კობახიძე: სახალხო დამცველი ნაციონალური მოძრაობის დღის წესრიგს მიჰყვება
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ სახალხო დამცველის წინააღმდეგ მორიგი ბრალდებები გააჟღერა და განაცხადა, რომ ნინო ლომჯარიასა და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ „ერთი და იგივე დღის წესრიგი“ აქვთ.
ირაკლი კობახიძემ 9 ნოემბერს ჟურნალისტების კითხვების საპასუხოდ განაცხადა, რომ ლომჯარიაც და ნაციონალური მოძრაობაც „ყოველგვარი საფუძვლის გარეშე“ ითხოვენ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანას „იმ რადიკალური გეგმების აღსრულებისთვის, რომელიც გუშინაც ვიხილეთ“.
მმართველი პარტიის თავმჯდომარეს მხედველობაში ჰქონდა გუშინ საღამოს თავისუფლების მოედანზე ოპოზიციის მობილიზაცია სამოქალაქო საავადმყოფოში სააკაშვილის გადაყვანისა და მისი გათავისუფლების მოთხოვნით. მმართველი პარტია აცხადებს, რომ ციხის საავადმყოფოს ნაცვლად სააკაშვილის კერძო კლინიკაში გადაყვანა ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებს ექს-პრეზიდენტის პატიმრობიდან ძალადობრივად გათავისუფლებისკენ უბიძგებს.
„ნინო ლომჯარიაც აჩვენებს იმას, თუ რატომ არ შეიძლება არც ერთი თანამდებობის მიცემა ნაცმოძრაობისთვის იმიტომ, რომ იყენებენ სიცრუისთვის ამ ყველაფერს“, – განაცხადა კობახიძემ.
- კიევი სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვს
- სახალხო დამცველი პენიტენციურ სამსახურს სააკაშვილის კადრების გამოქვეყნების გამო აკრიტიკებს
მიხეილ სააკაშვილი, რომელიც 1-ლი ოქტომბრიდან მოყოლებული შიმშილობს, გუშინ გლდანის ციხის საავადმყოფოში მისი სურვილის საწინააღმდეგოდ გადაიყვანეს მიუხედავად იმისა, რომ თავად ექს-პრეზიდენტი, მისი ექიმი, ადვოკატები და სახალხო დამცველი ამის წინააღმდეგნი იყვნენ.
მანამდე, გლდანის ციხის საავადმყოფოში სააკაშვილის მონახულების შემდეგ, სახალხო დამცველის აპარატმა განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტის მოთავსება პენიტენციური სამსახურის სამკურნალო დაწესებულებაში „ცალსახად არღვევს სახელმწიფოს მიერ ადამიანის ღირსების პატივისცემის ვალდებულებას“.
ნინო ლომჯარიას ბიოგრაფია
საქართველოს პარლამენტმა ნინო ლომჯარია ხუთი წლის ვადით სახალხო დამცველად 2017 წლის ნოემბერში აირჩია. ამ თანამდებობაზე იგი „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობამ არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონსულტაციების შემდეგ წარადგინა.
მანამდე, ლომჯარიას 2016 წლის ნოემბრიდან 2017 წლის ოქტომბრამდე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის პოსტი ეკავა. კიდევ უფრო ადრე კი იგი „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას“ (ISFED) ხელმძღვანელობდა.
- 2020: ირაკლი კობახიძე სახალხო დამცველს აკრიტიკებს
- 2020: არასამთავრობოები სახალხო დამცველის წინააღმდეგ კობახიძის განცხადებას გმობენ
- 2017: პარლამენტმა სახალხო დამცველად ნინო ლომჯარია აირჩია
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)