, პროგრამა ასევე ითვალისწინებს დაახლოებით 13 000 „საბიუჯეტო“ თანამშრომლის ხელფასების ზრდას საშუალოდ 40 000 რუბლამდე 2025 წლისთვის.
მან ასევე აღნიშნა, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები კრემლის წარმომადგენლებთან ოკუპირებული რეგიონის ეკონომიკის დახმარების მიზნით ერთობლივი რუსულ-აფხაზური ფონდის ჩამოსაყალიბებლად. თუმცა, დეტალებზე საუბრისგან ან ფონდის დაარსების თარიღის დაზუსტებისგან მან თავი შეიკავა.
ელექტროენერგიის დეფიციტი და კრიპტოვალუტის მოპოვება
აღნიშნა რა, რომ რეგიონი ელექტროენერგიის დეფიციტს განიცდის, ბჟანიამ განაცხადა, რომ მოსკოვში გამართული მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი თემა სწორედ აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის მიწოდება იყო.
გაიხსენა რა, რომ შარშან რუსეთმა ოკუპირებულ რეგიონს ელექტროენერგია უფასოდ მიაწოდა, ბჟანიამ ხაზი გაუსვა, რომ მოსკოვის დახმარება უსასრულო არ იქნება.
ბჟანიამ ასევე განაცხადა, რომ დაახლოებით 500 მლნ კილოვატი ელექტროენერგია კრიპტოვალუტის უკანონო მოპოვებაზე იხარჯება, ხოლო ბაღები, საავადმყოფოები და საგანმანათლებლო დაწესებულებები ელექტროენერგიის გარეშე რჩებიან. მანვე დასძინა, რომ მზარდი მოპოვება ელექტროხაზებზე ხშირ დაზიანებებს იწვევს.
აფხაზეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ ხელისუფლება კრიპტოვალუტის ლეგალური მოპოვებისთვის ტექნოპარკის ჩამოყალიბებას გეგმავს და პირობა დადო, რომ უკანონო მოპოვებისთვის ბრძოლა გაგრძელდება.
მისივე თქმით, ამ საქმეში ხელისუფლებას რეგიონის მოსახლეობის დახმარებაც დასჭირდება. „თუ გვინდა, რომ სახლში ელექტროენერგია გვქონდეს, ამ საქმეში დახმარება გვჭირდება“, – განაცხადა ბჟანიამ და დასძინა, რომ მან ეს საკითხი მოსკოვშიც დააყენა, იმ იმედით, რომ რუსეთი დაეხმარება.
მისივე თქმით, საჭიროა „დავკმაყოფილდეთ იმ შესაძლებლობებით, რაც გაგვაჩნია“. მას ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია ჰქონდა მხედველობაში.
ენგურჰესის 271.5 მეტრი სიმაღლის ბეტონის თაღოვანი კაშხალი ადმინისტრაციული საზღვრის თბილისის მიერ კონტროლირებად მხარეს მდებარეობს, ხოლო მისი ხუთი გენერატორი გალის რაიონში, ოკუპირებული აფხაზეთის მხარესაა. თბილისსა და სოხუმს შორის არსებული არაფორმალური შეთანხების თანახმად, ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიას თბილისი და სოხუმი იყოფენ. აფხაზეთის ენერგოკრიზისი განსაკუთრებით მას შემდეგ გამწვავდა, რაც 2021 წლის დასაწყისში ენგურჰესი რამდენიმე თვით რეკონსტრუქციის გამო გაითიშა და რეგიონს მხოლოდ რუსეთის მიერ მოწოდებული ელექტროენერგიის გამოყენება მოუწია.
ასევე წაიკითხეთ:
- გადადგომის თაობაზე მოთხოვნების მიუხედავად, აფხაზეთის „შს მინისტრი“ საქმიანობას დაუბრუნდა
- ასლან ბჟანია მოსკოვს სტუმრობს
- ბჟანია აიბღას სასაზღვრო მონაკვეთზე, ენერგეტიკისა და თბილისთან ვაჭრობის შესახებ საუბრობს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)