ოპოზიციამ თბილისში აქციები დაიწყო
ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანის, მისი გათავისუფლებისა და „მოპარული“ არჩევნების „დაბრუნების“ მოთხოვნით 8 ნოემბერს თბილისში, თავისუფლების მოედანზე ოპოზიციის აქცია გაიმართა.
აქციის მონაწილეების წინაშე გამოსვლისას, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ პირობა დადო, რომ საპროტესტო აქცია მანამ არ შეწყდება, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.
- სააკაშვილი გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს
- 8 ნოემბრის საღამოს ოპოზიცია თბილისში აქციას გამართავს
- ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ ცნობს და ფართომასშტაბიან აქციას გეგმავს
აქციამდე ორი საათით ადრე ხელისუფლებამ მოშიმშილე ექს-პრეზიდენტი გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანა, მიუხედავად მისი ექიმის, ადვოკატებისა და სახალხო დამცველის აპარატის მოთხოვნისა, პატიმარი მრავალპროფილურ სამოქალაქო საავადმყოფოში გადაეყვანათ.
მელიამ განაცხადა, რომ აქციები გრძელდება და რომ თბილისის ქუჩები არ დაცარიელდება. მანვე მხარდამჭერები გააფრთხილა, არ გამართონ აქცია გლდანის ციხის წინ, რადგანაც ეს შესაძლოა პროვოკაციად აღიქვან.
მისი თქმით, გლდანის ციხეში ყველაზე მძიმე სასჯელით გასამართლებული კრიმინალები სხედან და რომ ციხის წინ აქციის გამართვა ქართულ ოცნების ხელისუფლებას უბიძგებს, ციხეში ბუნტი მოაწყოს და სააკაშვილის სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნას.
მელიამ აღნიშნა, რომ აქციაზე გამოსვლები აღარ იქნება და მოუწოდა მხარდამჭერებს, მთავრობის კანცელარიასთან გადაინაცვლონ და იქ განაგრძონ აქცია.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)