ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დროებითი ღონისძიება სააკაშვილის საქმეზე
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 10 ნოემბრის დროებითი ღონისძიების ფარგლებში მიხეილ სააკაშვილს დაჟინებით სთხოვა (ინგლ. Urged) შიმშილობა შეწყვიტოს. ამასთან, სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს მთავრობამ სასამართლოს უნდა მიაწოდოს ინფორმაცია ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და ციხის საავადმყოფოში მისთვის გაწეულ სამედიცინო მომსახურებაზე; ასევე, ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს პენიტენციურ დაწესებულებაში სააკაშვილის უსაფრთხოება და უნდა გაუწიოს მას შესაბამისი სამედიცინო მომსახურება შიმშილობის დასრულების შემდგომ გამოჯანმრთელების პერიოდში.
სტრასბურგში მოქმედმა სასამართლომ საქმეს პრიორიტეტი მიანიჭა და მხარეებს — სააკაშვილს და სახელმწიფოს სახელით მოპასუხე იუსტიციის სამინისტროს — სთხოვა დროებითი ზომის ფარგლებში მოთხოვნილი ინფორმაცია 24 ნოემბრამდე მიაწოდონ მას. სასამართლო შემდგომი ნაბიჯების გადადგმაზე ამის შემდეგ იმსჯელებს.
ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განცხადებით, თუკი საქართველოს ხელისუფლება ვერ მოახერხებს ამ დროებითი ზომის ფარგლებში მოთხოვნილ ღონისძიებათა გატარებას, შესაძლოა დადგინდეს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 34-ე მუხლის დარღვევა. აღნიშული მუხლი სახელმწიფოს ავალდებულებს, არ დააბრკოლოს პირი/ორგანიზაცია/პირთა ჯგუფი, საჩივრით მიმართოს ევროპულ სასამართლოს.
სააკაშვილი პირველი ოქტომბრიდან, მისი დაკავების დღიდან მოყოლებული შიმშილობს. ჯანმრთელობის მოსალოდნელი გაუარესების ფონზე, ხელისუფლებამ იგი 8 ნოემბერს გლდანის ციხის საავადმყოფოში, სააკაშვილისვე თქმით, მოტყუებით გადაიყვანა. თავად სააკაშვილი, მისი ოჯახი, პირადი ექიმი და ადვოკატები ციხის საავადმყოფოში გადაყვანას კვირების განმავლობაში ეწინააღმდეგებოდნენ სხვადასხვა რისკის, მათ შორის, იქ მოთავსებული პატიმრების მხრიდან შესაძლო ფსიქოლოგიური ზეწოლის გამო.
- სააკაშვილი გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს
- სახალხო დამცველი: სააკაშვილის ციხის კლინიკაში მოთავსება ლახავს მის ღირსებას
- კიევი სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვს
ამა თუ იმ საჩვრის მიღების შემდეგ, სტრასბურგში მოქმედმა სასამართლომ შესაძლოა სახელმწიფოს მოსთხოვოს ცალკეული დროებითი ღონისძიებების გატარება მანამდე, სანამ სასამართლო ამა თუ იმ საქმეს განიხილავს. ამგვარ ღონისძიებათა ფარგლებში სასამართლოს შეუძლია სახელმწიფოს მოთხოვოს, თავი შეიკავოს გარკვეული ქმედებებისაგან – მაგალითად, არ დააბრუნოს ადამიანი იმ ქვეყანაში, სადაც იგი, სავარაუდოდ, სიკვდილის ან წამების საფრთხის წინაშე აღმოჩნდება. სასამართლოში შესულ დროებით ღონისძიებათა შესახებ მოთხოვნების უმრავლესობა უსაფუძვლოა და მათ არ აკმაყოფილებს. სააკაშვილის ადვოკატების ზემოთ განხილული თხოვნა სასამართლოს დაუსაბუთებლად არ მიუჩნევია და წარმოებაში მიიღო იგი.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)