ბათუმის პორტს ორი ამერიკული სამხედრო ხომალდი სტუმრობს
8 ნოემბერს, ბათუმში, დაგეგმილი საპორტო ვიზიტის ფარგლებში ორი ამერიკული სამხედრო ხომალდი – Blue RIdge-ის კლასის სამეთაურო და მართვის ხომალდი Mount Whitney (LLC 20) და Arleigh Burke-ის კლასის მართვალი სარაკეტო გამანადგურებელი ხომალდი Porter (DDG 78) შემოვიდა.
ორივე ხომალდი აშშ-ის საზღვაო ძალების ევროპისა და აფრიკის მეექვსე ფლოტის შემადეგნლობაშია. მეექვსე ფლოტის განცხადებით, ვიზიტი ხაზს უსვამს „ნატოს მოკავშირეებსა და შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელოვან პარტნიორ საქართველოს შორის მნიშვნელოვან ურთიერთობას“.
განცხადების თანახმად, აშშ-ის მეექვსე ფლოტისა და ნატოს დამრტყმელი და დამხმარე ძალების პირადი შემადგენლობა Mount Whitney-ზე იმყოფება და ერთიან გუნდად მოქმედებს.
„სარდლობებს შორის თავსებადობა და მათი ყოფნა ამ რეგიონში წარმოაჩენს შავი ზღვის რეგიონის, ასევე მოკავშირეებთან და პარტნიორებთან თანამშრომლობის მიმართ აშშ-ისა და ნატოს ერთგულებას მშვიდობისა და კეთილდღეობის მხარდასაჭერად“, – განაცხადა მეექვსე ფლოტმა.
ორი ამერიკული ხომალდი შავ ზღვაში 4 ნოემბერს შემოვიდა, სადაც ნატოს მოკავშირეებთან და რეგიონულ პარტნიორებთან ერთად საზღვარო ოპერაციებს ატარებს. ბათუმში ჩამოსვლამდე, ორივე გემმა, ბულგარეთისა და თურქეთის საზღვაო ძალების გემებთან ერთად, მონაწილეობა მიიღო ორმხრივი მანევრირების წვრთნებში, კომუნიკაციის შემოწმებასა და სიმულაციურ სავარჯიშოებში.
აღსანიშნავია, რომ USS Porter საქართველოს მეოთხედ სტუმრობს, ხოლო USS Mount Whitney, მეექვსე ფლოტის ფლაგმანი, ქვეყანის ტერიტორიულ წყლებში მეხუთედ იმყოფება. ეს უკანასკნელი იყო იმ სამ გემს შორისაც, რომელიც საქართველოს სანაპიროს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ჰუმანიტარული დახმარების ჩამოსატანად სტუმრობდა.
რუსეთის რეაქცია
ამერიკული გემების შავ ზღვაში შემოსვლა უკომენტაროდ არ დაუტოვებია რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს. რუსული საინფორმაციო სააგენტოს „ტასის“ ცნობით, 7 ნოემბერს რუსმა მინისტრმა განაცხადა, რომ შესაძლო პროვოკაციების გამო, მოსკოვი ყურადღებით აკვირდება შავ ზღვაზე ამერიკული ხომალდების მოქმედებებს.
რუსი თავდაცვის მინისტრი იმტკიცება, რომ ამერიკული ხომალდების მოქმედებები შავ ზღვაში მიზნად ისახავს რუსეთის გამოცდას, ასევე შავი ზღვის სანაპიროსა და რუსეთის სამხრეთი საზღვრის გასწვრივ მისი სისტემების ეფექტურობისა და მზადყოფნის შემოწმებას.
„რამდენადაც ვიცი, ისინი შემდეგ წვრთნებს მართავენ ჩვენს მეზობლებთან, ქართულ და უკრაინულ სამხედრო-საზღვაო ძალებთან ერთად. თუმცა, ჩვენც ვმართავთ წვრთნებს და ვაპირებთ მათ გაგრძელებას“, – დასძინა შოიგუმ.
ასევე ნახეთ:
- ნატოს 5 სამხედრო ხომალდი ბათუმის პორტს სტუმრობს
- ბათუმის პორტს აშშ-ის სანაპირო დაცვის ხომალდი სტუმრობს
- ბათუმის პორტს ამერიკული ნაღმოსანი ხომალდი სტუმრობს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)