ლუკაშენკო ანტე პორტას
ბელარუს-პოლონეთის საზღვარზე კრიზისი ღრმავდება
მინსკის მიერ ათასობით ახლო აღმოსავლელის გადმოსხმამ ევროკავშირის საზღვრებთან ვითარება უკიდურესად დაძაბა. 10-11 ნოემბერს ბელარუსში რუსეთმა სტრატეგიული ბომბდამშენებით პატრულირება დაიწყო. 12 ნოემბერს ლიეტუვის საზღვართან რუსი და ბელარუსი მედესანტეები ჰაერიდან გადასხეს და დააბანაკეს. პოლონეთმა ნატოს საბჭოს აცნობა არსებული კრიზისის შესახებ და ევროკავშირის საგანგებო შეხვედრის მოწყობას ითხოვს. ლიეტუვამ საზღვარზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ამასობაში, ორ ცეცლხშუა მოყოლილი ადამიანების მდგომარეობა რთულდება – გუშინ 14 წლის მოზარდი დაიღუპა შიმშილისა და სიცივისაგან.
რატომაა ეს მნიშვნელოვანი?
პოლონეთსა და ლიეტუვის საზღვრებზე – ანუ ევროკავშირის გარე პერიმეტრზე – ალექსანდრე ლუკაშენკოს ასიმეტრიული შეტევა სულ უფრო ემსგავსება ჰიბრიდულ ომს, რომელიც რუსეთის მონაწილეობით მიმდინარეობს. საზღვრის ორივე მხარეს სამხედრო ძალების კონცენტრაცია, მით უფრო სამოქალაქო პირების იქ ყოფნის ფონზე, მკვეთრად ზრდის გინდ განზრახ და გინდაც შემთხვევითი ესკალაციის საშიშროებას. ამავე დროს, ზამთრის დადგომასთან ერთად იზრდება საზღვართან მძაფრი და უკონტროლო ჰუმანიტარული კრიზისის განვითარების შესაძლებლობაც.
რას უნდა მოველოდეთ?
- უახლოეს ხანებში ნატოსა და ევროკავშირის სულ უფრო მაღალი დონის ორგანოების დღის წესრიგში დადგება სასაზღვრო კრიზისის განმუხტვის საკითხი. ერთობლივი მოქმედების შესაძლებლობა დიდწილად იქნება დამოკიდებული საფრანგეთისა და გერმანიის ერთობლივ პოზიციაზე. სამწუხაროდ, გერმანიის ახალი მთავრობა ჯერ კიდევ ფორმირების პროცესშია, ამიტომ გარკვეული დაყოვნება გარდაუვალია.
- ერთობლივი პოზიციის არარსებობის პირობებში, გაიზრდება მოსკოვთან ორმხრივი დისკუსიების ცდუნება, რასაც კრემლი ევროპის შიგნით განხეთქილების ჩამოსაგდებად და დათმობების მისაღებად გამოიყენებს. საფრანგეთი უკვე გეგმავს მოსკოვთან კონსულტაციას თავდაცვისა და საგარეო მინისტრების დონეზე. პარალელურად, რუსეთი ცდილობს ცენტრალურ და დასავლეთ ევროპაში გაზის მიწოდების ორმხრივი კონტრაქტები გაჩარხოს და ამით კიდევ უფრო დათიშოს ევროპული ერთიანობა.
- აშშ-სათვის მიმდინარე კრიზისი საკვანძო გამოწვევაა. სადაზვერვო სამმართველოს უფროსის უილიამ ბერნსის ამასწინანდელი ვიზიტი მოსკოვში ადასტურებს, რომ ვაშინგტონი გრძნობს ვითარების სირთულეს და ცდილობს განმუხტოს ვითარება, თუმცა ჯერჯერობით არაა ნათელი, რამდენადაა მზად ბაიდენის ადმინისტრაცია ევროკავშირის საზღვართან მრავალგანზომილებიანი კონფლიქტის ეფექტურად მოსაგვარებლად.
- გრძელვადიან პერსპექტივაში ამ კონფლიქტის მიმდინარეობა, ევროკავშირისა და ნატოს რეაგირების ფორმა, სიმძაფრე და ეფექტურობა დიდი ხნის განმავლობაში განსაზღვრავს რუსეთთან და მის პერიფერიასთან უსაფრთხოების სფეროში დასავლეთის დამოკიდებულების ხასიათს.
ანალიზი
კრიზისის საწყისი ალექსანდრე ლუკაშენკოს მიერ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ტოტალური გაყალბება და საპროტესტო მოძრაობის სისხლში და რეპრესიებში ჩახშობაა. ამან დაარღვია მოსკოვსა და ბრიუსელს შორის მინსკის რეჟიმისათვის როგორც პოლიტიკურად, ისე ფინანსურად მომგებიანი ბალანსირების პოლიტიკა. ბელარუსი ოპოზიციონერები ევროპამ – ლიტვამ და პოლონეთმა – შეიფარეს. ლუკაშენკომ საპოლიციო და სამხედრო დახმარება ვლადიმირ პუტინისაგან მიიღო და ტახტი გადაირჩინა, სამაგიეროდ კი შეურიგდა რუსული უსაფრთხოებისა და სამხედრო კადრების გავლენის მკვეთრ ზრდას ბელარუსში.
მიგრანტების კრიზისი
ევროკავშირის სულ უფრო მკაცრი სანქციების ფონზე, ლუკაშენკოს რეჟიმმა ბრიუსელზე ზეწოლის მოსახდენად და მისდამი ზე-კრიტიკულ ვილნიუსსა და ვარშავაზე შურისძიების მიზნითაც, ახლო აღმოსავლეთიდან მიგრანტების შემოყვანა დაიწყო. ამ ამბავზე პირველი განგაშის ზარი ლიეტუვამ ჯერ კიდევ 9 ივლისს შემოჰკრა და საზღვრის გამაგრებას შეუდგა.
ზაფხულის განმავლობაში ვითარება დამძიმდა. მინსკმა ე.წ. “ტურისტული კომპანიებისა” და ავიაკომპანია “ბელავიას” გამოყენებით ერაყიდან, თურქეთიდან და სირიიდან მასობრივად დაიწყო ომით გაუბედურებული დევნილების, მათ შორის ქურთების, ერაყელების, სირიელების ბელარუსში გადაყვანა. თავიდან ბელარუსი უსაფრთხოების აგენტები და მესაზღვრეები უბრალოდ თვალს ხუჭავდნენ მიგრანტების მოძრაობაზე პოლონეთის ან ლიეტუვის მიმართულებით. შემდეგ საზღვართან მათი მიცილება დაიწყეს. როცა პოლონეთმა და ლიეტუვამ თავიანთ მხარეს სასაზღვრო რეჟიმი გაამკაცრეს, ბელარუსმა მესაზღვრეებმა აქტიურად დაიწყეს საზღვრის დამრღვევების ხელშეწყობა.
შემოდგომისთვის უკვე რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა, რომ ბელარუსები იარაღის ძალით ირეკავდნენ წინ ამ ადამიანებს ანდა პოლონელი მესაზღვრეების მიერ უკან გამობრუნებულებს უღერებდნენ იარაღს. შედეგად, ორ ქვეყანას შორის საზღვრებს შორის, ე.წ. “გაუცხოების ზონაში” 4 ათასამდე სასოწარკვეთილი ადამიანია გაჭედილი. ათი მათგანი უკვე დადასტურებულად დაიღუპა სიცივისა და შიმშილისაგან.
პოლონეთმა საზღვრებისაკენ 12 ათასი სამხედრო გადაისროლა, ლიეტუვამ – რვა, უკრაინამ – რვანახევარი. პოლონეთმა და ლიეტუვამ ევროკავშირს მიმართეს დახმარებისთვის, თუმცა ბრიუსელმა სასაზღვრო ბარიერების დაფინანსებაზე უარი თქვა. ამისდა მიუხედვავად, ღობეებისა და მავთულხლართების მშენებლობა ადგილობრივი ძალებით მიმდინარეობს. დევნილი ადამიანების ბედზე მაინცდამაინც არავინ იწუხებს თავს. ჰუმანიტარული ორგანიზაციების თქმით, სიცივეების გამძაფრებასთან ერთად დამძიმდება მათი მდგომარეობაც.
მძიმე გამოცდა ევროპისათვის
ეს ვითარება მრავალმხრივი გამოცდაა ევროპისათვის:
- ერთი მხრივ, ეჭვქვეშ დგას კოლექტიური უსაფრთხოების სისტემის მედეგობა ასეთი არასტანდარტული გამოწვევის მიმართ. ევროკავშირს უკვე ძალიან გაუჭირდა ჩრდილო აფრიკიდან წამოსული ლტოვლვილების ნაკადის მართვა. ამ პრობლემის მოსაგვარებლად, თურქეთის რეჯებ ერდოღანთან მძიმე გარიგებაზე წასვლა გახდა საჭირო, რომ დევნილები თავისთან დაეტოვებინა. ლუკაშენკოს ბელარუსი და, განსაკუთრებით, პუტინის რუსეთი სულ სხვა ტიპის დათმობებს მოითხოვენ.
- მეორე მხრივ, დარტყმის ქვეშაა ევროპული ღირებულებების სისტემა: საზღვარზე გაჭედილ ათასობით ადამიანს, მათ შორის ქალებსა და ბავშვებს, შიმშილითა და სიცივით სიკვდილი ემუქრებათ. კრემლის ელჩმა გუშინ გაეროს უშიშროების საბჭოზე განაცხადა, ევროპა ცივილიზებულ სამყაროს თვალში ნაცარს აყრის, ესკალაციას ჩვენ გვაბრალებს და ამ დროს, ვარშავა საზღვარზე ბავშვებს ხოცავსო.
- აშკარა და უშუალო საგარეო საფრთხე ასევე გავლენას ახდენს პოლონეთისა და ლიეტუვის შიდა პოლიტკიაზე და აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპას შორის განხეთქილების კიდევ ერთ შესაძლო კერას ქმნის: აღმოსავლელები დასავლელებს უსაფრთხოების პრობლემებზე არასაკმარისად გულიან რეაგირებას აბრალებენ. დასავლელები აღმოსავლელებს – ადამიანის უფლებების უგულვებელყოფას. ვარშავას ის აცოფებს, რომ ბერლინი ყოველ ზომას ხმარობს, რომ პოლონეთიდან გადასული მიგრანტები არ მიიღოს (სულ 9 ათასი კაცი გადასულა საზღვარს ბოლო 9 თვის განმავლობაში), არადა ვარშავას დიდად არაფრით ეხმარება.
- ბელარუსისა და რუსეთს სამხედრო ძალების კონცენტრაცია უკრაინის უშუალო სიახლოვეს ხდება, სადაც, აშშ დაზვერვის სამმართველოს ცნობით, მის მიერ ოკუპირებულ დონბასის რეგიონში რუსეთმა დამატებითი ძალების შეგროვება ჯერ კიდევ ოქტომბერში დაიწყო და ამ დროისათვის რუსული კონტინგენტი შეიძლება ას ათასამდე ჯარისკაცს მოიცავდეს. ამავე დროს, მოსკოვმა არარეალისტური მოთხოვნების დაყენებით განზრახ ჩააგდო “მინსკის ჯგუფის” (რუსეთი, უკრაინა, გერმანია, საფრანგეთი) შეხვედრა დონბასის თემაზე.
- ესკალაცია ევროპაში ენერგომატარებლების ფასის მატების ფონზე მიმდინარეობს, რაც ძირითადად ბუნებრივი გაზის ფასების ზრდამ გამოიწვია. ლუკაშენკო უკვე დაემუქრა ევროპას თავისი გაზსადენის ჩაკეტვით და თუმცა გაზპრომი იფიცება, ჩვენთან ეს არ შეუთანხმებიაო, მათი სიტყვა ნაკლებად ინდობა.
კონკრეტული ნაბიჯები
ევროკავშირი მხოლოდ განცხადებებით აღარ იფარგლება და კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს კრიზისის მოკლევადიანი საბაბის მოსაგვარებლად:
- ევროკავშირის უმაღლესი დონის ოფიციალური პირები, შარლ მიშელი და ჟუზებ ბორელი აქტიურად მუშაობენ იმისთვის, რომ მიგრანტების ტალღა სათავიდან დაწრიტონ. ბორელი ერაყელებს შეუთანხმდა, რომ იქედან მინსკში ფრენები შეწყდებოდა. ევროპული აეროპორტების ჩაკეტვით დაემუქრნენ “თურქიშ ეირლაინსს” და “აეროფლოტს” – ორ ავიაკომპანიას, ვისაც მინსკისკენ მიგრანტების გადაყვანა ბრალდება ერაყიდან და თურქეთიდან მას შემდეგ, რაც ბელარუსული “ბელავია” სანციებს ქვეშ მოხვდა; უკანასკნელი ცნობებით, თურქეთის ავიახაზები ე.წ. კოდების გაზიარების (ანუ მათი საცალო გაყიდვების ქსელით სარგებლობის უფლების) ხელშეკრულებას გაუუქმებს “ბელავიას”. თურქეთი ასევე შეწყვეტს მინსკისკენ ერთი მიმართულებით ბილეთების გაყიდვას. ევროკავშირის მიგრაციის კომისარი შეხვედრებს მართავს არაბთა გაერთიანებული საემიროების წარმომადგენლებთან, რათა იქაური “ეტიჰადი” და “ემირატების” ავიაკომპანიები “თურქიშ ეირლაინსის” მსგავსად მოიქცნენ.
- პირადი სანქციების გამკაცრება იგეგმება ლუკაშენკოს და მისი უახლოესი გარემოცვის წინააღმდეგ. ევროკავშირს ბელარუსისთვის რამდენიმე სახის სანქცია აქვს შემუშავებული: მაგალითად, ევროკავშირში მოსახვედრად ვიზის აღების გართულება და მოსაკრებლის გაძვირება.
- ბალტიის სამი ქვეყანა და პოლონეთი მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ ბელარუსთან საზღვარზე მოქმედების კოორდინირებისთვის.
ამასობაში ევროპა მოსკოვთან დიპლომატიურ კონტაქტებსაც არ ივიწყებს:
- 2 ნოემბერს, აშშ ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის თავკაცი, უილიამ ბერნსი მოსკოვს ეწვია და თავის კოლეგას, ნიკოლაი პატრუშევს ესაუბრა. გამოჟონილი ინფორმაციით, ბერნსის ერთ-ერთი მიზანი იყო რუსეთისთვის უკრაინაში ესკალაციისაგან თავშეკავება მოეთხოვა.
- 11 და 12 ნოემბერს, ანგელა მერკელმა ორ დღეში ორჯერ დაურეკა ვლადიმირ პუტინს და ბელარუსის დაშოშმინება მოსთხოვა, შედეგად ორივე მხარემ განაცხადა, რომ ვითარების დეესკალაციის შესახებ ნაბიჯებზე შეთანხმდნენო.
- 12 ნოემბერს, საფრანგეთში რუსეთის საგარეო მინისტრ სერგეი ლავროვს და თავდაცვის მინისტრს, სერგეი შოიგუს თავიანთმა კოლეგებმა უმასპინძლეს. განხილვის ერთ-ერთი თემა უკრაინაც იყო.
ამ კონტაქტებს აღმოსავლეთ ევროპელები ეჭვის თვალით უყურებენ, განსაკუთრებით პოლონეთი შიშობს, რომ შეთანხმებები მათი ინტერესების გვერდის ავლით მოხდება,
მომავლის ხედვა
ტაქტიკური კრიზისების სერიის წახალისებით სტრატეგიული ამოცანებისკენ გადაწყვეტისკენ მოძრაობა კრემლის საგარეო პოლიტიკის სახასიათო ნიშანია. ამ მიდგომის ამოსავალი წერტილი ისაა, რომ აშშ და, განსაკუთრებით, ევროკავშირი მათთვის და მათი ამომრჩევლისთის კომფორტული სტატუს-კვოს შესანარჩუნებლად რუსეთთან დათმობებზე წავლენ.
ლოგიკას თუ მივყვებით, ლუკაშენკოს შეეძლო თავადაც მოეფიქრებინა და მოეხერხებინა მიგრანტების პოლონეთისა და ლიეტუვის საზღვარზე გაყვანით ბრიუსელზე ზეწოლა, მაგრამ ამ კრიზისის მიმდინარე მასშტაბებამდე გაფართოება მოსკოვის უცოდინარად და მისი წახალისების გარეშე ვერ მოხდებოდა. ამავე დროს, ზოგი ბელარუსი ექსპერტი იმასაც ამბობს, რომ პუტინის ტროას ცხენის როლის მორგებით, ლუკაშენკო კრემლსაც აშანტაჟებს – დაძაბულობა ისე მატულობს, რომ სასაზღვრო პროვოკაციამ შეიძლება რუსეთი მისთვის არასასურველ კონფლიქტში ჩაითრიოს.
რუსეთისთვის სტრატეგიული ამოცანა ევროკავშირის და ევრო-ატლანტიკური სოლიდარობის შესუსტებაა. ამ მიზანს მრავალი ტაქტიკური წარმატება შეიძლება ემსახურებოდეს: ჩრდილოეთ ნაკად-2-ის გაზსადენის ექსპლუატაციაში გაშვება, ევროპის ენერგობაზრის საბოლოო მოშლა და ევროპული დედაქალაქების გაზპრომთან ორმხრივ კონტაქტებზე დაყოლიება, აშშ-სა და გერმანიის ადმინისტრაციებისადმი ნდობის შემცირება პოლონეთში, ბალტიის ქვეყნებსა და უკრაინაში… როგორც ყოველთვის, კრემლისთვის ყველა საკითხი ერთმანეთთანაა გადაჯაჭვული და ერთ დიდი თამაშის ნაწილია მაშინ, როცა ევროპა პირიქით, საკითხების ერთმანეთისაგან გამიჯვნას ლამობს.
არის ნიშნები, რომ აშშ მოსკოვის ფანდებს ხვდება და მსგავსადვე იწყებს პასუხს – უკანასკნელ ხანებში უკრაინისადმი დახმარების ზრდა და შავ ზღვაში სამხედრო გააქტიურება ამის ნიშნად შეიძლება ჩაითვალოს. რამდენად მოახერხებს ევროკავშირი, გადალახოს შიდაპოლიტიკური საკითხებისთვის უპირატესობის მინიჭების ცდუნება და ერთად დაუდგეს ბელარუსულ-რუსულ საფრთხეს, უახლოეს თვეებში გამოჩნდება.
მომზადებულია დოიჩე ველეს, ლე მონდის, ეკონომისტის, ნიუ-იორკ ტაიმსის სტატიების, ლიეტუვის, პოლონეთსა და რუსეთის საგარეო სამინისტროების განცხადებებზე და საკუთარ თავზე დაყრდნობით.