მთავრობა დეკემბრიდან კოვიდის „მწვანე პასპორტებს“ შემოიღებს
საქართველოს მთავრობა პირველი დეკემბრიდან სხვადასხვა ობიექტსა თუ დაწესებულებაში შესასვლელად კოვიდ-19-ის „მწვანე პასპორტის“ მოთხოვნის შემოღებას გეგმავს.
მოქალაქეს „მწვანე პასპორტი“ მიენიჭება თუკი სრულად, ორი დოზითაა ვირუსის საწინააღმდეგოდ აცრილი, ან გადატანილი აქვს ვირუსი, ან გააჩნია მაქსიმუმ 72 საათით ადრე გაკეთებული პჯრ ტესტი (პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის – PCR) უარყოფითი პასუხით ან — 24 საათის ვადაში გაკეთებული სწრაფი/ანტიგენის ტესტი.
პირველი დეკემბრიდან 18 წელს მიღწეულ მოქალაქეებს მხოლოდ და მხოლოდ „მწვანე პასპორტით“ შეეძლებათ შესვლა კვების ობიექტებში, რესტორნებში, კაფე-ბარების ღია თუ დახურულ სივრცეებში, კინოთეატრებში, ოპერაში, მუზეუმებში, საკონცერტო დარბაზებში, სამორინეებსა და სათამაშო ბიზნესის ობიექტებში, სპა-ცენტრებში, სავარჯიშო დარბაზებში, სასტუმროებსა და სამთო კურორტების საბაგირო გზებზე.
ამ დაწესებულებებში შესასვლელად „მწვანე პასპორტის“ წარმოდგენა მხოლოდ სტუმრებს მოუწევთ.
ამასთან, დღეიდან, პენსიონერი, რომელიც 2022 წლის პირველ იანვრამდე აიცრება მთავრობისაგან 200 ლარიან ერთჯერად დახმარებას მიიღებს. დანამატს პენსიონერი მოქალაქე პირველი აცრის შემდეგ მიიღებს.
მთავრობა იმედოვნებს, რომ ამ წამახალისებელი და შემზღუდავი ღონისძიებებით ქვეყანაში ვაქცინაციის შენელებული ტემპი მოიმატებს. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, „სავალდებულო ვაქცინაცია ადამიანების არჩევანში უხეში ჩარევაა“ და რომ ნაცვლად ამისა, მთავრობა „ყველაფერს გააკეთებს“, მოქალაქეები აცრის საჭიროებაში დაარწმუნოს.
- კოვიდ-19: 50 წლის ზემოთ მოქალაქეებს მესამე დოზით აცრა შეეძლებათ
- ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლები ვაქცინაციის ტემპის შენელების გამო წუხან
საქართველოში ვაქცინაცია კოვიდ-19-ის წინააღმდეგ მარტის შუა რიცხვებიდან დაიწყო. ზაფხულის მიწურულის ვაქცინაციის პიკის შემდეგ, უკვე ორი თვეა, აცრების რაოდენობა განუხრელად იკლებს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანახმად, 8 ნოემბრის დილისათვის, ერთი დოზით მაინც აცრილია 1 049 193 მოქალაქე, რომელთაგანაც სრულად ვაქცინირებულია 952 831 ადამიანი. გუშინ, 7 ნოემბერს 1 204 აცრა ჩატარდა.
ამჟამად, კოვიდის საწინააღმდეგო აცრა, ჩვეულებრივ შემთხვევაში, 16 წელს მიღწეული მოქალაქეებისთვისაა ნებადართული. ამასთან, 7 ოქტომბრიდან, დაშვებულია იმ 12-15 წლის მოზარდების ვაქცინაციაც, რომელთაც ქრონიკული დაავადებები აქვთ.
ასევე, 7 ოქტომბრიდან დაწყებული, 50 წელს მიღწეულ მოქალაქეებს, ქრონიკულ დაავადებათა მქონე ნებისმიერი ასაკის პირებსა და მაღალრისკიანი პროფესიით მომუშავე ადამიანებს მესამე დოზით (ე.წ. „ბუსტერი“, იგივე გამაძლიერებელი) აცრაც შეეძლებათ.
ამჟამად, ქვეყანაში ხელმისაწვდომია ამერიკულ-გერმანული ფაიზერისა და ჩინური სინოფარმისა და სინოვაკის ვაქცინები.
მთავრობის მიერ იანვარში წარმოდგენილი გეგმით, ქვეყანაში წლის ბოლომდე 18 წელს მიტანებული მოსახლეობის 60%-მა, ანუ 1.7 მილიონმა მოქალაქემ უნდა აიცრას.
კოვიდ-19-ის შესახებ სიახლეებისათვის მიჰყევით ჩვენს ბლოგს:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)