სააკაშვილის თქმით, ციხის საავადმყოფოში „მოტყუებით“ გადაიყვანეს
გლდანის ციხის საავადმყოფოდან გავრცელებულ პირველ წერილში, მოშიმშილე ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დაწერა, რომ იგი ციხის ჰოსპიტალში გუშინ „მოტყუებით“ გადაიყვანეს. სააკაშვილის თქმით, მას უთხრეს, რომ ჩვეულებრივ, სამოქალაქო კლინიკაში გადაყავდათ.
სააკაშვილის თქმით, გლდანის პენიტენციურ დაწესებულებაში, „კრიმინალების კორპუსთან“ მიყვანისას, მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ექს-პრეზიდენტის თქმით, ციხის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა უთხრა: „აჰა, ჩიტო, ჩაგიგდეთ ხელში“ და აგინა.
ყოფილი პრეზიდენტის გადმოცემით, ამის შემდეგ, „გაფრთხილების გარეშე დაიწყეს ჩემი გადმოთრევა თანამშრომლებმა. მიუხედავად ჩემი კატეგორიული უარისა, გადმომათრიეს მანქანიდან კრიმინალების გინების ქვეშ, გამათრიეს მიწაზე და რამდენჯერმე ჩამარტყეს კისერში“.
- სააკაშვილი გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს
- კიევი სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვს
„მითრიეს თმებით და, რა თქმა უნდა, გავუწიე წინააღმდეგობა, ისევე როგორც პალატაში, სადაც რაღაც გაურკვეველი კრიმინალური შესახედაობის მედპერსონალი მომიახლოვდა და ამ დროს, მართლაც ანალიზატორს გავკარი ხელი იმიტომ, რომ რაღაც ნემსის გაკეთება დაიწყეს ჩემი ნებართვის გარეშე“, – თქვა სააკაშვილმა და დასძინა: „ჩემი რეაქცია იყო გამოწვეული მთელი ამ ძალადობის და შეურაცხყოფის შემდეგ აღელვებით“.
თავის წერილში სააკაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას მოუწონა გადაწყვეტილება, არ გამართონ აქცია გლდანის ციხის წინ. „აქ მზადდებოდა და ახლაც მზადდება პროვოკაცია, რაც მიზნად ისახავს ჩვენი მშვიდობიანი პროტესტის ჩაშლას“, – წერს ექს-პრეზიდენტი.
სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ რუსთავის ციხეში, სადაც იგი პირველი ოქტომბრიდან მოყოლებული გუშინდელამდე 39 დღე იმყოფებოდა, გაუუქმეს შეხვედრა ექიმებთან, ასევე პაემანი დედასა და შვილებთან. ყოფილი პრეზიდენტის ადგილსამყოფელის შესახებ მისმა ოჯახმა და ადვოკატებმა, გუშინ, სულ მცირე, ერთი საათის მანძილზე არაფერი იცოდნენ. სააკაშვილის გადაყვანაზე მედიაში ცნობები დაახლოებით 18 საათზე გავრცელდა, ხოლო პენიტენციურ სამსახურს 18:57-მდე არ უთქვამს, სად გადაჰყავადთ სააკაშვილი.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეა, მშობლიურ ქვეყანაში ფარულად 28-29 სექტემბერის ღამეს ჩამოვიდა. იგი 1 ოქტომბერს, თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს დააპატიმრეს მას შემდეგ, რაც „ფეისბუქზე“ საქართველოში დაბრუნების შესახებ ვიდეო გამოაქვეყნა. დაპატიმრების შემდეგ სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა, რომელიც ამ დრომდე არ შეუწყვეტია.
გლდანის ციხეში გადაყვანას სააკაშვილი და მისი ადვოკატები უსაფრთხოების რისკებისა და საავადმყოფოს არასათანადო აღჭურვის არგუმენტებით კვირების განმავლობაში ეწინააღმდეგებოდნენ.
მსგავს რისკებზე ასევე საუბრობდა სახალხო დამცველიც, რომლის თქმითაც, მიუხედავად დაწესებულების ადმინისტრაციის გაცხადებული მზადყოფნისა, „დაიცვას ნებისმიერი პატიმრის უსაფრთხოება“, თავად დაწესებულების „ინფრასტრუქტურა და გარემო ვერ გამორიცხავს პატიმართა გარკვეული ჯგუფების მხრიდან [სააკაშვილისადმი] ვერბალური აგრესიისა და ხმაურის, სიტყვიერი შეურაცხყოფის თუ ფსიქოლოგიური ზეწოლის რისკებს“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)