აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს 101 მლნ ევროს სესხი დაუმტკიცა

აზიის განვითარების ბანკმა 10 ნოემბერს საქართველოსთვის 101 მილიონი ევროს სესხი დაამტკიცა. სესხი საქართველოში ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობასა და უკვე არსებულის რეაბილიტაციას, ასევე ურბანულ ცენტრებში სერვისების გაუმჯობესებას უნდა მოხმარდეს.

სესხი აზიის განვითარების ბანკმა „ქალაქების მდგრადი განვითარების საინვესტიციო პროექტის“ (Livable Cities Investment Project for Balanced Development) ფარგლებში გამოყო. წინასწარი გათვლებით, მან თბილისსა და რეგიონებში 1.5 მილიონ ადამიანს უნდა მოუტანოს სარგებელი.

პროექტით გათვალისწინებულია ქალაქების ცენტრების, საზოგადოებრივი ადგილებისა და პარკების რეაბილიტაცია, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუმჯობესება, ბიბლიოთეკებისა და საბავშვო ბაღების აშენება.

„ეს პროექტი საქართველოს პანდემიის გავლენისგან გათავისუფლებაში დაეხმარება და ხელს შეუწყობს ქალაქების უფრო მდგრად, მრავალმხრივ და კლიმატის ცვლილებებისადმი მედეგ განვითარებას“,  — განაცხადა ბანკის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალურმა დირექტორმა ევგენი ჟუკოვმა.

პროექტი თბილისს, ქვემო ქართლს, შიდა ქართლს, კახეთს, სამცხე-ჯავახეთს, სამეგრელო-ზემო სვანეთს, გურიას და იმერეთს დაფარავს.

საქართველო აზიის განვითარების ბანკის წევრია 2007 წლიდან. ბანკის ცნობით, საქართველოსთვის გაცემული სესხების ჯამი 3.92 მილიარდ აშშ დოლარია, ხოლო ტექნიკური დახმარების პროექტები 28.9 მილიონი აშშ დოლარის ოდენობისაა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)