სახალხო დამცველის თქმით, სააკაშვილის ციხის ჰოსპიტალში მოთავსება ლახავს მის ღირსებას
სახალხო დამცველის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოთავსება პენიტენციური სამსახურის სამკურნალო დაწესებულებაში „ცალსახად არღვევს სახელმწიფოს მიერ ადამიანის ღირსების პატივისცემის ვალდებულებას“. მან იუსტიციის მინისტრსა და პენიტენციურ სამსახურს სააკაშვილის ალტერნატიულ სამედიცინო დაწესებულებაში დაუყოვნებლივ გადაყვანისკენ მოუწოდა.
განცხადება დღეს მას შემდეგ გაკეთდა, რაც სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ წინა ღამით მიხეილ სააკაშვილი პირადად მოინახულა.
გლდანში მდებარე N18 სამკურნალო დაწესებულებაში სააკაშვილის გადაყვანის შესახებ პენიტენციურმა სამსახურმა გუშინ, დღის მეორე ნახევარში განაცხადა. მანამდე ყოფილი პრეზიდენტის ადგილსამყოფელის შესახებ მისმა ოჯახმა და ადვოკატებმა დაახლოებით ერთი საათის მანძილზე არაფერი იცოდნენ. აღნიშნულ დაწესებულებაში გადაყვანას სააკაშვილი და მისი ადვოკატები კვირების მანძილზე ეწინააღმდეგებოდნენ უსაფრთხოების რისკებისა და საავადმყოფოს არასათანადო აღჭურვის არგუმენტებით. მსგავს რისკებზე ასევე საუბრობდა სახალხო დამცველიც.
სახალხო დამცველის თქმით, მიხეილ სააკაშვილმა შეხვედრისას ლომჯარიას უთხრა, რომ მან არ იცოდა გლდანის პენიტენციურ საავადმყოფოში გადაყვანის შესახებ და თავდაპირველად მას უთხრეს, რომ იგი მულტიფუნქციურ, სამოქალაქო კლინიკაში გადაყავდათ, რასაც იგი დასთანხმდა. განცხადებაში ნათქვამია, რომ სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებმა რუსთავის N12 დაწესებულებაში, სადაც ყოფილი პრეზიდენტი აქამდე იმყოფებოდა, „სააკაშვილის N18 დაწესებულებაში ეტაპირების შესახებ ინფორმირების ან მისი თანხმობის თაობაზე რაიმე დოკუმენტი ვერ მოიძიეს“.
სააკაშვილმა სახალხო დამცველს ასევე შეატყობინა, რომ იგი გლდანის დაწესებულებაში ძალის გამოყენებით შეასახლეს, რის შესახებაც სახალხო დამცველის აპარატმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს გამოძიების დაწყების მიზნით ინფორმაცია მიაწოდა.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ პატიმართაგან, რომლებიც იქვე მდებარე მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში, საპყრობილეში იმყოფებიან, სააკაშვილის მიმართ „შეურაცხმყოფელი და მუქარის შემცველი შეძახილები“ ისმის, რაც, „მაღალი ალბათობით“, გაგრძელდება და მსგავს აგრესიას ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატები თუ სხვა ვიზიტორებიც დაექვემდებარებიან. სახალხო დამცველის თქმით, აღნიშნული გარემო „უხეშად არღვევს ადამიანის ღირსების უფლებას“.
სახალხო დამცველმა ასევე გაიმეორა თავისი ძველი განცხადებების შინაარსი N18 დაწესებულებაში გადაყვანის რისკების შესახებ, კერძოდ კი, რომ ეს გამოიწვევდა „N8 და N18 დაწესებულებების დეზორგანიზაციას, ვერბალური აგრესიის, ხმაურისა და შეურაცხყოფის მნიშვნელოვანი საფრთხის გამო.“ განცხადების თანახმად, აპარატმა დაადგინა, რომ, სულ მცირე, 2021 წლის 18 იანვრის შემდეგ, გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში რუსთავის მე-12 ციხიდან, სადაც მსჯავრდებული ყოფილი საჯარო და პოლიტიკური მოხელეები იმყოფებიან, არც ერთი სხვა პატიმარი არ გადაუყვანიათ.
რაც შეეხება სამედიცინო აღჭურვას, სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ წინა შემოწმებების შემდეგ გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში დამატებით მიიტანეს კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატი, თუმცა, მიუხედავად კონსილიუმის მოთხოვნისა, კვლავ არ ფუნქციონირებს კათეტერიზაციის ლაბორატორია და არ არის მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფიის აპარატი.
განცხადების თანახმად, სააკაშვილი შიმშილობას აგრძელებს, „არ იღებს სათანადო მედიკამენტებს, შიმშილობის პროცედურებისთვის აუცილებელ მინერალებსა და ვიტამინებს“ და უარს აცხადებს სამედიცინო დახმარებაზე.
დღესვე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა, რომელიც, მათ შორის, ძალაუფლების გადამეტების ფაქტებს იძიებს, გამოძიება დაიწყო „სააკაშვილის მიმართ განხორციელებული შესაძლო არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე“.
აღსანიშნავია, რომ იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე გუშინ აცხადებდა, №18 დაწესებულებაში შესახლებისას სააკაშვილმა თანამშრომლებს „როგორც ფიზიკური, ისე სიტყვიერი შეურაცხყოფა“ მიაყენა. პენიტენციურმა სამსახურმა გუშინვე გამოაქვეყნა ყოფილი პრეზიდენტის რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან გასვლის კადრები, სადაც, სამსახურის განცხადებით, „ნათლად ჩანს“, რომ სააკაშვილს არ დაუტოვებია დაწესებულება „მისი ნების საწინააღმდეგოდ“.
ასევე წაიკითხეთ:
- სახალხო დამცველი პენიტენციურ სამსახურს სააკაშვილის კადრების გამოქვეყნების გამო აკრიტიკებს
- სახელმწიფო ინსპექტორი სააკაშვილის მოპყრობასა და პერსონალურ მონაცემებზე
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)