უკრაინელი დეპუტატები საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს სააკაშვილის თაობაზე მიმართავენ

უკრაინული მედიასაშუალება Gordon-ის 8 ნოემბრის ცნობებით, უკრაინის პარლამენტის 89 დეპუტატმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ექს-პრეზიდენტ და ამჟამად უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მიმართვა გაუგზავნა.

იმავე დღის საღამოს საათებში სააკაშვილი, რომელიც თვეზე მეტია შიმშილობს, გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს იმის მიუხედავად, რომ ის, მისი ექიმი და ადვოკატები ამის წინააღმდეგნი იყვნენ და მის სამოქალაქო საავადმყოფოში მკურნალობას ითხოვდნენ.

წერილში უკრაინელი დეპუტატები საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს მოუწოდებენ, ყოფილ პრეზიდენტს სასწრაფოდ აღმოუჩინონ მაღალი დონის სამედიცინო დახმარება, მისთვის უზრუნველყონ საკონსულო და სამართლებრივ დაცვაზე შეუფერხებელი წვდომა და რაც შეიძლება სწრაფად დააბრუნონ ის უკრაინაში.

დეპუტატებმა ასევე შეშფოთება გამოხატეს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო და ხელისუფლებას მისი სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანისკენ მოუწოდეს.

Gordon-ის ცნობით, მიმართვას ხელს აწერენ დეპუტატები პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის პარტიიდან „ხალხის მსახური“, მათ შორის დავით არახამია, ელიზავეტა იასკო (სააკაშვილის პარტნიორი), ელენა შულიაკი, მიხაილ რადუცკი, ნიკიტა პოტურაევი, ფრაქცია „გოლოსის“ ლიდერი იაროსლავ ჟელეზნიაკი, ასევე რამდენიმე დეპუტატი ყოფილი პრემიერ-მინისტრის იულია ტიმოშენკოს პარტიიდან  „ბატკივშჩინა“.


მიხეილ სააკაშვილმა საქართველო 2013 წელს, მეორე საპრეზიდენტო ვადის დასრულებიდან მალევე დატოვა.  მან საქართველოს მოქალაქეობა 2015 წელს დაკარგა, მას შემდეგ, რაც უკრაინის მაშინდელმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს იმავე წლის მაისში უკრაინის მოქალაქეობა მიანიჭა და ოდესის რეგიონის გუბერნატორად დანიშნა.

2017 წლის ივლისში, პოლიტიკური დაპირისპირების გამწვავების შემდეგ, პოროშენკომ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა, თუმცა 2019 წელს უკრაინის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მას მოქალაქეობა აღუდგინა და ქვეყანაში დაბრუნების უფლება მისცა. 2020 წლის მაისში ზელენსკიმ სააკაშვილი რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშნა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მშობლიურ ქვეყანაში ფარულად 28-29 სექტემბერის ღამეს ჩამოვიდა. იგი 1 ოქტომბერს, თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს დააპატიმრეს მას შემდეგ, რაც „ფეისბუქზე“ საქართველოში დაბრუნების შესახებ რამდენიმე ვიდეო გამოაქვეყნა. დაპატიმრების შემდეგ სააკაშვილმა შიმშილობა დაიწყო, რომელიც ამ დრომდე არ შეუწყვეტია.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)