ირაკლი კობახიძე ექიმთა ჯგუფის დასკვნას „ფეიკს“ უწოდებს
ქართული ოცნების თამჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით ომბუდსმენის მიერ შექმნილ ექიმთა ჯგუფის დასკვნას „ფეიკი“ უწოდა და შესაძლო შედეგებზე „პირდაპირი პასუხისმგებლობა“ მათ დააკისრა.
ექსპერტთა მულტიფუნქციური ჯგუფის 17 ნოემბრის დასკვნით, ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს „დაუყოფნებლივ“ ესაჭიროება მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანა. სააკაშვილის მხარდამჭერების მხრიდან შესაძლო ქაოსის შექმნის მიზეზით საქართველოს ხელისუფლება მის კერძო კლინიკაში გადაყვანას ეწინააღმდეგება.
„წარმოიდგინეთ, რომ ამ „ფეიკს“ მოჰყვა გაგრძელება და გაგრძელება არის [მიხეილ სააკაშვილის] გადაყვანა სამოქალაქო კლინიკაში. წარმოვიდგინოთ, ასეთი რომ ამას მოჰყვა ის სცენარი, რომლისაც ჩვენ გვეშინია. ამ შემთხვევაში, ეს მორიგი „ფეიკი“ ხდება ისეთი რამ, რასაც შეიძლება პირდაპირი პასუხისმგებლობაც მოჰყვეს, მათ შორის, ომბუდსმენის და ექიმების“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
მანვე აღნიშნა, რომ ჯგუფის წევრები „პოლიტიკურად უკიდურესად მიკერძოებულნი“ არიან, შესაბამისად „წინასწარ ადვილად პროგნოზირებადი იყო ეს ე.წ. დასკვნა, რომელიც მათ მოამზადეს“.
აღნიშნა რა, რომ მიხეილ სააკაშვილი შიმშილობას კერძო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით აგრძელებს, ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა, რომ ექიმებს დასკვნა არა შიმშილობის პერიოდში საჭირო მკურნალობაზე, არამედ ე.წ. „რეფიდინგზე“ – შიმშილობის შემდგომ მკურნალობაზე უნდა მოემზადებინათ.
მისივე მტკიცებით, ექიმთა ჯგუფს ასევე უნდა შეეფასებინა, პასუხობს თუ არა გლდანის სამკურნალო დაწესებულება შიმშილობის შემდგომი მკურნალობისთვის საჭირო მოთხოვნებს.
სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მომსახურების მონიტორინგის მიზნით, ექიმთა მულტიპროფილური ჯგუფი 16 ნოემბერს შექმნა. ომბუდსმენმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც იუსტიციის სამინისტროს მიერ შექმნილ კონსილიუმს რუსთავის ციხიდან გლდანის დაწესებულებაში მისი ნების საწინააღმდეგოდ გადაყვანის შემდეგ, ყოფილი პრეზიდენტის მონახულების შესაძლებლობა არ მიეცათ.
მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ კერძო კლინიკაში გადაყვანის შემთხვევაში, შიმშილობას შეწყვეტს.
ასევე წაიკითხეთ:
- პენიტენციური ციხის საავადმყოფოში სააკაშვილის იძულებით შესახლების კიდევ ერთ ჩანაწერს ავრცელებს
- პენიტენციური ციხის საავადმყოფოში სააკაშვილის იძულებით შესახლების კადრებს აქვეყნებს
- ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დროებითი ღონისძიება სააკაშვილის საქმეზე
- პრემიერი: მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)