მძღოლები ფასების ზრდის გამო საწვავის მიმწოდებელ კომპანიებს ბოიკოტს უცხადებენ
ქართველი მძღოლების ნაწილმა საწვავის მიმწოდებელ ორ უმსხვილეს კომპანიას – „ვისოლ პეტროლიუმს“ და „გალფი საქართველოს“ ოქტომბრის ბოლოსა და ნოემბრის დასაწყისში საწვავის ფასების მნიშვნელოვანი ზრდის გამო ბოიკოტი გამოუცხადეს.
„საქსტატის“ ინფორმაციით, ოქტომბერში ბენზინის ფასები წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 43%-ით, ხოლო დიზელის ფასები 35%-ით გაიზარდა.
მანქანის მფლობელებმა საქართველოში საწვავის ფასების დარეგულირების მიზნით „ფეისბუქზე“ კამპანია წამოიწყეს, რათა ფასები, კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისის ფონზე, მოსახლეობისთვის მისაღებ დონემდე დაეწიათ. „ფეისბუქზე“ შექმნილმა ჯგუფმა დაახლოებით 1 კვირაში 130 000-ზე მეტი წევრი მიიზიდა.
კამპანიის ორგანიზატორებმა 14 ნოებერს, თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში აქციაც დააანონსეს.
ბოიკოტი „ვისოლ პეტროლიუმის“ წინააღმდეგ
„ფეისბუქზე“ შექმნილი ჯგუფის ადმინისტრატორებმა (ჯგუფს 12 ანგარიში მართავს) განაცხადეს, რომ „ვისოლ პეტროლიუმს“ უმსხვილესი წილი აქვს საქართველოში ნედლი ნავთობის იმპორტში, რაც კომპანიის წინააღმდეგ მოწოდებების მთავარი მიზეზი გახდა.
8 ნოემბერს გამოქვეყნებულ ვიდეო მიმართვაში, ერთ-ერთმა ორგანიზატორმა აღნიშნა, რომ ყველა კომპანიის ერთდროულად მიზანში ამოღება შედეგებს ვერ გამოიღებს და სწორედ ამიტომ შეარჩიეს მათ „ვისოლი“ უპირველეს სამიზნედ.
ბოლო ერთი წლის მანძილზე, „ვისოლმა“ ერთ ლიტრ დიზელზე ფასები, საშუალოდ, 75 თეთრით, ხოლო ერთ ლიტრ ბენზინზე – 83 თეთრით გაზარდა.
ამჟამად, „ვისოლში“ ეკო სუპერის ფასი 3.36 ლარს, ევრო რეგულარი კი 3.14 ლარი. ოქტომბრის შუა რიცხვებში ფასები, შესაბამისად, 3,25 და 3.03 ლარს შეადგენდა.
„ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ 4 ნოემბერს მედიას განუცხადა, რომ საწვავის ფასი უფრო მაღალი უნდა იყოს. „საქართველო საწვავის იმპორტიორი ქვეყანაა და სამწუხაროდ, პირდაპირ პროპორციულ კავშირშია ფასების მომატებასთან საერთაშორისო ბაზრებზე“, – განაცხადა ფხაკაძემ. „ყველანაირად ვცდილობთ, ეს მთლიანად არ გადავიტანოთ მომხმარებელზე“.
ფხაკაძის კომენტარმა ჯგუფის წევრ მძღლებში აღშფოთება გამოიწვია. ფეისბუქის ჯგუფში მძღოლები „ვისოლის“ ცარიელი ბენზინგასამართი სადგურების ფოტოებს აქვეყნებდნენ და აცხადებდნენ, რომ მათმა ბოიკოტმა იმუშავა.
თუმცა, „ვისოლ პეტროლეუმის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ვასილ ხორავამ „ტვ პირველს“ უთხრა, რომ კომპანიამ გაყიდვების მოცულობა მაინც შეინარჩუნა. ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ კომპანია საზოგადოებრივ აზრს ვერ უგულებელყოფს და შეშფოთება გამოხატა იმ ზიანის გამო, რომელიც კომპანიის რეპუტაციას მიადგა.
ხორავას თქმით, საწვავის ფასებს სამი ძირითადი ფაქტორი განაპირობებს: ნედლი ნავთობის ფასები, გადასახადები და ლოგისტიკური ხარჯები. მან მზარდი ინფლაციაც გაიხსენა და განაცხადა, რომ ამან არა მხოლოდ საწვავის ფასებზე, არამედ სხვა საქონლისა და მომსახურების სექტორზეც იმოქმედა.
ბოიკოტი „გალფი საქართველოს“ წინააღმდეგ
ორგანიზატორები ეჭვობდნენ, რომ ხელისუფლება ან კერძო კომპანიები შესაძლოა საპროტესტო მუხტის შენელებას ელოდებოდნენ და ამიტომაც 8 ნოემბერს კიდევ ერთი კომპანიის, „გალფი საქართველოს“ წინააღმდეგ ბოიკოტის წამოიწყეს.
„გალფი საქართველომ“ 2021 წელს ერთი ლიტრი ბენზინის ფასი, საშუალოდ, 85 თეთრით, ხოლო დიზელის 72 თეთრით გაზარდა. ოქტომბერ-ნოემბერში კომპანიამ, 26 აგვისტოდან არსებული ფასები ბენზინზე, საშუალოდ, 9 თეთრით, ხოლო დიზელზე 10 თეთრით გაზარდა.
4 ნოემბრიდან მოყოლებული, „გალფი საქართველოს“ ბენზინგასამართ სადგურებზე სუპერის ფასი 3.37 ლარია (3.25 აგვისტოს ბოლოს და 2.99 ლარი მაისის დასაწყისში). ევრო რეგულარის ფასი კი 3.09 ლარია (აგვისტოს შუა რიცხვებში 2.99 ლარი და აპრილის შუა რიცხვებში 2.65 ლარი).
მართალია ორგანიზატორებმა მხოლოდ ეს ორი კომპანია ამოიღეს მიზანში, თუმცა „ფეისბუქის“ ჯგუფის წევრები ყველა სხვა ბრენდის ბენზინგასამართი სადგურის წინააღმდეგ გამოხატავენ გულისწყრომას, მათ შორის, „სოკარ საქართველოს“, „რომპეტროლის“, „ლუკოილისა“ და „ბრითიშ პეტროლეუმი“.
პროტესტის მონაწილენი მძღოლებს მოუწოდებენ, უარი თქვან მსხვილ კომპანიებზე და დროებით მაინც გადავიდნენ მცირე კომპანიების საწვავზე.
„სამოქალაქო საქართველო“ კომენტარისთვის „გალფი საქართველოს“ დაუკავშირდა, თუმცა კომპანიამ კომენტარზე უარი განაცხადა.
ნავთობპროდუქტების იმპორტიორების პასუხი
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი 10 ნოემბერს „საწვავის ფასებთან დაკავშირებულ ხელოვნურად შექმნილ აჟიოტაჟს“ გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სოციალურ მედიაში წარმოებული კამპანია ნავთობპროდუქტების სფეროს წინააღმდეგ „დამაზიანებელია ინდუსტრიის ჯანსაღი განვითარებისათვის, კონკურენციის გაძლიერებისა და ზოგადად ჩვენს ქვეყანაში სამართლიანი ბიზნეს გარემოს შექმნისათვის“.
„აღნიშნული ქმედებები ცალსახად ზიანს აყენებს ქვეყნის ეკონომიკას“, – განაცხადა კავშირმა.
ხაზი გაუსვა რა საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასების მნიშვნელოვნად ზრდას, ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირმა განმარტა, რომ ეს განპირობებულია ნავთობზე არსებული მოთხოვნა-მიწოდებას შორის არსებული დისბალანსით, ასევე „ოპეკი +“-ის პოლიტიკით ნავთობის მოპოვების კვოტირების საკითხთან დაკავშირებით.
იმპორტიორებმა აღნიშნეს, რომ 2021 წლის 1 სექტემბრიდან საწვავის ფასები ბენზინგასამართ სადგურებზე, საშუალოდ, 10-15 თეთრით გაიზარდა ლიტრზე.
„ამ ფონზე, ერთადერთი თეორიული ბერკეტი, რამაც შეიძლება მოახდინოს საწვავზე ფასების გარკვეული დასტაბილურება, არის ე.წ. „მცურავი“ აქციზის გადასახადის შემოღება, რაც გულისხმობს აქციზის გადასახადის ავტომატურ კორექტირებას ნავთობპროდუქტებზე ფასების დაწევა/აწევის შესაბამისად“, – ნათქვამია კავშირის განცხადებაში.
საწვავზე ფასების ზრდის სხვა ფაქტორები
საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასების გარდა, ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი და სააქციზო გადასახადი ასევე განაპირობებს ფასების ფორმირებას საქართველოში.
საწვავზე სააქციზო გადასახადი 2017 წელს გაიზარდა და 1 ტონა ნავთობზე აქციზი 250 ლარიდან 500 ლარამდე გაიზარდა; 1 ტონა დიზელის საწვავზე – 150 ლარიდან 400 ლარამდე; 1000 კუბურ მეტრ ბუნებრივ გაზზე, რომელიც საწვავად გამოიყენება – 80 ლარიდან 200 ლარამდე; საავტომობილო ზეთებზე – 400 ლარიდან 800 ლარამდე.
რაც შეეხება ეროვნული ვალუტის გაცვლით კურსს, ქართული ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებით წლის განმავლობაში იცვლებოდა, თუმცა ბოლო პერიოდში შედარებით დასტაბილურდა. ბლუმბერგის მონაცემებით, 2020 წლის 10 ნოემბერს, 1 აშშ დოლარის ღირებულება 3.29 ლარი იყო, ხოლო 2021 წლის 21 აპრილისთვის 3.45 ლარამდე დაეცა.
თუმცა, მაისის შუა რიცხვებიდან, ლარმა აშშ დოლარის მიმართ გამყარება დაიწყო და ივნისიდან მოყოლებული სტაბილურ მაჩვენებელზე შენარჩუნდა. ბლუმბერგის მონაცემებით, დღეს 1 აშშ დოლარის ღირებულება 3.16-ია.
This post is also available in: English (ინგლისური)