სუს-ის თქმით, ოპოზიცია მისი ერთ-ერთი ლიდერის მკვლელობას გეგმავს
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 6 ნოემბერს განაცხადა, რომ ოპოზიციური პარტიების მიერ დღეს დაგეგმილი აქციის ორგანიზატორები „აქტიურად განიხილავენ“ ერთ-ერთი ოპოზიციონერი ლიდერის მკვლელობას.
სუს-ის განცხადება ოპოზიციის მიერ დღეს საღამოს, თბილისში დაგეგმილ აქციას უსწრებს, სადაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და სხვა ოპოზიციური პარტიები თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურების „გაყალბებას“ გააპროტესტებენ.
ნაციონალური მოძრაობა დღეს პატიმრობაში მყოფი მოშიმშლე ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, აქციას რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან გამართავს. პარტიის თქმით, პროტესტი პერმანენტული იქნება.
სუს-ის ცნობით, დღვანდელი აქციის ორგანიზატორები ასევე გეგმავენ პარლამენტის, მთავრობის ადმინისტრაციის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის, იუსტიციის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობების ბლოკირებას, ასევე რუსთავის ციხიესთან მისასვლელი გზების გადაკეტვას.
ამავე ინფორმაციით, „სიტუაციის მაქსიმალური ესკალაციისა და სხვადასხვა პროვოკაციული ქმედებების ორგანიზების უზრუნველსაყოფად, აქციაში დაგეგმილია ძალოვანი სტრუქტურების ყოფილი თანამშრომლების ჩართვა“.
„აღნიშნული ქმედებები, რომელთა მიზანია ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა, იგეგმება მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის მიერ, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებაში მის სანახავად შესულ პირთა მეშვეობით, აძლევს დირექტივებს სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერებს“, – ვკითხულობთ სუს-ის განცხადებაში.
სუს-მა არ დააზუსტა, კონკრეტულად ვინ გეგმავს მკვლელობას და რომელი ოპოზიციონერი ლიდერია სამიზნე. უწყებაში ასევე არ თქვეს, დაიწყო თუ არა საქმეზე გამოძიება.
მანამდე, 29 ოქტომბერს, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურებამდე ერთი დღით ადრე, სუს-ში განაცხადეს, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრების ჩართულობით, „ხელისუფლების დამხობის მიზნით“ შესაძლო „შეთქმულების“ საქმეს იძიებს.
მაშინ სუს-ის ამ განცხადებას „ბოდვა“ და „სრული სიგიჟე“ უწოდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა, ლევან ხაბეიშვილმა.
უკვე დიდი ხანია, რაც ქართული ოცნების ხელისუფლება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხრიდან ოპოზიციონიერი ლიდერების მკვლელობის გეგმაზე საუბრობს.
28 ოქტომბერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ პარტია, 2 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირზე, მხარდამჭერების შეკრებას გეგმავდა, სადაც მიხეილ სააკაშვილი გამოჩნდებოდა, რასაც დაპირისპირება და პოლიციის მხრიდან სპეციალური საშუალებების გამოყენება მოჰყვებოდა.
მანვე ხაზი გაუსვა, რომ ქაოსის შექმნის მიზნით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა რამდენიმე ოპოზიციონერი ლიდერის მკვლელობასაც გეგმავდა.
3 ოქტომბერს, ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ გაიმეორა და მიხეილ სააკაშვილის, თაოსნობით ქვეყანაში „ბინძური პროვოკაცია“ იგეგმებოდა. მათ შორის, განიხილებოდა „რამდენიმე ოპოზიციური ლიდერის მკვლელობა[ც]“.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, 1 ოტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ერთი დღით ადრე დააკავეს. იგი უკვე 37-ე დღეა შიმშილობს.
ასევე წაიკითხეთ:
- სუსი მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ რევოლუციისკენ მოწოდებები დანაშაულია
- სააკაშვილი მხარდამჭერებს ქართული ოცნებისთვის „ხელისუფლების წართმევისკენ“ მოუწოდებს
- მუხლი 315: (არარსებულ?) შეთქმულებათა ქრონიკა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)