სასამართლო პროცესებზე სააკაშვილის დასწრებაზე მესამე უარის შემდეგ ომბუდსმენი განგაშს ტეხს
საქართველოს სახალხო დამცველის ოფისმა 16 ნოემბერს მოუწოდა სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს, რომ უზრუნველყოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მისსავე სასამართლო პროცესებზე დასწრება. ომბუდსმენმა სასამართლოსაც მიმართა, რომ მისცეს ყოფილ პრეზიდენტს საკუთარი უფლებების დაცვის შესაძლებლობა.
„საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შეზღუდვა, მიიღოს მონაწილეობა საკუთარ სასამართლო განხილვებში, უხეშად არღვევს კონსტიტუციითა და ევროპული კონვენციით დაცული სამართლიანი სასამართლოს უფლებას“, – განაცხადა ომბუდსმენმა.
სახალხო დამცველმა განცხადება მას შემდეგ გაავრცელა, რაც პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილს საკუთარ სასამართლო პროცესებზე დასწრების უფლება უკვე მესამედ არ მისცა. გუშინ საქალაქო სასამართლოში სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის საქმის წინასასამართლო სხდომა გაიმართა. მანამდე, პენიტენციურმა სამსახურმა ყოფილი პრეზიდენტი არც საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვისა და 7 ნოემბრის საქმეების განხილვას დაასწრო.
პენიტენციური სამსახური მიზეზად მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და უსაფრთხოების კუთხით არსებულ რისკებს ასახელებს. კერძოდ, უწყებაში ამბობენ, რომ სააკაშვილის სასამართლო დარბაზში გადაყვანისას, მისი მხარდამჭერების მხრიდან ქუჩების ბლოკირებისა და ქაოსის შექმნის საფრთხე არსებობს.
სახალხო დამცველი პენიტენციური სამსახურის განმარტებებს არ იზიარებს და მიიჩნევს, რომ „ამ დროისთვის არ არსებობს სათანადო არგუმენტი, რომლის საფუძველზეც მიხეილ სააკაშვილს უნდა ეზღუდებოდეს სასამართლოს წინაშე პირადად წარდგომის შესაძლებლობა“.
სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მიზეზით მისი სასამართლო დარბაზში გადაყვანაზე უარის საპასუხოდ, ომბუდსმენი განმარტავს, რომ აღნიშნული „ვერ ჩაითვლება დასაბუთებულ არგუმენტად“. მისივე თქმით, „ეს პრაქტიკულად წაართმევს ყველა მოშიმშილე პატიმარს შესაძლებლობას, მონაწილეობა მიიღოს საკუთარი ბრალდების საქმეში და ისარგებლოს სამართლიანი სასამართლოს უფლებით“.
- სააკაშვილს სასამართლო მოსმენაზე დასწრების უფლება არ მიეცა
- მიხეილ სააკაშვილს სასამართლო პროცესზე დასწრების უფლება კვლავ არ მისცეს
რაც შეეხება უსაფრთოხების მიზეზს, სახალხო დამცველი ხაზს უსვამს, რომ საპროცესო კანონმდებლობა ამგვარ რისკებს არ ითვალისწინებს. ომბუდსმენი ასევე აღნიშნავს, რომ სუს-ში შესაძლო სახელმწიფო გადატრიალებაზე დაწყებული გამოძიების ხანდაზმულობა 10 წელია, ამდენად პენიტენციური სამსახურის მხრიდან მასზე მითითება, შესაძლოა, „კანონშეუსაბამოდ, თვითნებურად და პერმანენტულად გაგრძელდეს“, რაც „ბრალდებულის დაცვის უფლების ფაქტობრივი ანულირება იქნებოდა“.
არსებული ცნობებით, 10 და 14 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილს სასამართლო სხდომებზე არც ვიდეო ჩართვის სახით მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა მისცეს, გუშინ კი – ამაზე უარი მან თავადვე თქვა.
გენერალური პროკურატურის ცნობით, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში 29 ოქტომბრის ღამეს, უკრაინიდან, ჩერნომორსკის პორტიდან ფოთის ნავსადგურში შემოსული გემით უკანონოდ შემოვიდა. სააკაშვილისთვის საზღვრის კვეთასა და საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილებაში დახმარების, ასევე მისი საცხოვრებელი ადგილით უზრუნველყოფის ბრალდებით გამოძიებამ 4 პირი დააკავა.
გუშინდელი პროცესის დასრულების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთმა ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ მოსამართლის ქმედება იმის „პირდაპირი ლუსტრაცია“ იყო, რომ პროცესზე მიხეილ სააკაშვილის მიყვანა „იმთავითვე ფორმალურადაც კი არ იგეგმებოდა“. მისივე თქმით, მიუხედავად მხარეთა პოზიციების წინასწარ ცოდნისა, საქმის მოსამართლემ პენიტენციურ სამსახურს წერილი მისწერა, რომ ბრალდებული ან სასამართლოში მიეყვანათ ან დისტანციურად ჩაერთოთ. ბასილაიას თქმით, მონიტორი, რომელზეც დისტანციურად ჩართვის შემთხვევაში სააკაშვილი გამოჩნდებოდა, მოსამართლისკენ არის მიბრუნებული, რის გამოც დამსწრეთათვის მისი დანახვა შეუძლებელი იქნებოდა. ამასთან, მისივე მტკიცებით, გაკონტროლდებოდა ისიც, თუ როდის უნდა დაეხშოთ სააკაშვილის ხმა და როდის არა. „მოსამართლის მარიონეტად უნდათ, რომ იქცეს [მიხეილ სააკაშვილი] პროცესის მომდინარეობის დროს“, – განაცხადა მან.
მიხეილ სააკაშვილის სამართალდამცველებმა 1 ოქტომბერს დააკავეს. მას მერე იგი უკვე 48-ე დღეა შიმშილობს.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)