ექიმები: მიხეილ სააკაშვილს დაუყოვნებლივ ესაჭიროება მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანა
საქართველოს სახალხო დამცველის მიერ პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მომსახურების მონიტორინგის მიზნით შექმნილი ექსპერტთა მულტიპროფილური ჯგუფის დასკვნით, ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის „კრიტიკულობიდან“ გამომდინარე, მისი მკურნალობის გაგრძელება „დაუყოვნებლივ რეკომენდებულია“ დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილური კლინიკის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, „რის პირობებსაც [გლდანის ციხის] მე-18 დაწესებულების კლინიკა არ აკმაყოფილებს“.
ექიმების თქმით, მათ მიერ ნანახი ყველა ფაქტობრივი მონაცემი იმაზე მიუთითებს, რომ ციხის საავადმყოფო „ამჟამად არის ფორმირების ეტაპზე“, შესაბამისად სამედიცინო აპარატურის ნაწილი ფუნქციურია, ნაწილი კი – ტესტირების რეჟიმში. დასკვნის თანახმად, სამედიცინო პერსონალის კუთხით ამჟამად ადგილზეა შინაგანი მედიცინის ექიმი და რეანიმაციული ბრიგადა, რომელიც 24-საათის განმავლობაში არის ხელმისაწვდომი, ხოლო პაციენტისათვის პოტენციურად საჭირო სპეციალისტების ნაწილი მუდმივად ადგილზე არ იმყოფება. ამასთან, მდგომარეობის შესაძლო დამძიმების შემთხვევაში ეს საკითხი პრობლემას წარმოქმნის, ვინაიდან ადგილზე არსებული ჯგუფის მიერ პაციენტის მართვა არ იქნება საკმარისი.
დასკვნის თანახმად, 1) ექსპერტთან ჯგუფის მიერ აღმოჩენილი ვერნიკეს ენცეფალოპათია არ იყო დიაგნოსტირებული ნევროლოგის რეგულარული კონსულტაციის არარსებობის გამო; 2) შესაძლო გასტრო-ინტესტინალური სისხლდენის ალბათობის გამოკვლევის აუცილებლობა, საჭიროების მიუხედავად, დღის წესრიგში არ დამდგარა; 3) ჰიპოკალემიის ფონზე პაციენტის უწყვეტი კარდიო ტელემეტრიის აუცილებლობა არ განხილულა – კარდიოლოგის მიერ პაციენტის შეუფასებლობის გამო.
ექსპერტთა ჯგუფმა უახლოეს მომავალში მიხელ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მოსალოდნელი გართულებების ნუსხაც წარმოადგინა. ესენია: 1) ვერნიკეს ენცეფალოპათიის დამძიმება – კომით, ეპილეფსიური სტატუსით; 2) ჰიპოკალემიით გამოწვეული ლეტალური არითმია, რაბდომიოლიზი, თირკმლის უკმარისობა; 3) გასტრო ინტესტინალური სისხლდენა; 4) ჰემოლიზი – თალასემია + ჰიპოფოსფატემია; 5) პულმონური ემბოლიზმი (იმობილიზაციის და დეჰიდრატაციის გამო); 6) გულის უკმარისობა; 7) შიმშილობის შეწყვეტის შემთხვევაში, კვების აღდგენის (რეფიდინგის) სინდრომი. ამასთან, ექიმების თქმით, სააკაშვილს 8 ნოემბრიდან ჰიპოკალემია აწუხებს.
სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ მისმა ოფისმა უკვე მიმართა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, რომ მიხეილ სააკაშვილის საქმის დროებითი ღონისძიების განხილვაში მესამე მხარედ ჩართოს. მისივე თქმით, ეს საშუალებას მისცემს ომბუდსმენის აპარატს, რომ სასამართლოს ექსპერტთა დასკვნა წარუდგინოს. თუმცა, მანვე ხაზი გაუსვა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, ჯგუფის დასკვნას სტრასბურგის საბოლოო დასკვნაზე გავლენა მაინც ექნება.
ექსპერტთა მულტიპროფილური ჯგუფი სახალხო დამცველმა 16 ნოემბერს შექმნა, მათ გლდანის სამედიცინო დაწესებულებაში ყოფილი პრეზიდენტი იმავე დღეს მოინახულეს.
მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის სამედიცინო დაწესებულებაში მისი ნების საწინააღმდეგოდ 8 ნოემბერს გადაიყვანეს. სააკაშვილის ოჯახი, პირადი ექიმი, ოპოზიცია, ასევე საელმწიფოს მიერ შექმნილი კონსილიუმი ყოფილი პრეზიდენტის მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანის აუცილებლობაზე საუბრობდა. რუსთავის ციხიდან გადაყვანის შემდეგ, კონსილიუმს მიხეილ სააკაშვილის მონახულების შესაძლებლობა აღარ მისცეს.
ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სამართალდამცველებმა 1 ოქტომბერს დააკავეს. მას შემდეგ იგი უკვე 49-ე დღეა შიმშილობს.
17 ნოემბერს, ომბუდსმენის მიერ შექმნილი ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის გამოქვეყნებამდე, გლდანის ციხის სამედიცინო დაწესებულების ექიმმა, სანდრო მათეშვილმა სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილური და ძირითადი სასიცოცხლო მონაცემები – პულსი, წნევა, სატურაცია, სისხლში კლუკოზის დონე ნორმის ფარგლებშია. მისივე ინფორმაციით, ნორმას მიუახლოვდა კალიუმის დონეც. „[მიხეილ სააკაშვილი] სამედიცინო დაწესებულების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ არის“, დასძინა სანდრო მათეშვილმა.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)