პენიტენციური ციხის საავადმყოფოში სააკაშვილის იძულებით შესახლების კიდევ ერთ ჩანაწერს ავრცელებს
სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა დღეს კიდევ ერთი ვიდეო გაავრცელა, სადაც ჩანს, თუ როგორ ამბობს უარს გაბრაზებული და სასოწარკვეთილი ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის N18 საავადმყოფოში გადაყვანაზე და რუსთავის N12 საპყრობილეში დაბრუნებას ითხოვს.
აღნიშნული ვიდეო სასწრაფო დახმარების მანქანაში 8 ნოემბრის საღამოს იმ დროსაა გადაღებული, როდესაც გლდანის პენიტენციურთან მიყვანილ სააკაშვილს სასწრაფოს მანქანიდან გადმოყვანას და ციხის საავადმყოფოში შეყვანას უპირებენ. 2 წუთი და 32 წამის ხანგრძლივობის ჩანაწერი რამდენჯერმეა დაჭრილი და დამონტაჟებულია.
კადრებში ჩანს როგორ ამბობს უარს მოშიმშილე სააკაშვილი მანქანიდან გადმოსვლაზე და რუსთავის ციხეში დაბრუნებას ითხოვს.
ისმის, თუ როგორ უწოდებს ექს-პრეზიდენტი მანქანის გარეთ შეკრებილ სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლებს „მკვლელებს“, „ჯალათებს“ და „დიქტატორის მსახურებს“. გაბრაზებული სააკაშვილი პენიტენციურის თანამშრომლებს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის „ბრძანებების შესრულებაშიც“ ადანაშაულებს.
ასევე ისმის, თუ როგორ ეუბნება უარს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლების მოწოდებებს და კვლავაც უებნება მათ უარს მანქანიდან გადმოსვლასა და მკურნალობაზე.
დღეს, რამდენიმე საათით ადრე, სასჯელაღსრულების სამსახურმა გამოაქვეყნა სააკაშვილის გლდანის ციხის კლინიკაში იძულებით შესახლების პირველი ვიდეო გამოაქვეყნა, რამაც სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის კრიტიკა გამოიწვია.
აღსანიშნავია, რომ 8-9 ნოემბრის ღამეს, გლდანის ციხის საავადმყოფოდან გავრცელებულ პირველ წერილში, ექს-პრეზიდენტი ამტკიცებდა, რომ იგი ციხის ჰოსპიტალში „მოტყუებით“ გადაიყვანეს. სააკაშვილის თქმით, მას უთხრეს, რომ ჩვეულებრივ, სამოქალაქო კლინიკაში გადაჰყავდათ. ყოფილი პრეზიდენტი წერდა, რომ გლდანის ციხის ტერიტორიაზე პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებმა იგი გაფრთხილების გარეშე გადმოათრიეს მანქანიდან და რამდენჯერმე ჩაარტყეს კისერში, ასევე ითრიეს თმებით.
ექს-პრეზიდენტის თქმით, ციხის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა უთხრა: „აჰა, ჩიტო, ჩაგიგდეთ ხელში“. Სააკაშვილის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ ხაზი გაუსვა, რომ ეს სიტყვები არც ერთ გავრცელებულ ჩანაწერში არ ისმის და ისიც, აღნიშნა რომ ორივე ვიდეო დამონტაჟებულია.
იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ პენიტენციური სამსახურის მიერ პირველი ვიდეოს გავრცელების მიზეზის ახსნისას თქვა, რომ ხელისუფლება სააკაშვილის გადაყვანის კადრების გასაჯაროებით საზოგადოების ინფორმირებას ისახავდა მიზნად.
სამინისტრომ ჩანაწერები მას შემდეგ გაასაჯაროვა, რაც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 10 ნოემბერს დროებითი ღონისძიების ფარგლებში მიხეილ სააკაშვილს დაჟინებით სთხოვა შიმშილობის შეწყვეტა, ხოლო საქართველოს მთავრობას ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და მკურნალობის შესახებ სასამართლოსთვის ინფორმაციის მიწოდება და პენიტენციურ დაწესებულებაში სააკაშვილის უსაფრთხოების უზრუნველყოფა მოსთხოვა.
ასევე წაიკითხეთ:
- პენიტენციური ციხის საავადმყოფოში სააკაშვილის იძულებით შესახლების კადრებს აქვეყნებს
- ენმ-ის თქმით, არ გამართავენ აქციებს იმ საავადმყოფოსთან, სადაც სააკაშვილს გადაიყვანენ
- აშშ სახელმწიფო დეპარტამენტი: „სააკაშვილს სამართლიანად და ღირსეულად მოეპყარით“
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)