ომბუდსმენმა და ექსპერტთა ჯგუფმა მიხეილ სააკაშვილი მოინახულეს
საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ და მის მიერვე შექმნილმა ექსპერტთა მულტიპროფილურმა ჯგუფმა 16 ნოემბერს ე.წ. ციხის სამედიცინო დაწესებულებაში მყოფი მოშიმშილე ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მოინახულეს.
დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ, ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ჯგუფს პაციენტ მიხეილ სააკაშვილის გასინჯვის, ასევე ციხის სამედიცინო დაწესებულების ინფრასტრუქტურის დათვალიერებისა და ადგილზე მომუშავე სამედიცინო პერსონალთან გასაუბრების შესაძლებლობა მისცეს. ექსპერტთა ჯგუფი წერილობით დასკვნას დღეს წარმოადგენს.
ექსპერტთა ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა, კლინიკა „ღია გულის“ ანესთეზიისა და ინტენსიური თერაპიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი გრიგოლიამ განაცხადა – „[მიხეილ სააკაშვილის] მდგომარეობა საკმაოდ მძიმეაო, ვერ ვიტყვი, მაგრამ ძალიან ახლოს არის იმისკენ, რომ რამდენიმე დღეში დამძიმდება“. მანვე ხაზი გაუსვა, რომ სააკაშვილის ანალიზებში „არის უკვე ისეთი ცვლილებები, რომლებიც საჭიროებს ინტენსიურ თერაპიას და ინტენსიურ მკურნალობას“.
გრიგოლიამ ხაზი გაუსვა, რომ ციხის სამედიცინო დაწესებულებაში ყოფილი პრეზიდენტის მდგომარეობაში მყოფი პაციენტის მკურნალობა მიზანშეწონილი არ არის. მისივე თქმით, ადგილზე არსებული ინფრასტრუქტურა ორი კვირის წინ შეიქმნა და ინტენსიური თერაპიის პალატა „საკმაოდ კარგად“ არის აღჭურვილი. ამასთან, მომსახურე სამედიცინო პერსონალი ციხის სამედიცინო დაწესებულებაში რესპუბლიკური საავადმყოფოდან გადმოიყვანეს. აგრეთვე, ადგილზე ყოველდღიურად იმყოფებიან მორიგე ანესთეზიოლოგი და ექთანი.
თუმცა, გიორგი გრიგოლიამ აღნიშნა, რომ ამ დაწესებულებას წარსულში პაციენტისთვის ინტენსიური თერაპიის გაწევის გამოცდილება არ აქვს.
მისივე თქმით, არ შეიძლება, რომ მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა ასე უცბად შეწყვიტოს, რადგანაც ხანგრძლივი შიმშილობის შემდეგ, ჩნდება მეტაბოლური ცვლილებები, რომელსაც სწორი კვება და შესაბამისი კონტროლი სჭირდება. „აქ მარტო ინტენსიური თერაპიის სპეციალისტები არ არის საჭირო, აქ არის მულტიპროფილური სპეციალისტები საჭირო, რის შესაძლებლობაც, ალბათ, [ამ დაწესებულებაში] არ არის“, – განცხადა მანვე.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სამართალდამცველებმა 1 ოქტომბერს დააკავეს და მას შემდეგ იგი უკვე 48-ე დღეა შიმშილობს. ხელისუფლებამ იგი 8 ნოემბერს მისი ნების საწინააღმდეგოდ ციხის #18 სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.
მიხეილ სააკაშვილი, მისი ოჯახი, ექიმი, ადვოკატები და მხარდამჭერები ყოფილი პრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ. ექსპრეზიდენტის მხარდამჭერების მხრიდან შესაძლო ქაოსის შექმნის მიზეზით ხელისუფლება ამ მოთხოვნის შესრულებაზე უარს ამბობს.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა პირობას დებს, რომ ყოფილი პრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის შემთხვევაში კლინიკის სიახლოვეს საპროტესტო აქციებს არ გამართავენ. თავის მხრივ, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ შიმშილობას შეწყვეტს, თუკი მას სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ.
სახალხო დამცველმა მულტიფუნქრიურ ექსპერტთა ჯგუფი 16 ნოემბერს შექმნა, რამდენადაც სააკაშვილის რუსთავის ციხიდან გლდანის ციხის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის შემდეგ, სახელმწიფოს მიერ შექმნილ კონსილიუმს პაციენტის მონახულების შესაძლებლობა არ მიეცა.
სახალხო დამცველისა და მის მიერ შექმნილი ჯგუფის მიმართ უნდობლობა გამოხატა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ. კობახიძის მტკიცებით, ამ ჯგუფის „თითქმის ყველა წევრი“ არის პოლიტიკურად „უკიდურესად მიკერძოებული“. „ეს არის კიდევ ერთი ძალიან სამწუხარო ნაბიჯი, რომელსაც ნინო ლომჯარია დგამს“, – ხაზი გაუსვა მან.
ასევე წაიკითხეთ:
- სააკაშვილი შიმშილობას შეწყვეტს, თუ სამოქალაქო კლინიკაში უმკურნალებენ
- ენმ-ის თქმით, არ გამართავენ აქციებს იმ საავადმყოფოსთან, სადაც სააკაშვილს გადაიყვანენ
- პენიტენციური ციხის საავადმყოფოში სააკაშვილის იძულებით შესახლების კიდევ ერთ ჩანაწერს ავრცელებს
- სააკაშვილის მკურნალობის ადგილის საკითხი კვლავაც დაპირისპირების საგანია
- პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართ დაბატებითი ბრალის დადგენილება გამოიტანა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)