სააკაშვილს სასამართლო მოსმენაზე დასწრების უფლება არ მიეცა  

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე მოსმენაზე ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანაზე უარი განაცხადა. მიზეზად უწყებამ სააკაშვილის მხარდამჭერების შესაძლო დესტრუქციული ქმედებები და ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული დამატებითი რისკები დაასახელა.

სააკაშვილი ამჟამად გლდანის ციხის N18 საავადმყოფოში იმყოფება, სადაც იგი, მისი თქმით, მისი ნების საწინააღმდეგოდ 8 ნოემბერს გადაიყვანეს. იმავდროულად, დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ექს-პრეზიდენტის წინააღმდეგ აღძრულ საქმეზე, რომელიც უფლებამოსილების გადამეტების, მათ შორის, 2007 წლის ნოემბრის საპროტესტო აქციის დარბევისა და ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრის ბრალდებებს მოიცავს, პროცესი იმართება.  

პენიტენციურმა თავის დღევანდელ განცხადებაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 29 ოქტომბრის განცხადებაც მოიხმო, რომლის თანახმადაც, სააკაშვილის ციხის ჰოსპიტალში გადაყვანისას იგეგმებოდა „დესტრუქციული ხასიათის მოქმედებები“, მათ შორის,  დაწესებულებასთან მისასვლელი საავტომობილო გზების ბლოკირება, რაც გამოიწვევდა „უკონტროლო სიტუაციას და ქაოსს“.

პენიტენციურმა სამსახურმა ასევე აღნიშნა, რომ ვინაიდან სააკაშვილს „შეწყვეტილი აქვს მკურნალობის არსებითი ნაწილი, სასამართლო პროცესზე გაყვანა და დასწრება წარმოადგენს დამატებით რისკს მისი ჯანმრთელობისთვის“.

იმავდროულად, თბილისის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე საათია დაიწყო პროცესიც, რომელზეც სააკაშვილის ადვოკატები მოსმენაზე ექს-პრეზიდენტის დაწრებას ითხოვენ. ამასთან, სააკაშვილის მხარდამჭერები თბილისის სასამართლოს ეზოსთან შეიკრიბნენ. ადგილზე იმყოფება მრავალი პოლიციელიც.

დღესვე, პოლიციამ თბილისში სხვადასხვა ადმინისტრაციულ შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს 46 პირი დააკავა. ყველაზე მეტი მოქალაქე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წინ მიმდინარე აქციაზე დააკავეს, სადაც აქციის მონაწილეები სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანას და უსაფრთხოების სამსახურის დეპოლიტიზირებას ითხოვდნენ.

პოლიტიკური სიტუაცია ქვეყანაში 30 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის შემდეგ თანდათან იძაბება. ოპოზიციამ არჩევნები „გაყალბებულად“ გამოაცხადა. სიტუაცია კიდევ უფრო გაამწვავა 8 ნოემბერს მოშიმშილე ექსპრეზიდენტის გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანამ. თავად სააკაშვილი, მისი ოჯახი, ექიმი, ადვოკატები და სახალხო დამცველი ყოფილი პრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ.

სააკაშვილს სასჯელი ორ საქმეზე აქვს დაუსწრებლად შეფარდებული. კიდევ სამ საქმეზე ბრალი აქვს წაყენებული. მისი ადვოკატები და მხარდამჭერები აცხადებენ, რომ სასამართლოში პროცესების დანიშვნა განზრახ ჭიანურდება, რათა ექს-პრეზიდენტი პროცესზე საჯაროდ არ წარსდგეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)