ირაკლი კობახიძის თქმით, ოპოზიცია ხოშტარიას მოწამვლის სცენარს განიხილავს  

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ დღეს განაცხადა, რომ ოპოზიციამ ერთ-ერთ გუშინდელ შეხვედრაზე პარტია „დროას“ ლიდერის, დეპუტატ ელენე ხოშტარიას მოწამვლის სცენარიც განიხილა.

ელენე ხოშტარია, რომელიც ფორმალურად დეპუტატად რჩება, თუმცა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების არაღიარების შემდეგ საკანონმდებლო ორგანოში არ შესულა, 3 ნოემბრიდან შიმშილობს. ხოშტარია მოშიმშილე ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 6 ნოემბრის განცხადებაზე დაყრდნობით, რომლის თანახმადაც ხელისუფლების ოპონენტები აქტიურად განიხილავდნენ ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის ლიკვიდაციის საკითხს, კობახიძემ აღნიშნა, რომ „ჩიხში შესული რადიკალების რიგებში დღემდე არ წყდება საუბრები რადიკალური ნაბიჯების შესახებ, მათ შორის, საკუთარი თანაგუნდელების მკვლელობაზე“.

კობახიძემ ყველას სიფრთხილისკენ მოუწოდა და ოპოზიციონერი „რადიკალები“ გააფრთხილა, რომ „ნებისმიერი დანაშაულის ჩადენის მცდელობა კანონის შესაბამისად უმკაცრესად დაისჯება“.

პარტია „დროამ“ კობახიძის ბრალდებებს „ყალბი პროპაგანდა“ უწოდა და აღნიშნა, რომ მის განცხადებას უყურებს, როგორც „პირდაპირ მუქარას ქართული ოცნების მხრიდან ოპოზიციის ქალი ლიდერის წინააღმდეგ“.

„ელენე ხოშტარიას უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე სრული პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება“, – განაცხადა პარტიამ.

სამართალდამცავ სტრუქტურებს მკვლელობის სავარაუდო გეგმაზე განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)