პენიტენციური ციხის საავადმყოფოში სააკაშვილის იძულებით შესახლების კადრებს აქვეყნებს
11 ნოემბერს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხის N18 საავადმყოფოში იძულებითი შესახლების ამსახველი კადრები გაავრცელა. გამოქვეყნებულ ჩანაწერებში ჩანს თუ როგორ მიათრევს პენიტენციური უწყების რამდენიმე თანამშრომელი ყოფილ პრეზიდენტს, თავისი ნების საწინააღმდეგოდ, ციხის კლინიკაში.
გასაჯაროებულ კადრებში მხოლოდ სააკაშვილის იდენტიფიცირებაა შესაძლებელი, სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომელთა და საავადმყოფოს ექიმების სახეები კი დაფარულია. ვიდეოს ხმა არ აქვს და რამდენიმე სხვადასხვა კამერის ჩანაწერებითაა აკინძული. ვიდეოში ნაჩვენებია აღნიშნული ჩანაწერების თარიღი და დრო, რომლის მიხედვითაც რამდენიმე შემთხვევაში კადრებს შორის წყვეტა შეინიშნება, მათ შორის, 10, 16 და 21 წამიანი შუალედები.
ვიდეოში, რომელიც 8 ნოემბერს სააკაშვილის გლდანის დაწესებულებაში შესახლებიდან სამი დღის შემდეგ გავრცელდა, ჩანს ხუთი თანამშრომელი, რომლებიც ყოფილ პრეზიდენტს სასწრაფო დახმარების მანქანის წინ ხელ-ფეხს უკავებს და ატაცებული დაწესებულებაში შეჰყავს. ამ მომენტში სააკაშვილის მაისური და ქურთუკი ნაწილობრივ ზევით იწევა და კადრებშიც ექს-პრეზიდენტის ტანი ნაწილობრივ შიშველი ჩანს.
მას შემდეგ, რაც ყოფილი პრეზიდენტი დაწესებულების შესასვლელსა და დერეფანში შეათრიეს, ჩანს, რომ მამაკაცები სააკაშვილის ეტლში ჩასმას ცდილობენ, რასაც, ჩანს, ყოფილი პრეზიდენტი ეწინააღმდეგება. ამ წუთებში, სააკაშვილი ერთ-ერთ მამაკაცს ფეხს უქნევს.
შემდგომ, კადრებში ჩანს, რომ სააკაშვილს ისევ სტაცებენ ხელს კიდურებში, მიათრევენ ჯერ ლიფტში, შემდგომ დერეფნის გავლით ციხის საავადმყოფოს პალატაში, სადაც ყოფილი პრეზიდენტი უკვე წელს ზემოთ მთლიანად შიშველი ჩანს.
შემდეგ, ვიდეოში ჩანს, თუ როგორ კრავს ხელს სააკაშვილი თეთრ ხალათში გამოწყობილ მამაკაცს, სავარაუდოდ, ექიმს. ასევე ჩანს, რომ ის წინ და უკან პალატაში ტრიალებს და კამათობს სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლებთან. ამ მომენტში, ყოფილი პრეზიდენტი ხელს ჰკრავს სამედიცინო აღჭურვილობას, რომელიც საწოლის ტუმბოდან ვარდება და ძირს ენარცხება.
მას შემდეგ, რაც სააკაშვილი აწეული ხელით უახლოვდება მამაკაცს, ჩანს, რომ მამაკაცი ყოფილ პრეზიდენტს ხელზე ურტყამს, მეორე თანამშრომელი კი მათ შორის იჭრება და სააკაშვილი განზე გაჰყავს.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის ირწმუნება, რომ კადრებით ჩანს როგორ შეურაცხყოფს და თავს ესხმის სააკაშვილი გლდანის ციხის საავადმყოფოს პერსონალს და აზიანებს აღჭურვილობას. Სამსახური აქვე დასძენს, რომ იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყო.
სააკაშვილის ადვოკატ დიმიტრი საძაგლიშვილს დიამეტრიულად განსხვავებული პოზიცია აქვს. Მისი თქმით, კადრებში ჩანს სააკაშვილის მიმართ არაადამიანური მოპყრობა და ისიც, თუ “როგორ ცდილობს პენიტენციური სამსახური ღირსება შეულახოს საქართველოს მესამე პრეზიდენტს” და იძულებით ათავსებს მას N18 დაწესებულებაში.
აღსანიშნავია, რომ 8-9 ნოემბრის ღამეს, გლდანის ციხის საავადმყოფოდან გავრცელებულ პირველ წერილში, ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დაწერა, რომ იგი ციხის ჰოსპიტალში „მოტყუებით“ გადაიყვანეს. სააკაშვილის თქმით, მას უთხრეს, რომ ჩვეულებრივ, სამოქალაქო კლინიკაში გადაჰყავდათ. ყოფილი პრეზიდენტი წერდა, რომ ამის შემდეგ, ის გაფრთხილების გარეშე გადმოათრიეს მანქანიდან და რამდენჯერმე ჩაარტყეს კისრის არეში, ასევე ითრიეს თმებით. მისი თქმით, მან პალატაში ანალიზატორს გაჰკრა ხელი, რადგან სამედიცინო პერსონალმა მისი ნებართვის გარეშე სცადა ნემსის გაკეთება.
გავრცელებულ ვიდეოში არ ჩანს დაწესებულების შესასვლელთან სასწრაფო დახმარების მანქანის მისვლის კადრები. თავდაპირველ ჩანაწერებში ჩანს, რომ მამაკაცებს სააკაშვილი უკვე ადგილზე გაჩერებული მანქანიდან გადმოჰყავთ. კადრებში, სადაც რამდენიმე მამაკაცს სააკაშვილი ხელში ჰყავს ატაცებული, ხოლო კიდევ რამდენიმე თამანშრომელი მათ ირგვლივ დგას, რთულია იმის გარჩევა ყოფილ პრეზიდენტს კისერში ურტყამენ თუ თმებზე ექაჩებიან. რაც შეეხება სამედიცინო აღჭურვილობის ეპიზოდს, ამ შემთხვევაში, ვიდეოზე ათ წამიანი მონაკვეთი გამოტოვებულია და კადრი, სადაც სააკაშვილის მიერ მოწყობილობის გადმოგდებაა დაფიქსირებული, წინა კადრის უშუალო გაგრძელება არაა.
ვიდეოები ძირითადად ქრონოლოგიური თანმიმდევრობითაა შერწყმული. ჩანაწერი, რომელშიც სააკაშვილი ლიფტში შეჰყავთ ერთადერთია, რომელიც თანმიმდევრობას არღვევს.
გლდანის პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე N18 საავადმყოფოში პენიტენციურმა სამსახურმა სააკაშვილი 8 ნოემბრის საღამოს, მისი ნების საწინააღმდეგოდ გადაიყვანა. ყოფილი პრეზიდენტის ადგილსამყოფელის შესახებ მისმა ოჯახმა და ადვოკატებმა, სულ მცირე, ერთი საათის მანძილზე არაფერი იცოდნენ. მისი გადაყვანის შესახებ ინფორმაცია დაახლოებით 18:00 საათზე გავრცელდა, ხოლო სასჯელაღსრულების სამსახურმა ოფიციალური განცხადება 18:57 საათზე Facebook-ზე გაავრცელა. აღნიშნულ დაწესებულებაში გადაყვანას სააკაშვილი, მისი პირადი ექიმი, ადვოკატები და სახალხო დამცველი კვირების მანძილზე ეწინააღმდეგებოდნენ უსაფრთხოების რისკებისა და საავადმყოფოს არასათანადო აღჭურვის არგუმენტებით. ისინი მის სამოქალაქო კლინიკაში მოთავსებას მოითხოვენ.
ასევე წაიკითხეთ:
- გლდანის პენიტენციურში გადაყვანილ სააკაშვილს პატიმრები აგინებენ
- „საერთაშორისო ამნისტია“ და Human Rights Watch სააკაშვილის მიმართ არასათანადო მოპყრობას გმობენ
- არასამთავრობოები ხელისუფლებას სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანისკენ მოუწოდებენ
- სახალხო დამცველი: სააკაშვილის ციხის კლინიკაში მოთავსება ლახავს მის ღირსებას
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)