გიორგი კვირიკაშვილი ხელისუფლებას სააკაშვილის ვიდეოების გავრცელებისა და მისდამი მოპყრობის გამო აკრიტიკებს
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ყოფილ თანაგუნდელებს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისადმი მოპყრობისა და მისი რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან ე.წ. გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანის ამსახველი ვიდეოჩანაწერების გავრცელების გამო აკრიტიკებს.
მისი თქმით, ყოფილი პრეზიდენტის ღირსების შემლახავი და „ვიდეოკადრების მოხვედრა ღია საეთერო სივრცეში და განსაკუთრებით რუსულ ტელეარხებზე ატეხილი ხორხოცი არის თითოეული ქართველის შეურაცხყოფა და დამაზიანებელია ქვეყნისთვისაც და ხელისუფლებისთვისაც“.
გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, პატიმრობაში მყოფ ადამიანზე „სარკასტული ქილიკი არ არის თავსებადი ქართულ და ზოგადად კავკასიურ ადათ-წესებთან“.
მანვე ხაზი გაუსვა, რომ მიხეილ სააკაშვილი სახელმწიფომ სამედიცინო მომსახურების იმ სტანდარტით უნდა უზრუნველყოს, რომელსაც მისი მკურნალი ექიმები ითხოვენ. „ეს, უპირველეს ყოვლისა, ქართული ოცნების ხელისუფლების და შემდგომ ქვეყნის ღირსების საკითხია“, – დასძინა მანვე.
„ვინაიდან, როგორადაც არ უნდა ვაფასებდეთ მიხეილ სააკაშვილს პირადად და მის პოლიტიკურ მემკვიდრეობას, ის მაინც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტია“, – განაცხადა ყოფილმა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილი მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ბრალდებებსა და მის მიმართ უკვე გამოტანილ მსჯავრსაც შეეხო თქვა, რომ გამოტანილი განაჩენები არა მხოლოდ ქართული მართლმსაჯულების მიერ არის გამოტანილი, არამედ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერაც. მანვე უარყოფითად შეაფასა მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის ხანა და, რომ მაშინდელმა ხელისუფლებამ „ვერ ააცილა ქვეყანას რუსული ოკუპაცია“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)