ირაკლი კობახიძის თქმით, ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა „კრიმინალური პოლიტიკური ძალის ლობისტია“
ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა გააკრიტიკა მას შემდეგ, რაც მან პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე, რომელიც ახლა ე.წ. ციხის საავადმყოფოშია, პასუხისმგებლობა ხელისუფლებას დააკისრა.
ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ 12-13 ნოემბერს ციხის საავადმყოფოში მიხეილ სააკაშვილის მონახულება სცადა, თუმცა იუსტიციის სამინისტრომ მას დაწესებულებაში შესვლის ნებართვა არ მისცა. მოგვიანებით, იუსტიციის სამინისტრომ ანა ფოტიგას წერილი გამოაქვეყნა, სადაც იგი აღნიშნავდა, რომ წარსულში მას საქართველოში „პოლიტიკური პატიმრების“ მონახულების შესაძლებლობა ჰქონდა.
„როცა კონკრეტული, ერთი ევროპარლამენტარი წერს წერილს იუსტიციის მინისტრს და იქ ამბობს, რომ სააკაშვილი არის პოლიტპატიმარი, თუ ადამიანი არ სცემს პატივს სახელწმიფოს, ბუნებრივია სახელმწიფოსგანაც იქნება შესაბამისი პასუხი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
გაიმეორა რა მისი ადრინდელი ნათქვამი, რომ ქვეყნის ხელისუფლება ვერ ითანამშრომლებს „კრიმინალების სასარგებლოდ პოლიტიკურად მიკერძოებულ“ ადამიანებთან, ირაკლი კობახიძემ დასძინა, რომ ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა იმ ადამიანების რიგებშია, რომლებიც „არიან დიდი ხნის ლობისტები კრიმინალური პოლიტიკური ძალის [ენმ-ის]“.
მისივე მტკიცებით, ეს ადამიანები „იზიარებენ პასუხისმგებლობას იმ დანაშაულზე, რომელიც ჩადენილი იყო 2012 წლამდე“. „თან საუბარია რა დანაშაულზე – ესაა წამება, არაადამიანური მოპყრობა, ტერიტორიების ჩაბარება და ა.შ. … მაშინაც ისინი ლობისტები იყვნენ“, – ხაზი გაუსვა ირაკლი კობახიძემ.
„რა თქმა უნდა, თუ ისინი განაგრძობენ ასეთ საქმიანობას, ლობისტობას, ჩვენ მოგვიწევს მათ ვუწოდოთ კრიმინალების მფარველები“, – თქვა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ და დასძინა, რომ „ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ სააკაშვილის მეგობრები და ქვეყნის მეგობრები“.
მმართველი გუნდი კარგა ხანია კრიტიკას არც სხვა დასავლელი პარტნიორების მიმართ იშურებს. 20 ოქტომბერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ „არც [ანა] ფოტიგა, არც [ანდრიუს] კუბილიუსი და არც არავინ, ჩემთვის და ჩვენი ქვეყნისთვის არაფერს არ წარმოადგენენ“.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც სამართალდამცველებმა 1 ოქტომბერს, თვითმმართველობის არჩევნებამდე ერთი დღით ადრე დააკავეს, უკვე 48- დღეა შიმშილობს. 8 ნოემბერს იგი გლდანის ციხის სამედიცინო დაწესებულებაში მისი ნების საწინააღმდეგოდ გადაიყვანეს. სააკაშვილის პირადი ექიმი, ოჯახი და ოპოზიცია მის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვს.
ასევე წაიკითხეთ:
- სააკაშვილი შიმშილობას შეწყვეტს, თუ სამოქალაქო კლინიკაში უმკურნალებენ
- ქართული ოცნების დეპუტატები უკრაინის სახალხო დამცველს აკრიტიკებენ
- პრემიერი სააკაშვილზე განცხადების გამო ევროპარლამენტარებს აკრიტიკებს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)