ბიბილოვი იმედოვნებს, რომ ბელარუსი ცხინვალს აღიარებს
რუსული საინფორმაციო სააგენტო „ტასის“ 15 ნოემბრის ცნობით, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ლიდერმა ანატოლი ბიბილოვმა მოსკოვში ჟურნალისტებთან საუბრისას იმედი გამოთქვა, რომ ბელარუსი და სხვა სახელმწიფოები ოკუპირებული რეგიონის დამოუკიდებლობას აღიარებენ.
„აღიარებას ველოდებით არა მხოლოდ ბელარუსის, არამედ სხვა სახელმწიფოების მხრიდანაც. მჯერა, რომ ისტორია, რომელიც გვაერთიანებს და აერთიანებდა საბჭოთა კავშირს და ჩვენს ხალხებს შორის ძმური ურთიერთობები არის [სამხრეთ ოსეთის] რესპუბლიკის აღიარების საფუძველი”, — განაცხადა მან.
„ვფიქრობ, კიდევ მეტი აღიარება იქნება … სამხრეთ ოსეთს სურს, მშვიდობიანად იცხოვროს, როგორც პოსტსაბჭოთა სივრცის, ისე [დანარჩენი] მსოფლიოს ყველა სახელმწიფოსთან,” — თქვა ბიბილოვმა.
მოსკოვმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა 2008 წლის 26 აგვისტოს ცნო, რუსეთ-საქართველოს ომის დასრულებიდან ორი კვირის შემდეგ. კრემლის გარდა, ორი რეგიონის დამოუკიდებლობას სირია, ვენესუელა, ნაურუ და ნიკარაგუა აღიარებს. თბილისი და საერთაშორისო თანამეგობრობა ორ რეგიონს საქართველოს ნაწილად მიიჩნევს.
მინსკი 2009 წელს განიხილავდა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების აღიარებას, მაგრამ საბოლოოდ მოსკოვის თხოვნაზე უარი თქვა. ლუკაშენკომ მაშინ ამის მიზეზად მოსკოვის უარი დაასახელა, გაეზიარებინა ის უარყოფითი შედეგები, მათ შორის, სანქციებისა, რომელთაც დასავლეთი ბელორუსს ოკუპირებული რეგიონების აღიარების შემთხვევაში დააკისრებდა.
ასევე წაიკითხეთ:
- ცხინვალის „დაზვერვის“ წარმომადგენელი თალიბანის ლიდერს შეხვდა
- ბელარუსის უშიშროების კომიტეტთან საქართველოს შეთანხმება ძალაში შევიდა
- პრემიერი ბელარუსის უშიშროების კომიტეტთან შეთანხმებაზე საუბრობს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)