ქუთაისში მოძრაობა „სირცხვილიას“ ორი აქტივისტი საეჭვო ვითარებაში დააკავეს
4 ნოემბერს, საღამოს, სამართალდამცველებმა ქუთაისის ცენტრში სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას“ ქუთაისის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელი – მიშიკო მუმლაძე და აქტივისტი იმედა ონიანი დააკავეს.
დაკავების შესახებ ინფორმაცია Facebook-ზე „სირცხვილიას“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, შოთა დიღმელაშვილმა გაავრცელა. მისი თქმით, პოლიციამ აქტივისტები ხიდზე გადმოსაფენი საპროტესტო ბანერების მომზადებისას დააკავა.
მისივე ცნობით, ქუთაისში დაკავებულებს ოჯახის ახლობლებმა და მეგობრებმა მხოლოდ რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ, სამტრედიის წინასწარი მოთავსების იზოლატორში მიაკვლიეს.
დაკავებულების ადვოკატმა, ელისო დათუსანმა დღეს მედიასთან საუბარში განმარტა, რომ მისთვის საქმის მასალები ჯერ არ გადაუციათ, შესაბამისად უცნობია, კონკრეტულად რას ედავება აქტივისტებს გამოძიება. ადვოკატის თქმით, სამართალდარღვევის ოქმი არც დაკავებულთათვის ჩაუბარებიათ და ბრალის ზუსტი ფორმულირება მათთვისაც უცნობია.
ადვოკატის მტკიცებით, სამართალდამცველებმა აქტივისტები ქუთაისის ცენტრალური მოედნის მიმდებარედ, ერთ-ერთ „მიტოვებულ შენობაში“ იქამდე დააკავეს, სანამ საპროტესტო ბანერს სადმე გამოფენდნენ.
დაკავებულების სასამართლო პროცესი ქუთაისის რაიონულ სასამართლოში დღეს უნდა გამართულიყო, თუმცა ცოტა ხნის წინ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პროცესი არ დანიშნულა და რომ დაკავებულები კვლავაც წინასწარი მოთავსების იზოლატორში რჩებიან.
„სამოქალაქო საქართველომ“ დეტალების დაზუსტება შინაგან საქმეთა სამინისტროში სცადა. უწყებამ კონკრეტული მუხლის მითითების გარეშე, მხოლოდ ის გვითხრა, რომ ორივე აქტივისტი ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული.
სამოქალაქო სექტორი აქტივისტების საპროტესტო ბანერის მომზადების გამო დაკავებას საზოგადოების „დაშინების“ მცდელობად და „შემაშფოთებელ“ მოვლენად აფასებენ.
„სახელმწიფოს ეშინია პროტესტის, ყველა იმ კერის, რომელმაც, შესაძლოა, გამოიწვიოს [წინააღმდეგობის] რაღაცა ტალღა“, – უთხრა ჟურნალისტებს „სირცხვილიას“ ერთ-ერთმა აქტივისტმა გიგა მაქარაშვილმა.
„პატრიოტი ადამიანების დევნისგან“ თავი შეკავებისკენ მოუწოდა ხელისუფლებას ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია „რეგიონული გაძლიერება დემოკრატიისთვის“ წარმომადგენელმა, აკაკი საღინაძემ და დასძინა, რომ აქტივისტების დაკავების მიზანი მოქალაქეებში „შიშების გაძლიერებაა“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)